ასტროლოგიის მოკლე ისტორია
- ასტროლოგიის ისტორია იწყება მესოპოტამიიდან. ტიგროსისა და ევფრატის აუზში. დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე, დაახლოებით 4000 წლის წინ. ამ მომენტისთვის ასტროლოგები აწარმოებდნენ დაკვირვებას და აკავშირებდნენ დედამიწაზე მიმდინარე მოვლენებს. ამ მოვლენებს ომენებს უწოდებდნენ. ომენების მაგალითი: თუ მზის დაბნელება მოხდებოდა, მაშინ რაიმე უბედურება დაემუქრებოდა სამეფოს, ან მეფე მოკვდებოდა ან ომი დაიწყებოდა.
- თანამედროვე ასტროლოგიას მიმზგავსებული ასტროლოგია კი უკვე 3500 წლის წინ დაიწყო, ასტროლოგიის დაფუძნებიდან 500 წლის შემდგომ.
- ასირიული იმპერიის პირობებში ასტროლოგიის განვითარება სწრაფად მიმდინარეობდა, რადგან მმართველი კლასი ასტროლოგებს მხარს უჭერდა და ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 750 წლისთვის იმპერიის ფარგლებში ათაი ასტროლოგიური სკოლა გაიხსნა. ამ ასტროლოგიური ცენტრების მთავარი ფუნქცია მეფისთვის ასტროლოგიური წინასწარმეტყველებების მიწოდება იყო. მაგრამ, როგორც ცნობილია, ამან ასირიელების იმპერია დაცემისგან ვერ იხსნა.
- ჩვენ წელთ აღრიცხვამე მე-5 საუკუნეში ხდება ასტროლოგიის მოდერნიზაცია და ამ პერიოდიდან ჩნდება ზოდიაქოს ნიშნები ასტროლოგიაში. ემატება პლანეტების მოძრაობაც. იქმნება ნატალური, ანუ დაბადების თარიღზე დამოკიდებული ასტროლოგია, რომელიც ადამიანის თვისებებსა და მომავალს ადამიანის დაბადების დღის მომენტში პლანეტათა და ვარსკვლავთა განლაგებით განსაზღვრავს. პირველი ნატალური ჩანაწერი ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 410 წლით თარიღდება (რაშბურგის წიგნი Rochberg „Babylonian Horoscops“).
- ეგვიპტური ასტროლოგია არ ეფუძნებოდა 12 ზოდიაქოს ნიშანს, არამედ დეკანებს (Decans). დეკანი არის 36 ტოლნაწილად დაყოფილი წრე/დაფა რომელზეც დატანილია 36 უძრავი ციური სხეული/ვარსკვლავი. ამ დაფას ეგვიპტელები ძირითადად იყენებდნენ რელიგიური რიტუალების თარიღების გამოსათვლელად. ასევე დეკანებს ანიჭბდნენ ადამიანისთვის დამახასიათებელ თვისებებს. დეკანები პირველად გამოჩნდა ქრისტეს შობამდე 2000 წლით ადრე.
- ალექსანდრე მაკედონელის გავლენა: (დაპყრობითი ომები ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 336-323 წლებში). ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 300 წლისთვის, ელინისტური კულტურა ხდება წამყვანი კულტურა ხმელთაშუა ზღვის, ეგვიპტისა და მესოპოტამიის ტერიტორიაზე. ხდება ზოდიაქოს ნიშნებისა და დეკანების შერწყმა მაკედონელის იმპერიის ფარგლებში. ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მე-100 წლისთვის ყალიბდება ელინისტური ასტროლოგია თავისი პლანეტებით, 12 ზოდიაქოს ნიშნით, ასპექტებით და სახლებით (პტოლემეანების ეპოქა ეგვიპტეში, ალექსანრიის ბიბლიოთეკა).
დეკანებისა და ზოდიაქოს ნიშნების შერწყმამ ზოდიაქოს ნიშენებს დეკანისთვის დამახასიათებელი ადამიანური თვისებები მიანიჭა (პრაქტიკულად ხდება ელინისტური ასტროლოგიისა (ვარსკვლავები /თანავარსკვლავედები) და სპირიტუალისტური ეგვიპტური წარმოდგენების შერწყმა).
