“ახალი ჰორიზონტები”–ს მიერ მოწოდებული მონაცემები ორგანული ნივთიერებების, წყლისა და ენერგიის წყაროს არსებობაზე მიუთითებს – არის თუ არა პლუტონზე სიცოცხლისთვის აუცილებელი ელემენტები (nasa.gov)?
დიდი ხანია, პლუტონი შორეული, ცივი და მკვდარი სამყაროს ანალოგია, მაგრამ გასულ წელს მის სიახლოვეს ჩავლილმა კოსმოსურმა ხომალდმა – “New Horizons“, ამ შორეულ ჯუჯა პლანეტაზე სიურპრიზების მთელი კასკადი გამოავლინა.
მონაცემების ჩამოტვირთვა ოქტომბერში დასრულდა, თუმცა ინფორმაციის დამუშავებას – პლუტონის ზედაპირისა და სიღრმეების კომპლექსური ქიმიის და სავარაუდოდ, პრე–ბიოლოგიური ინოვაციური სამეცნიერო მოდელების შექმნას, წლები დასჭირდება: პლუტონის წყლის ყინულის მთები და ვაკეები რთული ორგანული ნისლის მრავალი განსხვავებული ფენითაა დაფარული; ზედაპირის ქვეშ მოძრავ ოკეანეში აქამდე უცნობი გეოლოგიური პროცესები მიმდინარეობს. ეს ყველაფერი სულაც არ ჰგავს იმ უინტერესო და ჩამკვდარ გარემოს, რომლის არსებობასაც ამდენი წელი ვარაუდობდნენ.
“აშკარაა, ეს ყველაფერი ა ს ტ რ ო ბ ი ო ლ ო გ ი ა ს უკავშირდება: სახეზეა ორგანული ნაერთები, წყალი და ენერგიის წყარო. სწორედ ასეთია “New Horizons”–ის მიერ გადაღებული მზით გადანათებული პლუტონის ატმოსფეროს ფოტოქიმია”- ამბობს “ახალი ჰორიზონტების” მისიის პლანეტურ მეცნიერებათა ჯგუფის წევრი, მაიკლ სამმერსი.
წებოვანი ნისლი
სამმერსი აღნიშნავს, რომ ერთი შეხედვით, პლუტონის ატმოსფეროს სურათი მას თავისი მრავალწლიანი კვლევის ობიექტს – სატურნისეულ ტიტანს აგონებს, რომელიც სქელი, ნარინჯისფერი ნისლითაა გარშემორტყმული. ტიტანი ერთად–ერთი მთვარეა მზის სისტემაში, რომელსაც მდგრადი ატმოსფერო და თხევადი (ნახშირწყალბადების) ჰიდროლოგიური ციკლი ახასიათებს – ეთანისა და მეთანის ტბები სიცოცხლისათვის საჭირო ორგანული ნაერთებით – თ ო ლ ი ნ ე ბ ი თ არის სავსე (ღრუბლები პლუტონზე).
თუმცა, ტიტანისაგან განსხვავებით, პლუტონის ატმოსფერო თხელი და ვრცელია – წებოვანი ნისლი ზედაპირიდან 200 კილომეტრზე მეტ სიმაღლეს აღწევს. საინტერესოა, რომ დაახლოებით 30 კილომეტრის სიმაღლეზე, პლუტონის ატმოსფერო ტიტანის ატმოსფეროს პარადოქსს “იმეორებს” – გამოთვლების მიხედვით, ამ ატმოსფერული რეგიონების ტემპერატურა ზედმეტად მაღალია იმისთვის, რომ კონდენსაციის შედეგად ნისლი გროვდებოდეს. მიუხედავად ამისა, NASA–ს კოსმოსური ხომალდი “კასინი” გვიჩვენებს, რომ ტიტანის ატმოსფეროში, ზედაპირიდან დაახლოებით 500–600 კილომეტრის სიმაღლეზე, მზის ულტრაიისფერი სხივების გავლენით, მეთანიდან რთული ნახშირწყალბადები ყალიბდება და თხევადი წვეთების სახით არსებობს (შეუძლებელი ღრუბელი ტიტანზე).
