NASA-მ, ჩრდილოეთ არიზონას უდაბნოში, მთვარისა და მარსის ტექნოლოგიური სიმულაციური მისიების მორიგი რაუნდი ჩაატარა (Desert RATS). ეს საცდელი პოლიგონი ქალაქ ფლაგსტაფიდან დაახლოებით 100 კმ მოშორებითაა და გეოლოგიურად ვულკანურ ველს წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში გამოცდილ ტექნოლოგიებს, ჰერმეტული მთვარემავალის ჩათვლით, Artemis-ის მისიების ფარგლებში, მთვარეზე თანდათან ჩაიტანენ. Artemis I -ის სტარტი 2022 წლის 16 ნოემბერს წარმატებით განხორციელდა NASA-ს კენედის კოსმოსური ცენტრიდან.
ეს ტერიტორია მთვარის მკვლევარებისთვის უცხო არ არის – NASA-ს ასტრონავტები აქ 1960-იანი წლებიდან ვარჯიშობენ – ქვიანი ვულკანური ველი მთვარის დაღარული ზედაპირის შესანიშნავი სიმულაციაა. თუმცა, Apollo-ს მისსიებისგან განსხვავებით, Artemis-ის ასტრონავტების წვრთნები გაცილებით უფრო ხანგრძლივი იქნება, რაც მთვარის სამხრეთ პოლუსთან არსებულ გარემო პირობებზე იქნება მორგებული. NASA-ს იმედი აქვს, რომ დიდი ხნის წინ ინიცირებული საერთაშორისო თანამშრომლობის და კომერციული შეჯიბრის შედეგად, Artemis-ის ყველა საფეხური წარმატებით განხორციელდება. ეს მოიცავს: შუალედურ კოსმოსურ სადგურს – მთვარის კარიბჭეს, მთვარის ორბიტულ სადგურს, დასაშვებ ხომალდს და მთვარის ბაზას, სადაც ერთ ჯერზე ასტრონავტების დარჩენა დახლოებით ორი თვის მანძილზე იქნება შესაძლებელი.
“Artemis I სისტემების გამოცდას ემსახურება – უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა რაკეტა და კოსმოსური ხომალდი, უსაფრთხო და შესაფერისია ადამიანების გადასაყვანად.” – განმარტავს პატრიცია მური, NASA-ს საინფორმაციო სტრატეგი. – “როგორც კი Artemis I ფარგლებში დაგეგმილი სისტემების ტექნოლოგიური ტესტირებები წარმატებით დასრულდება, დაიწყება Artemis II, რომელიც მთვარის გარშემო ასტრონავტების უსაფრთხო შემოფრენა – მანევრირებას ითვალისწინებს; შემდეგ მოდის Artemis III, რომლის ამოცანა მთვარეზე ასტრონავტების უსაფრთხო დაშვებაა. თუკი მთელი პროგრამა წარმატებით განხორციელდება, დაიწყება ინდივიდუალური და კომერციული ფრენები, და ადამიანები სულ უფრო ხარგრძლივად დარჩებიან მთვარეზე.”
”Desert RATS” მისსიის მენეჯერი ბარბარა იანოიკო განმარტავს, რომ ყველა ეს პროექტი NASA-ს ”მთვარიდან მარსამდე” კვლევითი პროგრამის ნაწილია. მთვარე საუკეთესო ადგილია მარსის ექსტრემალური პირობებისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიების საიმედოობის გამოსაცდელად, რაც წითელ პლანეტაზე განხორციელებული საკაცობრიო ექსპედიციების მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.პროგრამა ”Desert RATS”-ის საშუალებით მთვარის მისსია Artemis-ის მრავალი ტექნოლოგია გამოიცადა, მათ შორის – კომუნიკაციაც. NASA-ს საკომუნიკაციო სისტემების ინჟინერი მაიკ ზამბა აღნიშნავს, რომ უსადენო ინტერნეტი (Wi-Fi) და LTE ტრანსმისიური სისტემები (რომელიც ჩვეულებრივ მობილურ ტელეფონებში გამოიყენება) საკმაოდ საიმედოა, მაგრამ არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები და პირობები, როდესაც ეს დამკვიდრებული სისტემებიც კი ყურადღებით უნდა შეისწავლონ.
