რა ვიცით იუპიტერის შესახებ? ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ობიექტი ღამის ცაზე და ყველაზე დიდი პლანეტა მზის სისტემაში, ჰყავს მრავალი თანამგზავრი (2023 წლის მაისის მდგომარეობით: 95), უჩვეულო ზედაპირი და მკრთალი რგოლებიც კი. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის (იუპიტერის მზვერავები)!
ტიპი: გაზის გიგანტი, რადიუსი: 69 911 კმ; მასა: 1,9×10^27 კგ; აფელიონი (მინიმალურ მანძილზე მზემდე): 817 მილიონი კმ, პერიჰელიონი: 741 მილიონი კმ; საშუალო მანძილი დედამიწამდე: 778 მილიონი კმ; ზედაპირის ტემპერატურა: -145℃; მზიური დღე-ღამე: 9 სთ. 55 წთ. 30 წმ; წელი: 11,8618 დედამიწის წელიწადი; ასაკი: 4,603 მილიარდი წელი; სახელწოდება: ძველი რომაული ცისა და ჭექა-ქუხილის ღმერთი.
იუპიტერი, მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტაა. მისი მასა ერთად აღებული ყველა დანარჩენი პლანეტების მასაზე მეტია. ღერძის გარშემო სწრაფი ბრუნვის გამო (9სთ 50წთ), მისი ეკვატორის ყოველი წერტილი 45 000 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს, რაც პლანეტის პოლუსებისკენ მცირე შებრტყელებას იწვევს, რადგან იგი არა მყარი სხეული, არამედ გაზის გიგანტური ბუშტია (გაზის გიგანტი).
იუპიტერის ზომის უკეთ გასაგებად, წარმოიდგინეთ, რომ დაახლოებით 1300 დედამიწის სფერო შეიძლება მოთავსდეს ამ უზარმაზარ პლანეტაში. კალათბურთის ბურთის ზომამდე რომ დაგვეპატარავებინა, მაშინ დედამიწა ყურძნის ერთი მარცვლის ზომის იქნებოდა.
რა დროა საჭირო იუპიტერამდე მისასვლელად? მაგალითად, “ვოიაჯერ 1”-ს, 546 დღე დასჭირდა, “ვოიაჯერ 2-ს კი 688 დღე. თუმცა, თუ მის ორბიტაზე გასვლა გვინდა, მაშინ გაცილებით მეტი დრო დაგვჭირდება, რადგან დამუხრუჭებაც იქნება საჭირო. მაგალითად, NASA-ს ხომალდს – “გალილეო”, გაზის გიგანტამდე მისასვლელად 2 242 დღე დასჭირდა.
დაკვირვებისთვის ძალიან კარგი ობიექტია, ერთგვაროვანი თეთრი სინათლით კაშკაშებს (ალბედო 0,52). მცირე ტელესკოპით ან ბინოკლით შესაძლებელია მისი ოთხი დიდი თანამგზავრის დანახვაც.
აქვს ძალიან ძლიერი მაგნიტური ველი, რომელიც მეზობელ სატურნამდეც კი ვრცელდება. ასეთი ძლიერი მაგნ. ველის წყაროა ე.წ. მეტალური წყალბადი. ის იმდენადაა შეკუმშული, რომ ლითონის თვისებებს იძენს. მოლეკულური წყალბადის ფენის სისქე 24 000 კილომეტრამდეა, წნევა 300 გიგაპასკალი. მეტალური წყალბადის სისქე კი 42 000 კმ. ამის მერე მოდის რკინა-სილიკატური მკვრივი ბირთვი 4000 კმ. რადიუსით. ბირთვთან ტემპერატურა 30 000 კელვინს აღწევს, ასხივებს ორჯერ მეტ სითბოს კოსმოსში, ვიდრე მზისგან იღებს, ბირთვი, პლანეტის მთელი მასის 3-4%-ია. დანარჩენი 74% კი წყალბადი და 26% ჰელიუმია. არის ძალიან ცოტა მეთანიც – 0,1%. მეტალური წყალბადი, პლანეტასთან ერთად ტრიალებს და როგორც დენის გენერატორი, მაგნიტურ ველს წარმოქმნის. ველის დაძაბულობა ზედაპირთან დედამიწისაზე 20 ჯერ მეტია.
წითელი ლაქა, რომელიც მინიმუმ 300 წელია არსებობს (ტელესკოპები ამდენი ხანია გამოიგონეს, ამიტომ ის შეიძლება ადრეც იყო), ზოგჯერ ფერს და ზომას იცვლის, გადაადგილდება ატმოსფეროში. ეს ჩვეულებრივი შტორმია, თუმცა გიგანტური, მასში რამდენიმე დედამიწა ჩაეტევა. ატმოსფეროში ხდება ელექტრული განმუხტვებიც (ელვა), სიმძლავრე და სიგრძე დედამიწის ელვაზე 1000 ჯერ მეტია.
ევროპა, კოსმოსურმა აპარატმა ”გალილეომ” გადაიღო, როცა ის იუპიტერის ორბიტაზე მოძრაობდა 1995-2003 წლებში. სურათზე მოჩანს ყინულის ვაკეები, ჰორიზონტს იქეთ მიმავალი ბზარები და ლაქები, რომლებიც ალბათ ტალახითა და ყინულით არის ამოვსებული. მაღლობები ტერმინატორთან უფრო შეიმჩნევა, ჩანს მათი ჩრდილები.
ზომით ევროპა მთვარეს უტოლდება, თუმცა მისი ზედაპირი გაცილებით სწორია, მასზე ცოტაა მაღლობები და ასტეროიდული წარმოშობის კრატერები. “გალილეოს” გადმოცემული მონაცემები მოწმობს, რომ ყინულის ქვეშ თხევადი ოკეანეა. ნასა და ევროპული კოსმოსური სააგენტო ერთობლივი მისიით გეგმავენ ევროპაზე თანამგზავრის გაშვებას, თუ ყინული სადმე თხელია, მაშინ შესაძლებელი იქნება მასში ზონდის ჩაშვება ცოცხალი ორგანიზმების მოსაძებნად.
კალისტოს ზედაპირი მის ასაკზე მეტყველებს. ასტეროიდული წარმოშობის კრატერების რაოდენობით ის პირველია მთელს მზის სისტემაში, თუმცა, არ არის ვულკანური კვალი და მაღალი მთები. კალისტოს ზედაპირი დიდი გაყინული ველია, დაღარული ბზარებითა და კრატერებით, კრატერებით, რომლებიც მილიონობით წლის მანძილზე პლანეტათშორისი ნივთიერების ცვენით ჩნდებოდა.
განიმედე ზომით მერკურიზე და პლუტონზე დიდია. მისი ზედაპირი ნათელი, ახლად წარმოქმნილი კრატერებითაა დაფარული, რომლებიც ქვემო ბნელ ზედაპირზე არსებულ კიდევ უფრო მეტი რაოდენობის უძველესი კრატერების ზემოდანაა გაჩენილი, არის არხები და მაღლობები. განიმედე, როგორც მთვარე, ყოველთვის ერთი მხრითაა შებრუნებული პლანეტისკე (იუპიტერისკენ). “გალილეოს” საშუალებით გადაღებულ ფოტოზე ფერები ხელოვნურადაა გაძლიერებული, რათა უფრო გამოიკვეთოს ზედაპირის სტრუქტურა. სუსტი იისფერით პოლარულ მხარეებზე, გაყინული ნაწილაკებია შეფერილი.