- ჩვენს წელთ აღრიცხვით მე-2 მე-3 საუკუნეში ელინისტური ასტროლოგია ხვდება ინდოეთში. და ერწყმება ინდურ მთვარის ასტროლოგიას.მე-3 საუკუნეშივე ასტროლოგია სპარსეთის იმპერიაშიც იმკვიდრებს თავს.
- მე-7 საუკუნეში ელინისტური ასტროლოგიის დაისი იწყება, დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის, ქრისტიანობის სასტიკი წინააღმდეგობისა, არაბეთის იმპერიის ჩამოყალიბებით (ეგვიპტე ელინისტური ასტოლოგიის სამშობლო 641 წელს არაბების ხელში მოექცა).
- ასტროლოგიის შემდეგი მობრუნება/აღორძინება დასავლეთ აზიის ტერიტორიაზე უკვე არაბებს უკავშირდება. კონკრეტულად მე-8 საუკუნის ბაღდადს და აბასიდების დინასტიას. ხდება ჰორარული ასტროლოგიის ჩამოყალიბება (ასტროლოგიით მკითახობა).
- საბოლოოდ ჩამოყალიბდა ასტროლოგიის 4 მიმართულება:
1. მიწიერი ასტროლოგია (წინასწარმეტყველებს ერებისა და ქვეყნების ბედს)
2. ნატალური ასტროლოგია (წინასწარმეტყველებს პიროვნების თვისებებსა და ბედს მისი დაბადების თარიღით)
3. შერჩევითი ასტროლოგია (ეძებს თარიღებს კარგი და ცუდი დროის მონაკვეთების განსასაზღვრავად, რისი გაკეთება რა პერიოდშია მიზანშეწონილი)
4. ჰორარული (საპატიო) ასტროლოგია (კლიენტის მხრიდან კითხვის დასმის მომენტში ასტროლოგიური მდგომარეობისა და კითხვის კონტექსტის შესაბამისად განსაზღვრავს პასუხს, კითხვის თავიდან დასმისას პასუხი წინა პასუხის გამომრიცხავიც კი შეიძლება იყოს).
- ასტროლოგია ევროპაში მე -12 საუკუნისთვის ბრუნდება, როდესაც ერთის მხრივ არაბები იპყრობენ ესპანეთის ნაწილს და მეორეს მხრივ იწყება ჯვაროსნული ლაშქრობები. ამ პერიოდში არაბულიდან ლათინურზე მრავალი ტექსტი ითარგმნა, მათ შორის ასტროლოგიური წიგნებიც. შემდეგ პერიოდში ასტროლოგია ევროპის უნივერსიტეტბში წამყვანი საგანი ხდება.
- რენესანსის პერიოდი:
1440 წელს დაიწყო ბეჭდური წიგნების გამოშვება, რაც მშვენიერი იარაღი გახდა ასტროლოგიის მოსახლეობაში გასავრცელებლად. ასტროლოგებს მეტი შესაძლებლობა მიეცათ თავიანთი მოძღვრება უფრო მეტი ხალხისთვის მიეწოდებინათ. მაგრამ აქ პრობლემა მოსახლეობის განათლების დონის სიმდაბლე ხდება და ასტროლოგიას მასობრივი გავრცელებისთვის მეტი დრო დასჭირდება. ფეხს იკიდებს ელიტებში (ამ მომენტისთვის ჯერ მხოლოდ 6 პლანეტაა ცნობილი). - ასტროლოგია დღევანდელ სახეს კიდევ უფრო უახლოვდება მე-17 საუკუნეში, კერძოდ 1647 წელს William Lilly „Christian Astrology“ – ის (ამაზონზე 30$ ღირს) გამოქვეყნებით (დაიბადა 1602 წელს, აპირებდა გამხდარიყო მღვდელი, მაგრამ საბოლოოდ ასტროლოგი გახდა „მე-17 საუკუნის ინგლისელი ცაგარელი“ ). გამოუშვა პირველი ინგლისური წიგნი ასტროლოგიაზე. ამ მომენტამდე თითქმის ყველა წიგნი ასტროლოგიაზე იყო ლათინურ ენაზე, რაც აბრკოლებდა ასტროლოგიის მოსახლეობაში ფართოდ გავრცელებას, ლათინურის არ ცოდნის გამო. ამ წიგნში ხდება ყველა წინარე გამოცდილების განხილვა და ამით ის იქცა ასტროლოგიის განვითარების შემდგომ ნაბიჯად.
