მრავალჯერადი გამოყენების სატრანსპორტო სისტემის პროტოტიპის, “სტარშიფის” მეოთხე საცდელი ფრენის დროს, რაკეტამატარებელი “სუპერჰევი” და თვითონ კოსმოსური ხომალდი “სტარშიფიც” უვნებელი დაეშვა წყლის ზედაპირზე (spacenews.com).
აღსანიშნავია, რომ სტარტის დროს, 33 “რაპტორიდან” მხოლოდ 1 არ ამოქმედდა, მაგრამ “სუპერჰევის” რბილი დაშვებისთვის აუცილებელი სამი ძრავის მუშაობაში არანაირი შეფერხება არ დაფიქსირებულა.
პირველი საფეხურიდან გამოყოფის მერე, ხომალდმა სუბორბიტული ტრაექტორიით განაგრძო ფრენა, შემდეგ კი კონტროლირებადი შემოსვლა დედამიწის ატმოსფეროში და აფრენიდან 65 წუთის მერე დაეშვა წყლის ზედაპირზე.
„მიუხედავად ბევრი თერმოდამცავი ფილის დაკარგვისა და ფრთის დაზიანებისა, ხომალდმა მაინც შეძლო რბილი დაშვება ინდოეთის ოკეანეში“, დაწერა “სფეისიქსის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა (ილონ მასკი და ეკოლოგია…).
NASA-ს ხელმძღვანელმა, ბილ ნელსონმა, “სტარშიფის” წარმატებული გამოცდა მიულოცა ბიზნესმენს. „ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით კაცობრიობის დაბრუნებას მთვარეზე, პროგრამა “არტემისით””, დაწერა მან (კიდევ “სფეისიქსის” შესახებ; რატომ გადადო ნასამ 2026 წლამდე ადამიანების დაბრუნება მთვარეზე?).