3I/ATLAS – რეკორდული სიჩქარით მოძრავი ვარსკვლავთშორისი სტუმარი

 ასტრონომებმა, ვარსკვლავთშორისი კომეტის, 3I/ATLAS-ის ახალი ფოტოები გამოაქვეყნეს, რომლებზეც მისი კუდის ფორმირება შეგვიძლია ვნახოთ. სურათები გადაღებულია ჩილეს ანდებში მდებარე ტელესკოპით – “ჯემინი სოუთი” (Gemini South).

 დაახლოებით 11 კილომეტრი დიამეტრის მქონე კომეტა, 2025 წლის ივლისის დასაწყისში შენიშნეს. მეცნიერებმა სწრაფადვე დაადგინეს, რომ ის მზის სისტემიდან არ იყო და ჩვენს გალაქტიკაში მდებარე რომელიღაც ვარსკვლავის სისტემიდან უნდა ყოფილიყო გამოტყორცნილი. კომეტის სიჩქარე მზესთან მიმართებაში 58 კილომეტრია წამში, რამაც მაშინვე მიიპყრო ყურადღება. შედარებისთვის, პირველი ცნობილი ვარსკვლავთშორისი სტუმარი ოუმუამუა 26 კილომეტრი  წამში სიჩქარით მოძრაობდა, ხოლო ბორისოვის კომეტა – 32 კილომეტრი წამში.

 ასტროფიზიკოსებმა ამ კომეტის ტრაექტორიის დაახლოებითი რეკონსტრუქცია სცადეს და საინტერესო დასკვნამდე მივიდნენ, რომელიც arXiv.org-ზეც არის ხელმისაწვდომი. თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობების წყალობით, მეცნიერებმა შეძლეს ობიექტის ტრაექტორიის თვალყურის დევნება ბოლო 100 მილიონი წლის განმავლობაში. შემდეგ მათ იგივე გზით „დრო უკან დააბრუნეს“ ჩვენს გალაქტიკაში არსებული 30 მილიონი ვარსკვლავისთვის, რომლებიც Gaia-ს კატალოგშია რეგისტრირებული.

 აღმოჩნდა, რომ კომეტა, 25 მათგანს  მიუახლოვდა. ყველაზე ახლოს იყო 1,64 მილიონი წლის წინ, წითელი ჯუჯების წყვილთან – G 137-54 და G 137-55. კომეტა მათ ერთი სინათლის წლის მანძილზე მიუახლოვდა და 28 კილომეტრი წამში სიჩქარით ჩაუქროლა. ზოგიერთ სხვა ვარსკვლავთან მიმართებით, ის 100 კილომეტრი წამზე მეტი სიჩქარით მოძრაობდა.

 აქედან გამომდინარე, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ განხილული სისტემებიდან არცერთი არ შეიძლებოდა ყოფილიყო 3I/ATLAS-ის „სამშობლო“: გამოთვლების თანახმად, მათში არსებული ვარსკვლავებისა და პლანეტების ვერანაირ გრავიტაციულ ზემოქმედებას შეეძლო ციური სხეულის ვარსკვლავთშორის სივრცეში ასეთი სიჩქარით გადაგდება. ვერც მის გზაზე მდებარე სხვა ობიექტებთან ახლოს გავლით შეძლებდა ასეთი სიჩქარის შეძენას. გამოდის, რომ ობიექტ 3I/ATLAS-ს მანამდევე ეს სიჩქარე ჰქონდა. ჯერ კიდევ გასარკვევია, ზუსტად როგორ მოახერხა მან ამის გაკეთება.

 ახალ სურათებზე კარგად ჩანს კუდი – ყინულისა და მტვრის ამონაფრქვევი, რომელიც მზის “ქარის” ზემოქმედებით წარმოიქმნება. ასევე შესამჩნევია კომა – კომეტის ბირთვის გარშემო არსებული ღრუბელი. მზესთან მიახლოებასთან ერთად, კუდი გაიზრდება და კომა გაფართოვდება, რაც ობიექტს უფრო კაშკაშას გახდის, ოღონდ არა შეუიარაღებელი თვალისთვის.

 3I/ATLAS პერიჰელიონს, მზესთან უახლოს წერტილს, 29 ოქტომბერს მიაღწევს, მაგრამ ამ დროს ის ვარსკვლავის მეორე მხარეს აღმოჩნდება და მისი დაკვირვება შეუძლებელი იქნება. დეკემბერში, 3I/ATLAS პერიგეას, დედამიწასთან უახლოს წერტილს გაივლის, დაახლოებით 275 მილიონი კილომეტრის მანძილზე, რის შემდეგაც მზის სისტემის დატოვების გზას დაადგება.

 ასტრონომები იმედოვნებენ, რომ მომდევნო თვეებში ამ ობიექტის შესახებ რაც შეიძლება მეტ მონაცემს შეაგროვებენ. წინასწარი დაკვირვებები აჩვენებს, რომ 3I/ATLAS შეიცავს მეტ წყალს და ნახშირორჟანგს, ვიდრე კომეტების უმეტესობა (მზის სისტემის სამი ვარსკვლავთშორისი სტუმარი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.