NASA-ს “Curiosity”-მ მარსის ატმოსფეროში მზის სხივების გაბნევა გადაიღო

 მარსზე მზის ჩასვლა განსაკუთრებული სანახაობაა, 2023 წლის 2 თებერვალს კი NASA-ს მარსმავალმა ”Curiosity” მორიგი შთამბეჭდავი პეიზაჟი გადაიღო – ჰორიზონტს მიღმა გაუჩინარებული მზის სხივების შარავანდედი მარსის ღრუბლებში.

 ”Curiosity” ღრუბლებს  2021 წლიდან აკვირდება – ისინი, მარსის თხელ ატმოსფეროში,  განსაკუთრებით მკვეთრად, ჩამავალი მზის სხივებში მოჩანს. ამ ”ღრუბლების კოლექციაში” ყველაზე დიდი მნიშვნელობა ნოქტილუსცენტურ, ანუ ბინდში მანათობელ ღრუბლებს ენიჭება, რომლებიც მარსის ზედაპირიდან 60 კილომეტრის სიმაღლეზე მდებარეობს; ისინი წყლის მოლეკულებისგან წარმოიქმნება, ხოლო მარსზე წყლის ძიება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. რაც შეეხება ახლახანს გადაღებულ სურათს, ეს ღრუბლები გაცილებით უფრო დიდ სიმაღლეზეა, ამიტომ ისინი, დიდი ალბათობით, ნახშირორჟანგისგან, ანუ მშრალი ყინულისგან შედგება.

NASA-ს მარსმავალმა ”Curiosity” მარსის დაისი გადაიღო, სადაც ჩამავალი მზის ღრუბლებში გაბნეული სხივები მოჩანს. მარსმავალმა სურათი 2023 წლის 2 თებერვალს, 3730-ე სოლზე (მარსული დღე-ღამე) გადმოაგზავნა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ე.წ. ”კრეპუსკულარული სხივები” მარსის ატმოსფეროში ასე მკვეთრად დაფიქსირდა. NASA/JPL-Caltech/MSSS.

 ისევე, როგორც დედამიწაზე, ღრუბლებზე დაკვირვება მეცნიერებს ღირებულ ინფორმაციას აწვდის პლანეტის ამინდისა და კლიმატის შესახებ, როგორიცაა: მარსის ატმოსფეროს შედგენილობა, ტემპერატურული პარამეტრები, ჰაერის ნაკადები (მათ შორის – ქარები) და სხვა.

 2021-2023 წლებში მარსმავალი ღრუბლებს შავ-თეთრი სანავიგაციო კამერებით იღებდა, რაც მათ სტრუქტურასა და გადაადგილებაზე დეტალურად დაკვირვების საშუალებას იძლევა. თუმცა, 2023 წელს მეცნიერებმა გადაწყვიტეს, რომ იანვრიდან მარტის ბოლომდე ფერადი გამოსახულებების სერია გადაეღოთ მაღალი გარჩევადობის კამერით ”Mastcam”, რაც ღრუბლის ნაწილაკების დროში ზრდას აფიქსირებს. სწორს ამ კამერითაა გადაღებული მარსზე მზის ჩასვლის შარავანდედის სურათიც.

 ”Mastcam” კამერის გამოყენებით, ”Curiosity”-მ ე.წ. ”ბუმბულა ღრუბლებიც” გადაიღო, რომლებსაც, როგორც წესი, მაღალი ხარისხის სხივთტეხა, ანუ    ც ი ს ა რ ტ ყ ე ლ ა ს    ე ფ ე ქ ტ ი  ახასიათებთ.

ეს ირიდისცენტული (ცისარტყელას ეფექტის მქონე) ბუმბულა ღრუბელი, NASA-ს მარსმავალმა ”Curiosity” 2023 წლის 27 იანვარს გადაიღო, ანუ მისსიის 3724-ს სოლზე (მარსული დღე-ღამე). ამ ღრუბლებს მაღალი ხარისხის სხივთტეხა ახასიათებთ, ასე რომ, სპექტრული ანალიზის გამოყენებით, შეგვიძლია ღრუბლის ნაწილაკოვანი სტრუქტურა და დროში მისი ზრდა-განვითარების დეტალები მაღალი სიზუსტით დავადგინოთ. NASA/JPL-Caltech/MSSS.

 ღრუბლის  ი რ ი დ ი ს ც ე ნ ტ უ ლ ო ბ ა  ანუ ე.წ. ”ცისარტყელას ეფექტი” მიუთითებს, რომ ის ერთგვაროვანი ნაწილაკებისგან შედგება, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მაღალი სხივთტეხა არ ექნება. სპექტრული ანალიზის გამოყენებით დგინდება, არის ეს წყლისა და ნახშიროჟანგის, ან რამე სხვა აირის, ან ქვიშის მოლეკულები, თუ კრისტალები; ფერების გარდამავალი ხასიათის მიხედვით კი ამ ნაწილაკების გადაადგილებას ვაკვირდებით, ასევე – ამ სტრუქტურების ცვლილებებს დროში.

 ”Curiosity”-მ 2023 წლის იანვრიდან დღემდე 28 ფერადი პანორამა გადაიღო, საიდანაც ორი დიდი გამოსახულება შეადგინეს. სურათები მცირე ხარისხითაა დამუშავებული.

 მარსმავალი ”Curiosity” NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიაში შეიქმნა და კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გუნდის მიერ იმართება. მარსის ზედაპირზე აპარატი 2012 წელს დაეშვა. მაღალი გარჩევადობის ფერადი კამერა ”Mastcam” სან-დიეგოს კოსმოსური სისტემების ლაბორატორიამ შეიმუშავა.

 მეტი: http://mars.nasa.gov/msl

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.