- მე 17 – მე18 საუკუნეებში წინარე ასტროლოგიურ წარმოდგენებს საფრთხეს უქმნის მეცნიერების განვითარება, კონკრეტულად კი სამყაროს მოწყობის მოდელის გეოცენტრისულიდან ჰელიოცენტრისტულად გადაქცევა და ასევე მე-2 საუკუნეში ალექსანდრიაში მოღვაწე Ptolemy (პტოლემეუსი) (ასტრონომი, ასტროლოგი, გეოგრაფი ამტკიცებდა, რომ დედამიწა მრგვალია, ჰქონდა ჰელიოცენტრისტული მოსაზრებები, მაგრამ საბოლოოდ უარყო. იყო ასტროლოგიის რეფორმატორი, მოაგროვა და მოახდინა ეგვიპტური, ელინისტური ასტროლოგიის სისტემატიზაცია, ნაშრომს ჰქვია „ტეტრაბიბლიუსი“)-ის სამყაროს მოწყობის მოდელის უარყოფა. ამ პერიოდში ასტროლოგია ქრება უნივერსიტეტებიდან როგორც ცრუ მეცნიერება.
- ასტროლოგიის მობრუნება უკვე მე-20 საუკუნეში იწყება. ამ პერიოდში საზოგადოება უფრო გახსნილი გახდა, ნაკლებად დამოკიდებული ეკლესიაზე, რომელიც სპირიტუალიზმს კრძალავდა. ასევე დიდი წვლილი შეიტანა Alan Leo -მ (ბრიტანელი ასტროლოგი), რომელმაც მოახდინა ასტროლოგიური ნახაზების გამარტივება ისე, რომ ჩვეულებრივი ადამიანისთვის მისი აღქმა/ათვისება მარტივი ყოფილიყო. გამარტივებამ და საუკუნისთვის დამახასიათებელმა ტექნოლოგიურმა განვითარებამ ხელი შეუწყო გავრცელებას.
- თანამედროვე ასტროლოგია უკვე 1930 იანი წლებიდან იღებს სათავეს. Dane Rudhyar მა ასტროლოგიას ფსიქოლოგიური ასპექტები შესძინა (სათავეს იღებს ტრანს პერსონალური ასტროლოგია) და წარმოაჩინა როგორც საჭირო იარაღი ფსიქოლოგირი საკითხების დასამუშავებლად.
ამავე პერიოდში ხდება ახლად აღმოჩენილი პლანეტების ინტეგრაცია ასტროლოგიაში და მათთვის თვისებების მიკუთვნება/გადანაწილება. უფრო და უფრო წყდება ძველ ტრადიციებს და ადაპტირდება თანამედროვეობაზე. კომპიტერები და ინტერნეტი ასტროლოგიას ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის.
იოჰან კეპლერი (Johannes Kepler) და ასტრონომია/ასტროლოგიის გამიჯვნა
იოჰან კეპლერი იყო გერმანელი ასტრონომი და შემდგომში კაცობრიობის ისტორიაში პირველი ასტროფიზიკოსი, რომელიც 1571 წელს, ქალაქ ვაილ დერ შტადტში დაიბადა, რომის იმპერიის ტერიტორიაზე (გარდაიცვალა 1630 წელს). ის მშობლებმა ქალაქ მაულბრონის სასულიერო აკადემიაში ჩააბარეს. ეს იმ დროისთვის ჩვეული პრაქტიკა იყო. საზრიან იოჰანესზე, მკაცრი დისციპლინა მძიმე ზეგავლენას ახდენდა. შემდეგ ის ტუბინგენის უნივერსიტეტში გადადის, სადაც ეცნობა კოპერნიკის ჯერ კიდევ სახიფათო ნაშრომს სამყაროს ჰელიოცენტრულ მოდელთან დაკავშირებით, რომელიც პოლონელმა ბერმა 1543 წელს გამოსცა (იმავე წელს გარდაიცვალა 70 წლის სასკში). კოპერნიკი ასევე მიიჩნევდა, რომ მზე მხოლდ ერთი ვარსკვლავია მრავალთა შორის და რომ სხვა პლანეტებზეც შეიძლება არსებობდეს სიცოცხლე. მისი ეს მოსაზრებები 1616 წელს აკრძალულთა სიაში მოხვდა კათოლიკური ეკლესიის მხრიდან და 1835 წლებამდე ამ სიაში რჩებოდა.
