NASA–ს კოსმოსურმა ხომალდმა “Cassini”–მ, ახალი სურათები გადმოსცა, რომლებიც ადასტურებს, რომ სატურნის მთვარეზე – ტიტანი, ზამთრის სეზონი იწყება(nasa.gov/cassini; saturn.jpl.nasa.gov).
ტიტანის სამხრეთ პოლუსთან, ატმოსფეროს ზედა და შუა სტრატოსფეროში უზარმაზარი ყინულოვანი ღრუბელი შენიშნეს, რომელიც ტროპოსფერულ ამინდზე ახდენს ზეგავლენას.
„Cassini”–ს კამერამ ჯერ კიდევ 2012 წელს გადაიღო მცირე ზომის ყინულოვანი ღრუბელი, ზედაპირიდან 300 კილომეტრის სიმაღლეზე, რომელიც მხოლოდ “აისბერგის წვერი” აღმოჩნდა – მალე, მის ქვემოთ 200 კმ. სიმაღლეზე, სტრატოსფეროში გაწოლილი გაცილებით უფრო დიდი ყინულოვანი ღრუბელი აღმოაჩინეს.
ახალი ღრუბელი “Cassini”–ს ინფრაწითელმა სპექტრომეტრმა CIRS–მა (Composite Infrared Spectrometer) დააფიქსირა, რომელიც უხილავი ინფრა–წითელი სხივების დიაპაზონში იკვლევს ატმოსფეროს; ღრუბელი დაბალი სიმკვრივისაა – როგორც დედამიწის ნისლი და ბრტყელი ფენებისაგან შედგება. ამ ინსტრუმენტის დამსახურებით გაირკვა, რომ ტიტანზე ზამთრის სეზონი 7,5 დედამიწისეული წლის განმავლობაში გრძელდება. გამოდის, რომ 2017 წელს, როდესაც “Cassini”–ს მისსია დასრულდება, ტიტანი კვლავ ზამთრის საბურველში იქნება გახვეული.
“ტიტანის პოლარული ღრუბლები, დედამიწის ღრუბლების მსგავსად აორთქლებითა კონდენსაციის პროცესებით არ ფორმირდება” – ამბობს კერი ანდერსონი, NASA–ს გოდარდის კოსმოსური ფრენების ცენტრის მეცნიერი; – “ტიტანზე გვაქვს ცივი და თბილი ნახევარსფეროები; ცივ პოლუსზე თბილი ჰაერი იძირება, როგორც ოკეანური დინება, და ჩაძირვასთან ერთად სულ უფრო დაბალი ტემპერატურების ზეგავლენას განიცდის. ეს ნისლისმაგვარი ატმოსფერული მასები ნახშირწყალბადებისა და აზოტოვანი ნაერთების – ნიტრილებისგან შედგება, ამიტომ ყოველი კომპონენტი თავის დამახასიათებელ ტემპერატურაზე იყინება, რაც ბრტყელი ფენების მქონე, სხადასხვა სიმაღლეზე გაშლილ გიგანტურ ღრუბელს წარმოქმნის.
2004 წელს, როდესაც “Cassini” სატურნს მიუახლოვდა, ტიტანზე შუა ზამთარი იდგა და წლების განმავლობაში ხომალდმა ღრუბლების სეზონური გაქრობა და გამოჩენა ორჯერ დააფიქსირა, თუმცა – ტიტანის ჩრდილოეთ პოლუსზე. სამხრეთ პოლუსზე გიგანტური ყინულოვანი ღრუბლის გაჩენა კი იმაზე მიუთითებს, რომ სატურნის მთვარის გლობალური ატმოსფერული ცირკულაციის მიმართულებები რადიკალურად იცვლება.
პოლარული ღრუბლების ზომის, სიმაღლისა და ქიმიური შედგენილობის კვლევა, ტიტანის უჩვეულო, მკაცრი და მოუსვენარი ატმოსფეროს კვლევაში ეხმარება მეცნიერებს. როგორც აღმოჩნდა, სამხრეთული ზამთრი ჩრდილოეთისაზე გაცილებით მკაცრია – აქ ტემპერატურა –150˚C–მდე შეიძლება ჩამოვიდეს.
“კასინი-ჰიუიგენსი“–ს მისია NASA–ს, ESA–ს (ევროპის კოსმოსური სააგენტო)) და იტალიის კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი მუშაობის შედეგია, რომელსაც NASA–ს რეაქტიული რავების ლაბორატორიის (JPL) ვაშინგტონის განყოფილების დირექტორატი მართავს. CIRS–ის მართვის ცენტრი კი გოდარდშია განთავსებული(წყალქვეშა ნავი ტიტანის შესასწავლად).
ავტორი: მარიკა ტარასაშვილი (ასტრობიოლოგი).