ეს არის ფიზიკური მეთოდი ბიოლოგიური ნარჩენების, საგნების ან რაიმე ბიოლოგიური მასალის წარმოშობის დადგენისა, მასში რადიოაქტიური ნახშირბადის (14C) რაოდენობის დადგენით.
ასაკის დასადგენად, საკვლევი ნიმუშიდან ხდება ნახშირბადის გამოყოფა (დაწვის გზით), ამ ნახშირბადის რადიოაქტიურობის გაზომვით კი ასაკის დადგენა. 2010 წლისთვის, ზღვრული წლოვანება, რომელიც ამ მეთოდით შესაძლებელია დადგინდეს, არის 60 000 წელი, ანუ ნახშირბადი-14C-ს ნახევრად დაშლის 10 პერიოდი. ამ დროში ნახშირბადი-14C-ს რაოდენობა ნიმუშში 1000-ჯერ მცირდება (ანუ 1 დაშლა საათში გრამ ნახშირბადზე).
ნახშირბადის იზოტოპი ჩვეულებრივი ნახშირბადისგან, ატომში ნეიტრონების რაოდენობით განსხვავდება (მეტი ან ნაკლები). იმისათვის, რომ ატომი იყოს სტაბილური, მასში პროტონებისა და ნეიტრონების გარკვეული რაოდენობა უნდა იყოს. თუ ეს პროპორცია დაირღვა, ატომი დაშლას იწყებს. სხვადასხვა ნივთიერების იზოტოპები განსხვავებული სიჩქარით იშლება, წამზე მცირე დროიდან, მილიონ წლებამდე. ანუ, თუ ცნობილია ნივთიერების ბუნებრივი რადიოაქტიური დაშლის პერიოდი და ის, თუ რა რაოდენობით ხვდება ეს ნივთიერება ცოცხალი ორგანიზმის სხეულში, სანამ ის ცოცხალი იყო, მაშინ შესაძლებელი იქნება მისი ასაკის დადგენა გარდაცვალების შემდეგ, რადგან მკვდარ ორგანიზმში ნახშირბადის იზოტოპი აღარ ხვდება. მკვდარი ორგანიზმი აღარც სუნთქავს და აღარც იკვებება, ანუ სხეულში ნახშირბადის მოხვედრა წყდება. პირიქით, რადიოაქტიური დაშლის გამო ამ იზოტოპის რაოდენობა მცირდება. თუ ნახშირბადი ბევრია, მაშინ ნიმუში მცირე ასაკისაა და პირიქით.
ასეთი მეთოდის გამოყენება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა იზოტოპების თანაფარდობა ნიმუშში, მისი არსებობის მანძილზე არ დარღვეულა, არ მომხდარა ნიმუშის დანაგვიანება უფრო ადრეული ან გვიანი ნახშირბადით, ან არ მომხდარა ძლიერი რადიოაქტიური დასხივება. ასეთ შემთხვევაში ცთომილება ძალიან დიდი იქნება. ათწლეულების მანძილზე მეცნიერებმა დიდი გამოცდილება მიიღეს დანაგვიანების წყაროს აღმოჩენისა და ნიმუშების გაწმენდის საქმეში. დღეისათვის, ამ მეთოდით დათარიღების ცთომილება 70–300 წელს არ აღემატება.
მსგავსია არაორგანული მასალების დათარიღებაც, ამ შემთხვევაში, უფრო დიდი ნახევრად დაშლის პერიოდის მქონე ნივთიერებათა ანალიზი ხდება. მაგალითად, ურანის რადიოაქტიური დაშლა ტყვიად და სხვა.
ამ მეთოდებს ძირითადათ, არ მიიჩნევენ სანდოდ კრეაციონისტები და სხვა მეცნიერების მიერ არაღიარებული თეორეტიკოსები, აგრეთვე ისინი, ვინც ვერ ერკვევა მეთოდის არსში (მეცნიერება და კრეაციონიზმი: მარადიული ბრძოლა; „მორწმუნე პარაზიტები“ ;”მორწმუნე” შიმპანზეები?).