კეპლერს, კოპერნიკის იდეებმა ახალი შთაგონება მისცა. ამ პერიოდში ის მასწავლებლად იწყებს მუშაობას ავსტრიის ქალაქ გრაცში. თუმცა წარუმატებლად, რადგან მისი მეტყველების უნარები მასწავლებლისას არ შეესაბამებოდა. შემდგომ თავს ასტროლოგიით ირჩენს და პარალელურად აგრძელებს მათემატიკური გამოთვლების წარმოებას. მისი ნაშრომები ნელ-ნელა იხვეჭდა პოპულარობას და მალევე წმინდა რომის იმპერატორის რუდოლფ II-ს ყურადღება მიიქცია. მისი რჩევით, სამეფო კარის მთავარმა მათემატიკოსმა ტიჰო ბრაჰემ, კეპლერი თავისთან აიყვანა.
ტიჰო ბრაჰე არა მარტო კარგი მათემატიკოსი, არამედ უბადლო დამკვირვებელი ასტრონომიც იყო და მას მრავალწლიანი ჩანაწერები ჰქონდა პლანეტათა მოძრაობის შესახებ. კეპლერისგან კონკურენციის შეგრძნებამ ბრაჰეს გადააწყვეტინა კეპლერისთვის სიკვდილის პირამდე არ გაემხილა თავისი ნამუშევრები. 1601 წელს, ტიჰო ბრაჰეს სიკვდილის შემდეგ, მისი ნაშრომები და თანამდებობა მთლიანად კეპლერის გახდა.
კეპლერი, ბრაჰე და გალილეო გალილეი (1564-1642 წლები. იუპიტერის თანამგზავრები აღმოაჩინა 1610 წ.) დარწმუნებულნი იყვნენ, რომ პლანეტები აბსოლუტურად იდეალურ წრეზე მოძრაობდნენ. ეს გამომდინარეობდა მათი რწმენიდან, რომ ღვთის შექნილი სამყარო იდეალური უნდა ყოფილიყო. კეპლერს რაოდენ ზუსტი გათვლებიც უნდა გაეკეთებინდა, ვერასდროს ახერხებდა მარსის მოძრაობის მათემატიკური აღწერა ბრაჰეს დაკვირვებებისთვის შეესაბამებინა. მას ეს დიდ სადარდელს უჩენდა, რადგან ეწინააღმდეგებოდა მისსავე მსოფლხედველობას. მათემატიკური ანალიზი ჯიუტად არ ნებდებოდა და ბოლოს მან გადაწყვიტა, ელიფსის ფორმულა გამოეყენებინა, რომელიც პირველად აპოლონიუს პერგელმა ალეექსანდრიის ბიბლიოთეკაში წარადგინა (ჩვენ წელთ აღიცხვამდე მე-3 საუკუნის დამლევის). ფორმულამ გაამართლა და კეპლერის გამოთვლები ერთი ერთში დაემთხვა ტიჰო ბრაჰეს მიერ დაკვირვებით აღწერილ რეალობას. შედეგად, ჩამოყალიბდა კეპლერის სამი კანონი, რომელიც დღემდე წამყვანი ფორმულირებაა პლანეტათა მოძრაობის აღსაწერად.
- პლანეტა მოძრაობს ელიფსზე, რომლის ერთ-ერთ ფოკუსშიც მდებარეობს მზე.
- მზისა და პლანეტის შემაერთებელი მონაკვეთი დროის ტოლ შუალედში ტოლ ფართობს შემოწერს
- პლანეტის ორბიტული პერიოდის კვადრატი ამ პლანეტისა და მზეს შორის მანძილის კუბის პროპორციულია P^2=a^3 (იოჰან კეპლერი და მისი კანონები).
კეპლერი იყო უკანასკნელი ასტროლოგ-მეცნიერი და პირველი ასტროფიზიკოსი. მას შემდეგ ასტროლოგია და ასტრონომია გაიყო. ასტროლოგია გაქრა უნივერსიტეტების პროგრამებიდან და დღემდე აღიარებულია, როგორც ფსევდო მეცნიერება!
