Dawn(NASA. „განთიადი“)-მა ჯუჯა პლანეტა ცერესის ზედაპირის უახლესი გამოსახულებები გადმოსცა(nasa). 385 კილომეტრის სიმაღლიდან გადაღებულ სურათებზე კაშკაშა ნივთიერებებით სავსე კრატერები ჩანს.
34 კილომეტრი დიამეტრის მქონე კრატერის – ჰაულანი, დამრეც კედლებს გრუნტის ხშირი ჩამოცოცების კვალი ეტყობა. ფრსკერზე კი გლუვი ნაშალია დალექილი. მაღალი გარჩევადობის, ხელოვნურად შეფერადებული გამოსახულებებით, მეცნიერებს საშუალება მიეცათ ზედაპირის მორფოლოგიურ დეტალებსა და გრუნტის მასალების ქიმიურ შედგენილობას შორის კავშირი დაედგინათ. კარგად ჩანს ამოფრქვეული მოლურჯო ფერის მანათობელი ნაყარი, რაც ახლადგაჩენილ გეოლოგიურ წარმონაქმნებს ახასიათებს.
კრატერი ჰაულანი, დიამეტრი – 34 კილომეტრი. მის დამრეც კალთებზე გრუნტის ხშირი ჩამოცოცების კვალი დაიმზირება(NASA/JPL-Caltech/UCLA/MPS/DLR/IDA).
„ჰაულანი, სხვა წარმონაქმნებზე გაცილებით ახალი, დარტყმითი წარმოშობის კრატერია. ცერესის რუხი ფერის ფონზე, კრატერიდან ამოფრქვეული ნივთიერება მკვეთრ კონტრასტს ქმნის” – ამბობს მარტინ ჰოფმანი, Dawn–ის ფოტოკამერის მართვის ჯგუფის ხელმძღვანელი, გერმანიის ქალაქ გოთინგენის, მაქს პლანკის სახელობის მზის სისტემის კვლევის ინსტიტუტის პროფესორი. – “კრატერი მრავალკუთხოვანი მოხაზულობისაა, რაც მის განსაკუთრებულობაზე მიუთითებს, რადგანაც ყველა სხვა კრატერის მოხაზულობა, რაც კი ციური სხეულების ზედაპირზე გვინახავს, დედამიწის ჩათვლით, თითქმის წრიულია. საერთოდ, ცერესის ყველა კრატერი მის სიღრმეში ოდესღაც მიმდინარე გეოლოგიური ძვრებისა და ამოფრქვევების შედეგად წარმოიქმნა”.
ცერესის ფარული საგანძური 10 კილომეტრი სიგანის კრატერია, სახელად – ოქსო(Oxo Crater), რომელიც მინერალების სიკაშკაშით, მხოლოდ კრატერს – ოკატორი(Occator Crater), თუ ჩამოუვარდება. ოქსო, მერიდიანიდან 0 გრადუსზე მდებარეობს, ამიტომ ის მოგვიანებით შეამჩნიეს. ოქსოს უნიკალურობა ისაა, რომ ამოფრქვევების შედეგად ის, ცერესის ზედაპირის ქვეშ „ჩავარდა”. მეცნიერები დიდი ინტერესით იკვლევენ კრატერის ღრმულში მოხვედრილ მინერალებს, რადგან, როგორც აღმოჩნდა, მათი ქიმიური შემადგენელი ყველა სხვა კრატერის მინერალებისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
“პატარა ოქსო საშუალებას მოგვცემს დეტალურად შევისწავლოთ ცერესის ზედაპირული ფენები” – ამბობს კრის რასელი, მისიის მთავარი მეცნიერ–მკვლევარი, ლოს ანჯელესის უნივერსიტეტის პროფესორი(კალიფორნია).
httpv://youtu.be/AtLdprhvtVE?list=PLTiv_XWHnOZpbLZz4C2iQW2bgfdzKMbh
NASA–ს ხომალდმა – Dawn, ამ ჯუჯა პლანეტის ზედაპირზე უამრავი საინტერესო წარმონაქმნი გამოავლინა. ოქსოს უნიკალურობა იმაშია, რომ ამოფრქვევების შედეგად ის, ცერესის ზედაპირის საერთო სიმაღლის დონეზე დაბლა მოექცა(NASA/JPL-Caltech/UCLA/MPS/DLR/IDA/PSI).
Dawn–ს სარაკეტო ძრავების ლაბორატორიის(JPL) სამეცნიერო მისიების ვაშინგტონის განყოფილება მართავს; ის, პროგრამა Discovery–ს ნაწილია, რომელსაც NASA–ს მარშალის კოსმოსური კვლევების ცენტრი უწევს მეთვალყურეობას, ალაბამას შტატის ქალაქ ჰანსვილიდან. მიღებული მონაცემების მეცნიერულ დამუშავებაზე პასუხისმგებელია ლოს ანჟელესის კალიფორნიის უნივერსიტეტი – UCLA. ხომალდი აგებულია ვირჯინიის შტატის ქალაქ დულესში, კომპანია Orbital ATK Inc–ის მიერ; მისიის საერთაშორისო პარტნიორები არიან: გერმანიის აეროკოსმოსური ცენტრი, მზის სიზტემის კვლევის მაქს პლანკის სახელობის ინსტიტუტი, იტალიის კოსმოსური სააგენტო და იტალიის ეროვნული ასტროფიზიკური ინსტიტუტი(dawn.jpl.nasa.).
ავტორი: მარიკა ტარასაშვილი.