“ნისლი ტიტანის იონოსფეროში, დამუხტული ნაწილაკების ზონაში ფორმირდება. აქ ელექტრონები ნახშირწყალბადებთან რეაგირებენ, რის გამოც მცირე ზომის მოლეკულები ერთმანეთს ეწებება და დიდ, სტაბილურ ნაწილაკებს წარმოქმნის. რაც უფრო დიდია ეს ნაწილაკები, მით უფრო სწრაფად ეშვებიან ზედაპირზე, ხოლო მათი ზომები ტიტანის ზედაპირთან მიახლოებისას იზრდება, რაც ნისლსა და წვიმას აჩენს. პლუტონზე ასეთი დიდი ნაწილაკები არ დაიმზირება” – აღნიშნავს სამმერსი.
საყურადღებოა, რომ ტიტანის ზედაპირზე ატმოსფერული წნევა 1,5 ბარია, ხოლო პლუტონის ზედაპირზე – მხოლოდ 10 მილიბარი. თუმცა ეს, პლუტონზე მსგავსი პროცესების მიმდინარეობას არ გამორიცხავს. საინტერესოა, რომ დაბალი წნევა პლუტონის ნახშირწყალბადოვანი დამუხტული ნაწილაკების ფრაქტალებად ზრდას განაპირობებს, რის გამოც მასზე წვიმა კი არა, სავარაუდოდ – თოვლი მოდის.
კომპლექსური მოლეკულები
პლუტონზე გვხვდება ნახშირწყალბადები და ნიტრილები (თოლინების მსგავსი, აზოტშემცველი ეგზოტიკური ორგანული ნაერთები), რაც კიდევ უფრო საინტერესო წინაბიოლოგიურ გარემოს ქმნის. ციანიდის იონები ამ მოსაზრებას კიდევ უფრო ამყარებს. თოლინები და ნიტრილები, მზის ულტრაიისფერი გამოსხივების გავლენით წარმოიქმნება და ტიტანის ნისლის წითელ ფერს განაპირობებს. როგორც ჩანს, პლუტონის ზედაპირზე არსებული წითელი ლაქებიც თოლინების კვალია.
“წინასწარი გამოთვლების მიხედვით, პლუტონის ზედაპირული თოლინები 10–30 მეტრის სისქისაა, რაც კვადრატულ მეტრზე გაცილებით უფრო მეტ ბიომასას ქმნის, ვიდრე დედამიწაზე არსებული ტყეები. ამ ორგანულ ნაერთებს აქვთ უნარი, მზის ულტრაიისფერი გამოსხივების ყველა მოხვედრაზე სტრუქტურულად შეიცვალონ” – აღნიშნავს სამმერსი.
საინტერესოა, რომ წითელი ნივთიერება პლუტონის ყინულოვანი ვულკანების ქ ა ლ დ ე რ ე ბ ი ს (კრატერის ჩაშლით გაჩენილი ღრმული) გარშემოც დაიკვირვება. “არის შანსი, რომ პლუტონის ზედაპირის ქვეშაც თხევადი ოკეანეა, ისევე, როგორც ტ ი ტ ა ნ ზ ე (ტალღები არამიწიერ ოკეანეში), ე ნ ც ე ლ ა დ ე ს ა (ენცელადის თბილი ოკეანე) და ე ვ რ ო პ ა ზ ე (სიცოცხლის არსებობისათვის ვარგისი ოკეანე ევროპაზე). თუმცა ამ სამი მთვარის თხევად ოკეანეთა წყარო იმ უზარმაზარი პლანეტებით გამოწვეული გრავიტაციული ძვრებია, რომლის გარშემოც ისინი მიმოიქცევა. რაც შეეხება პლუტონს – მისი ენერგიის წყარო პლანეტის რადიოაქტიური ბირთვი უნდა იყოს, რაც მისი ღრმა ფენების თხევად მდგომარეობაში შენარჩუნებას უზრუნველყოფს. არის თუ არა სიცოცხლის არსებობის წინაპირობა პლუტონზე? არ ვიცი. მთელი ცხოვრებაა პლუტონს ვსწავლობ და იმას, რაც ახლახანს აღმოვაჩინეთ – ადრე ვერაფრით წარმოვიდგენდი” – ამბობს სამმერსი (მისია „ახალი ჰორიზონტების“ ათი მთავარი აღმოჩენა).
ავტორი: მარიკა ტარასაშვილი.