აი რას წერდა იოჰან კეპლერი ასტროლოგიაზე: „ღმერთი ყველა ცხოველს აძალევს საარსებო საშუალებას, – ასტრონომისთვის მან ასტროლოგია შექმნა“ (წყარო, კარლ სეიგანის წიგნი „კოსმოსი“ (მე-100 გვერდიდან 117-ის ჩათვლით, გამომცემლობა ბაკურ სულაკაური)
სვეტიცხოვლის ზოდიაქოს ნიშნები (ფრესკა შეიქმნა 1656-1675 წლებში)
(ანალიზის ავტორი, მღვდელი ბიძინა გუნია)
სიტყვა „ზოდიაქო“, ბერძნული სიტყვიდან „ძოონ“ (ცხოველი) არის წარმომდგარი, რომლის ამგვარი სახელწოდებაც იმით არის განპირობებული, რომ თანავარსკვლავედებს უძველეს დროიდანვე (უმთავრესად) ცხოველთა სახელებით მოიხსენიებდნენ.
ცნება „ზოდიაქოს“ აღსანიშნავად, ძველ-ქართულ ენაში რამდენიმე ტერმინი გვხვდება: „ცხოველთა-სახილველი“ ანუ „ცხოველთა-სახილავი“, „ბურჯი“ და „ეტლი“ (იხ. სულხან-საბა ორბელიანის „ლექსიკონი ქართული“).
ცრუ სწავლებეისადმი ინტერესი, ქართველი ხალხის სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერის – სვეტიცხოვლის სულიერ მემკვიდრეობასაც შეეხო. ასე განსაჯეთ, ავრცელებენ აზრს, რომ თითქოს ქრისტიანობა არ უარყოფდა ასტროლოგიას და ამის საბუთად სვეტიცხოლის სამხრეთი კედლის ფრესკაზე გამოსახული ზოდიაქოს ნიშნები მოჰყავთ (?!) უფრო მეტიც, თვლიან, რომ X საუკუნის ხელნაწერის – „ფსალმუნის დამატებაში“ (აქ იგულისხმება A-38 ხელნაწერის – „მცხეთის დავითნის“ დანართში მოცემული თხზულება „ცნობისათვის და უწყებისათვის“…) ასტროლოგიური კალენდარია წარმოდგენილი და სხვა.
წმიდა იოანე დამასკელი
„ელინები ამბობენ, რომ ყოველი ჩვენი საქმიანობა ვარსკვლავთა, აგრეთვე მზისა და მთვარის ამოსვლით, ჩასვლითა და მათი ურითიერთმიახლოებით (ურთიერთგანლაგებით – ბ.გ.) წარიმართება, რასაც ასტროლოგია სწავლობს. ჩვენ პირიქით, ვამტკიცებთ, რომ მზე, მთვარე და ვარსკვლავები წვიმისა თუ დარის, ნოტიო თუ მშრალი ამინდის, აგრეთვე ქარებისა და სხვა მისთანათა მომასწავებელია, და არანაირად არ განაპირობებენ ჩვენს ქცევებსა და საქმეებს. და ეს ცხადია, რადგან ღმერთმა თავისუფალნი შეგვქმნა (მოგვანიჭა რა თავისუფალი ნება და არჩევანის საშუალება – ბ.გ.), და ჩვენვე ვართ ბატონ-პატრონი ჩვენი საქმეების. თუკი ყველაფერს ვარსკვლავთა მოძრაობის ზემოქმედებით, ესე იგი აუცილებლობით ვაკეთებთ და არა ჩვენი თავისუფალი ნებით… უფრო მეტიც: თუკი ყოველივე აუცილებლობით ხდება და წარიმართება, მაშინ არც ღვთის განგებულება ყოფილა სამყაროში და არც მის მიერ წარმართვა მთელი ქმნილებისა“.
„მცხეთის დავითნი“, რომელშიც მითითებულია ზოდიაქური გამოთვლები, ქალაქ მცხეთაში ინახებოდა.
