ადამიანის სხეული დახლოებით 1028 რაოდენობის ნაწილაკისგან შედგება, აქვს 50-100 კილოგრამამდე წონა და დედამიწის ზედაპირზე დგას. ბნელი მატერიის ნაწილაკები კი არც სხვებს ეჯახება და არც თავის თავს, არ შედის ძლიერ და ელექტროსუსტ ურთიერთქმედებაში, მის შესახებ მხოლოდ გრავიტაციით შეიძლება ვიმსჯელოთ. რა დაგემართებოდათ, თქვენი სხეულის შემადგენელი ნაწილაკები, უცებ, ბნელი მატერიის ნაწილაკებად რომ გადაქცეულიყო?
სუბატომურ დონეზე ჩვენი ატომების ბირთვები ძლიერი ბირთვული ძალით არის შეკრული, რაც ერთ სხეულში მენდელეევის სისტემის მრავალი ელემენტის თანაარსებობას უზრუნველყოფს. მთლიანობას ელექტრომაგნიტური ძალა გვინარჩუნებს, ატომების დაკავშირებით მოლეკულებში, უჯრედებში, ორგანოებში და მთელს სხეულში. დედამიწის ზედაპირზე მიზიდულობა გვაკავებს, ხოლო ატომებს შორის ელექტრომაგნიტიზმი, მიწაში ჩავარდნისგან გვიცავს. ამასთან ერთად, დედამიწა მოძრაობს მზის გარშემო, რომელიც გალაქტიკაში მოძრაობს, გალაქტიკა კი კოსმოსურ სივრცეში მიქრის (საით და რა სიჩქარით მივქრით 2).
ბნელ მატერიად ქცეული თქვენი სხეული მთლიანობას დაკარგავს და თქვენ უბრალოდ გაქრებით. გაქრება ერთიანობის შემანარჩუნებელი ძლიერი და ელექტრომაგნიტური ძალები. ნაწილაკების ნარჩენი სითბური მოძრაობის გამო, გაჩენილი ბნელი მატერიის ნაწილაკები ყველა მიმართულებით გაიფრქვევა სიჩაქარით, რომელიც დედამიწის გრავიტაციის დასაძლევად არასაკმარისია. ყოველი ცალკეული ნაწილაკი, შემთხვევითი მიმართულებებით მოძრაობის მიუხედავად, ელიფსურ ორბიტაზე გადავა, დედამიწის ცენტრით მის ერთ-ერთ ფოკუსში (იოჰან კეპლერი და მისი კანონები). ჩვეულებრივ ნაწილაკებთან ურთიერთქმედების არ არსებობის გამო, ბნელი მატერია თავისუფლად გაივლის დედამიწის წიაღში და დაახლოებით 88 წუთში ისევ საწყის ადგილთან დაბრუნდება.
აღსანიშანვია, რომ ერთ დროს თქვენი სხეულის შემადგენელი ბნელი მატერიის ნაწილაკები, დედამიწაში გავლით ენერგიას არ კარგავენ. გრავიტაციის გარდა მათზე არაფერი მოქმედებს, ამიტომ ამ ორბიტაზე უსასრულოდ დიდი ხნით დარჩებიან.
დედამიწის გრავიტაციული ურთიერთქმედება მთვარესა და მზესთან, ჩვენი პლანეტის ბრუნვის სიჩქარეს ამცირებს. ოდნავ დიდი დღე იმას ნიშნავს, რომ ზედაპირის ნაწილები საწყის წერტილებზე დაბრუნებას მეტი ხანი მოანდომებს, ბნელი მატერია კი – არა.
ბნელი მატერია მხოლოდ გრავიტაციაზეა დამოკიდებული, ამიტომ იმ დიდი პერიოდის გავლის მერეც, როცა დედამიწა თავისი ბრუნვის სიჩქარეს შეიცვლის, ბნელი მატერია არანირ რეაგირებას არ მოახდენს.
სანამ სამყაროს გრავიტაციული ”ცეკვა” იარსებებს, ბნელი მატერია, რომელიც ერთ დროს დედამიწაზე მიბმული რჩებოდა, ყველა დანარჩენი მატერიის მიმართ გააგრძელებს დრეიფს, დროის მეტი ნაწილის დედამიწის სიღრმეებში გატარებით. დროდადრო, საწყის წერტილზე გაივლის, რადგან არანაირი გამფანტავი ძალა მასზე არ მოქმედებს. თქვენგან მხოლოდ ენერგია და იმპულსი დარჩება (ბნელი მატერიის ნაწილაკებისადმი კოლაიდერული მიდგომის ძიებაში).