ქვედა პლანეტების მოძრაობა
ცის თაღზე მოძრაობის ხასიათის მიხედვით, პლანეტები ორ ჯგუფად იყოფა: ქვედა (მერკური, ვენერა) და ზედა (დანარჩენი ყველა). უფრო თანამედროვე ტერმინებია – შიდა და გარე (დედამიწის ორბიტის მიმართ) პლანეტები.
რაც უფრო ახლოა პლანეტა მზესთან, მით უფრო სწრაფად მოძრაობს ის. ანუ, ყველაზე სწრაფი მერკური გამოდის, ნელი – ნეპტუნი.
შიდა პლანეტების ხილულ მოძრაობასთან ერთად, მთვარის მსგავსად, ხდება მათი ფაზების ცვლა. გარე პლანეტათა ფაზები უმნიშვნელოა, დედამიწელი დამკვირვებლისკენ ყოველთვის განათებული მხრით არიან მობრუნებული. სატურნის ორბიტის იქეთ მდებარე წერტილიადნ რომ შეგვეხედა, ვენერასა და მერკურის ფაზების გარდა – დედამიწის, მარსის, იუპიტერისა და სატურნის ფაზებსაც დავინახავდით.
ცის თაღზე მოძრაობისას, მერკური და ვენერა ყოველთვის მზესთან ახლოს (მერკური 180-280, ვენერა 450-480), მისგან აღმოსავლეთით ან დასავლეთით დაიმზირება. აღმოსავლეთის მიმართულებით პლანეტის მაქსიმალურ კუთხურ დაშორებას მზიდან, აღმოსავლეთ ელონგაციას უწოდებენ, დასავლეთისკენ – დასავლეთ, ან დილის ელონგაციას.
აღმოსავლეთ ელონგაციისას, მზის ჩასვლიდან მალევე, პლანეტა დასავლეთით გამოჩნდება ხოლმე. მოძრაობს რა ცაზე აღმოსავლეთიდან დასავლეთით, ანუ უკუ მიმართულებით (ე.წ. რეტროგრადული მოძრაობა), პლანეტა ჯერ ნელა უახლოვდება მზეს, შემდეგ კი სწრაფად, სანამ სულ დაიმალება მის სხივებში. ამ მომენტს ქვედა შეერთება ეწოდება (პლანეტა, დედამიწასა და მზეს შორის გადის). გარკვეული დროის გასვლის მერე, ის ისევ ხილული ხდება, ზუსტად მზის ამოსვლის წინ.
უკუ მიმართულებით მოძრაობასთან ერთად, დასავლეთ ელონგციას აღწევს, ”ჩერდება” და დასავლეთიდან აღმოსავლეთით იცვლის მიმართულებას, ანუ პირდაპირი მოძრაობით ეწევა მზეს. დაწევასთან ერთად, ის ისევ უხილავი ხდება, რასაც ზედა შეერთებას უწოდებენ (მზე ამ დროს პლანეტასა და დედამიწას შორისაა). პირდაპირი მოძრაობა გრძელდება, პლანეტა ისევ აღმოსავლეთ ელონგაციას უბრუნდება, ჩერდება და უკუსვლას იწყებს – ციკლი მეორდება.
ზედა პლანეტების მოძრაობა
პირდაპირი და უკუ მიმართულებით მოძრაობა ზედა პლანეტებსაც ახასიათებს. თუ მზის ჩასვლიდან მალევე პლანეტა დასავლეთით ჩანს, ის პირდაპირი მოძრაობით მოძრაობს ცის თაღზე, ანუ იგივე მხარეს, საითაც მზე, თუმცა, უფრო ნელა – მზე ეწევა პლანეტას და ხდება ე.წ. შეერთება (მზე, დედამიწასა და პლანეტას შორისაა). შემდეგ, მზე ასწრებს პალნეტას და ეს უკანასკნელი ისევ ხილული ხდება, მნათობის ამოსვლის წინ (დილას). პირდაპირი გადაადგილების სიჩქარე ნელნელა მცირდება, პლანეტა თითქოს ჩერდება და უკუ მიმართულებით (რეტროგრადული) იწყებს სვლას.
ცის თაღზე უკუ მიმართულებით მოძრაობის რკალის შუაში, პლანეტა ზუსტად მზის საპირისირო წერტილზე ექცევა, რასაც პირისპირდგომას უწოდებენ (ოპოზიცია) (დედამიწა, მზესა და ამ პლანეტის შუაშია). გარკვეული დროის მერე, პლანეტა ისევ თითქოსდა ჩერდება და მოძრაობის მიმართულებას პირდაპირ იწყებს – ციკლი მეორდება.
პლანეტის მდებარეობას 900-ით აღმოსავლეთით მზიდან, აღმოსავლეთ კვადრატურა ეწოდება, 900-ით დასავლეთით – დასავლეთ კვადრატურა (იხილეთ ანალემაც).