პირველი – მთლიანად ფრესკა „მკვდართა აღდგომა“ (იხ. 9, გვ. 214, ზ, 6) და ხსენებული ფრაგმენტი „დიდება უფლისა“ (ბ.გ.), მორწმუნე ადამიანის სულში ღვთის შიშსა და სინანულს, სამარადისო ცხოვრებისათვის ყოველდღიური მზადებისა და ყველა ქმნილებასთან ერთად ღვთის სადიდებლის აღვლენის სურვილს უნდა აღძრავდეს;
მეორე – პრაქტიკული თვალსაზრისით, ხსენებული ფრაგმენტი „ზოდიაქოს რკალი“ (ბ.გ.), საქართველოში კარგად ცნობილი ხელნაწერის, „მცხეთის დავითნში“ მოცემული ზოდიაქური გამოთვლების ერთგვარ „თვალსაჩინოებას“ წარმოადგენს.
(სტატიის ავტორის შენიშვნა) სვეტიცხოვლის სამხრეთ ფერდზე განთავსებული ფრესკა, სადაც ზოდიაქოს ნიშნებია მოცემული, შემდეგნაირად უნდა აღვიქვათ: მთავარი მოქმედი ფიგურა, ქრისტეს გამოსახულება, აღნიშნავს მეორედ მოსვლის ჟამს, მის გარშემო ანგელოზების დასი კი იმ სამსჯავროს, რომელიც მეორედ მოსვლისას იქნება. გარე რკალში გამოსახული ზოდიაქოს ნიშნები კი აღნიშნავენ ჟამთა სვლას, თეებს, რაც ემთხვევა მცხეთის დავითნიში არსებულ გამოთვლებს. წყარო; თანამშრომლობა საპატრიარქოსთან.
რატომ არ არის ასტროლოგია მეცნიერება?
როგორც უკვე ვთქვით, იოჰან კეპლერის შემდეგ, ასტროლოგია და ასტრონომია გამიჯნულია და ამ გამიჯვნის მიზეზი, კეპლერის მიერ ტიჰო ბრაჰეს დაკვირვებების მათემატიკური ანალიზია, რომლის საფუძველზეც კეპლერმა ციური მექანიკის სამი უმნიშვნელოვანესი კანონი შეიმუშავა.
შემდგომ, ეს უფსკრული კიდევ უფრო გააღრმავა ნიუტონმა (1643 – 1727 წ. დაიბადა კეპლერის გარდაცვალებიდან 13 წელში), დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვის შემოღებით. კეპლერის იდეების შემდგომი განვითარებით, რომელმაც ნიუტონის ცის მექანიკა მოგვცა, აინშტაინის ფარდობითობის თეორიამდე მიგვიყვანა. რაც დრო გადის, უფესკრული ასტროლოგიასა და ასტრონომიას შორის, სულ უფრო ღრმავდება.
ზოგადად, მეცნიერება ეყრდნობა ორ ძირითად „ვეშაპს“. ეს არის თეორიული და ექსპერიმენტული ნაწილი. თეორიული ნაწილი გულისხმობს საკითხის მათემატიკურ ანალიზს, ხოლო ექსპერიმენტული – რაიმე ექსპერიმენტით ან დაკვირვებით ამ მათემატიკური ანალიზის დასაბუთებას. ხანდახან, ხდება პირიქითაც, ჯერ ექსპერიმენტი ტარდება, შემდეგ კი მისი მათემატიკური ანალიზი. თუ მათემატიკური ანალიზი და ექსპერიმენტი არ ემთხვევა ერთმანეთს, ესეიგი დებულება არასწორია და მოითხოვს შემდგომ კვლევას.
ასევე, ექსპერიმენტის მთავარი მახასიათებელია მისი განმეორების შესაძლებლობა. ანუ ექსპერიმენტის განმეორება შესაძლებელი უნდა იყოს იმავე შედეგის მიღებით. ავიღოთ რეზერფოდის ოქროს ფირფიტის ექსპერიმენტი, რომელითაც მან პროტონი აღმოაჩინა. მისი განმეორება ნებისმიერს შეუძლია.
ასტროლოგია ვერ აკმაყოფილებს ამ მიდგომებით დადგენილ კრიტერიუმებს. მას არ გააჩნია ფუნდამენტური მათემატიკური ზურგი და მისი მიმართულებებისა და დოგმების ექსპერიმენტული დადასტურება კი შეუძლებელია. ვიღაც იტყვის, რომ ფილოსოფიაშიც ცოტა მათემატიკაა, მაგრამ ფილოსოფია არ იყენებს ცის მექანიკას თავისი მოსაზრებების დასასაბუთებლად.