“ჩვენ ვახდენთ მთვარის პირობების სიმულაციას.” – აღნიშნავს ზამბა. – ”რომელიც საერთოდ არ გავს ჩვენს დედამიწისეულ გარემოს. ორი უმნიშვნელოვანესი განმასხვავებელი ფიზიკური ფაქტორია ტოპოგრაფია და ტენიანობა. ჩვენ უნდა შევისწავლოთ, თუ როგორ ფუნქციონირებენ თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები ასეთ პირობებში”.
მთვარეს საკმაოდ დრამატული ტოპოგრაფია ახასიათებს. მაგალითისთვის – მთვარის სამხ. პოლუსთან მდებარე შეკლტონის კრატერი დაახლოებით გრანდ-კანიონის სიგანისაა, მაგრამ სამჯერ უფრო ღრმა (!). წარმოიდგინეთ, რამხელა წინაღობაა ეს რადიოტალღების ტრანსმისიისთვის. მეორეს მხრივ, მთვარეზე თითქმის არ არსებობს ნესტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰაერში არსებულ წყლის მოლეკულებთან რადიოტალღების ინტერფერენცია მინიმალურია.
“თუ თანამგზავრული ტელევიზია გაქვთ, გეცოდინებათ, რომ გადაცემის გამორთვა სულ მცირე წვიმასაც კი შეუძლია.” – განმარტავს ზამბა. – “ამიტომ გამოცდებს უდაბნოში ვატარებთ. მაგრამ ამ უდაბნოს ნიადაგშიც კი უფრო მეტია წყალი, ვიდრე მთვარეზე.”
”Desert RATS”-ის გუნდმა ნიმუშების შესაგროვებელი ხელსაწყოებიც გამოსცადა, ანუ, ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ – ბარები, წერაქვები და მარწუხები. – “მნიშვნელოვანი დასკვნა გამოვიტანეთ: რაც უფრო მარტივი – მით უკეთესი.” – ამბობს პროექტის ინჟინერი ოსტინ რობერტსი. გუნდს ”აპოლოს პროგრამის საგანძური” გადაეცა – უჟანგავი ფოლადისა და ალუმინის ხელსაწყოები, რომელთა დამტვრევა – გაფუჭება თითქმის შეუძლებელია. თითოეული ნიმუში მცირე ვაკუუმ-კამერაში იქნება მოთავსებული, რომლებსაც მთვარეზე ასტრონავტები წაიღებენ.
კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი ტესტირება განათებულობის სიმულაციაზე ჩატარდა, რადგან მთვარის სამხ. პოლუსზე, ჰორიზონტთან მცირე კუთხით მანათობელი მზე გრძელ და ბნელ ჩრდილებს წარმოქმნის. ამისთვის ”Desert RATS”-ის გუნდმა ”ხელოვნური მზე” – 32 000 ლუმენის სიკაშკაშის LED დიოდური ნათურა გამოიყენა, რაც დაახლოებით 16-ჯერ აღემატება მანქანის ფარების ნათობას. ნამდვილ მზესთან მისი შედარება გადაჭარბებულია, მაგრამ Artemis-ის ასტრონავტებისთვის საჭირო შუქ-ჩრდილების შესაქმნელად გამოდგება.
– “ასეთი ჩრდილები ბნელ უბნებს ქმნიან, რაც გეოლოგიური სამუშაოების ჩატარებას შეუძლებელს ხდის.” – განმარტავს ინჟინერი იასონ პოფენბერგერი. – ”ვერ ვიტყოდი, რომ ”ხელოვნური მზის” მართვა ძალიან სახალისო საქმიანობაა, მაგრამ მითხრეს, კარგად გამოგდისო.”
მაინც, რა იყო ყველაზე შთამბეჭდავი არიზონას უდაბნოში? ”Desert RATS”-ის გუნდის ყველა წევრი თანხმდება, რომ ეს იყო ჰერმერტული მთვარემავალი.
მთვარემავალი
იანოიკო აღნიშნავს, რომ ახალი მთვარემავალი იმ არქიტექტურის ღირსეული წამომადგენელია, რომლებსაც ”მთვარის-გავლით-მარსისკენ” ტექნოლოგიებს უწოდებენ. – “ეს უმნიშვნელოვანესი მოძრავი ელემენტია.” – აღნიშნავს იანოიკო, – ”მისი გამოცდა იაპონიის აეროკოსმოსური კვლევის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად განვახორციელეთ.”