ამასთან, ასტროლოგია არაფერს ამბობს გარეკოსმოსურ ობიექტებზე, როგორიცაა: სხვა ვარსკვლავების სიტემები, ეგზოპლანეტები, კვაზარები, ნეიტრონული ვარსკვლავები, ზეახლები და ა.შ. ნუთუ ეს ობიექტები არ ახდენენ ჩვენს “ცნობიერებაზე გავლენას”?
როგორც ასტროლოგიის ისტორიიდან ვგებულობთ, მას სპირიტუალისტური და წარმართული სარწმუნოებები უდევს საფუძვლად. მესოპოტამიური, ეგვიპტური, ელინისტური, ინდური და სპარსული. შესაბამისად, სპირიტუალისტური და რელიგიური საფუძვლების მქონე სწავლება ვერ იქნება მეცნიერება.
ბერნუმის ეფექტი და ფერერის ექსპერიმენტი
ბერნუმის ეფექტი გულისხმობს, რომ ადამიანი თავის თვისებებს და თავის პიროვნებას აპარალლებს, ან აიგივებს აღწერასთან, რომელიც არ არის კონკრეტულად მასზე მორგებული და ზოგადია.
ფერერის ექსპერიმენტის მიხედვით, სტუდენტები, რომლებსაც დაურიგეს პიროვნების ზოგადი ასტროლოგიური აღწერა, ახდენენ თავიანთი თავის პროეცირება/გაიგივებას მოცემულ ტექსტთან. ეს ექსპერიმენტი თითქმის ასჯერ ჩატარდა სხვადასხვა პირობებში და შედეგი ყოველ ჯერზე იდენტური იყო.
დეივიდ ვოასის კვლევა
2007 წელს, დოქროტმა დეივიდ ვოასმა, მანჩესტერის უნივერსიტეტიდან, გადაწყვიტა ვარსკვლავის ნიშანთა თავსებადობის სტატისტიკური ანალიზი გაეკეთებინა. მან აღწერითი მონაცემები გამოიყენა ინგლისიდან და უელსიდან, რომელიც დაქორწინებულ წყვილთა 20 მილიონ დაბადების თარიღს მოიცავდა (10 მლნ წყვილი შეისწავლა). აღმოჩნდა, რომ დაბადების თვეს მეწყვილის შერჩევისას არანაირი გავლენა არა აქვს. ვოასმა ვერ შეძლო მტკიცებულების პოვნა, რომ ადამიანები მიდრეკილები არიან, რომელიმე კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის მიმართ და უფრო ხშირად მათზე ქორწინდებოდნენ, ვიდრე სხვა ზოდიაქოს ნიშნებზე (წყარო1; წყარო 2; წყარო 3)
აუტოსუგესტია ანუ თვითშთაგონება
ადამიანი შთააგონებს საკუთარ თავს გარკვეულ ფორმულას, აზრს, ემოციას, განწყობას, რომელიც მის ფსიქიკურ და სომატურ პროცესებსა და ქცევას წარმართავს. თვითშთაგონება არის ნებისყოფის რთული პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს განსაზღვრული ქცევის მიმართ ორგანიზმის მზაობის მიზანმიმართულ ფორმირებას და, საჭიროების შემთხვევაში – მის რეალიზაციას.
ასტროლოგია კი თვითშთაგონების ბრწყინვალე საშუალებაა.
მკითხველისთვის შეთავაზებული ექსპერიმენტი: აიღეთ 3-დან 5-მდე სხვადასხვა გამომცემლობა, სადაც მოცემულია დღის ჰოროსკოპი და შეადარეთ ერთმანეთს, ნახეთ თუ რამდენად დაემთხვევა ტექსტის შინაარსები. სასურველია რამდენიმე გამომცემლობა იყოს უცხოური, რადგან საქართველოში გამომცემლობები ხშირად ერთმანეთს აკოპირებენ.
ამავე თემაზე შეგიძლიათ იხილოთ პოდკასტი ნინი ვარსიმაშვილის არხზე