გიგანტური ხოჭოს მსგავსი მთვარემავალი, ექვს წყვილ, დამოუკიდებლად მართვად ბორბლებზე შემდგარი ლოკომოტივია. ასეთი წყობა როვერს საშუალებას აძლევს ნებისმიერი მიმართულებით გახოხდეს და სრული წრეც კი შემოავლოს, თუ მთვარის რთულ გზებზე სიარულის დროს რაიმე დაბრკოლებას გადაეყრება. მანევრირება საშუალებას აძლევს ასტრონავტს, რომ ის ნებისმიერი კონფიგურაციის სადგომზე დააყენოს.
მთვარემავლის მაქსიმალური სიჩქარე ”შთამბეჭდავია” – 20 კმ/სთ; თუმცა ამ როვერის სიმძლავრე არა მისის სისწრაფე, არამედ – გამძლეობაა.
Apollo-ს მისსიებისგან განსხვავებით, Artemis-ის ჰერმერტულად დახურულ მთვარემავალში ასტრონავტები სკაფანდრების გარეშე იცხოვრებენ, თუმცა ის არც ისეთი კომფორტულია, როგორც საცხოვრებელი მანქანები – თითქმის მთელი სივრცე სამეცნიერო-კვლევით ხელსაწყოებს და სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემებს აქვს დაკავებული.
ზუსტად სამართავი სავარძლების უკან 60 ლიტრის ტევადობის წყლის ბაკია, სასმელად, ჰიგიენისთვის და კომუნიკაციებისთვის; არის ფარდები პირადი სივრცის მოსაწყობად და მძლავრი ვენტილაციაც, თუმცა რამდენიმე კვირის (და თვის) განმავლობაში ასეთ სივრცეში გაძლებას მაინც რკინის ნებისყოფა სჭირდება.
ვიდეო: NASA-ს კონცეფცია ”მთვარიდან-მარსამდე”.
ყველაფრის მიუხედავად, ჰერმერტული მავალის სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემები და ავტონომიური ელექტრომომარაგება საშუალებას მისცემს ასტრონავტებს მთვარის ზედაპირის მნიშვნელოვანი ფართობები მოიარონ და გამოიკვლიონ. Apollo-ს სისტემები ასტრონავტებს საშუალებას აძლევდა ხომალდის დაჯდომის ადგილიდან რამდენიმე საათის მოშორებით წასულიყვნენ, Artemis-ის ასტრონავტები რამდენიმე კვირის მანძილზე შეისწავლიან მთვარის ზედაპირს.
Artemis-ის მომავალი ასტრონავტების პირადი დისკომფორტის გარდა, მთვარის მისსიებზე უზარმაზარი თანხები დაიხარჯება – მხოლოდ 2023 წელს NASA $7.5 მლრდ-ს მოიხმარს; საკითხავია – რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს ამხელა თანხის მთვარის მისსიებში ჩადებამ?
– “მთვარის სამხ. პოლუსის შერჩევის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ იქ გარკვეული ფართობები მუდამ ჩრდილშია. ამიტომ, სავარაუდოდ, იქ წყლის ყინულის დიდი მარაგი იქნება.” -განმარტავს ლორენ ედგარი, აშშ გეოლოგიური დაზვერვის სამსახურის ასტროგეოლოგი. – ”გარდა ამისა, მთვარის ეს უბანი სრულიად გამოუკვლეველია, ვინ იცის, როგორი საინტერეო გეოლოგიური წარმონაქმნები დაგვხვდება..”
ედგარი აღნიშნავს, რომ მთვარეზე წყლის მარაგების აღმოჩენა მთვარის მომავალი მისსიების დაგეგმვას და ჩატარებას მნიშვნელოვნად გაამარტივებს; იანოიკოს აზრით, ინვესტორები მთვარეზე უნიკალური ტექნოლოგიური საწარმოებისა და ტურიზმის განვითარებას ელიან; ეს კი, კაცობრიობის კოსმოსში განსახლებისთვის მკვეთრად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
ვიდეო: ”Desert RATS”-ის გუნდი ჩრდ. არიზონას უდაბნო პოლიგონზე.
იხ. მთვარის ათვისებაში ინვესტირება – ტურიზმი და მომავლის ტექნოლოგიები.
დამატებითი ინფორმაცია (ქართულად):