მეტეორული “წვიმა” ლეონიდები – მაქსიმუმი 17-18 ნოემბერს

 ”ვარსკვლავების ცვენად” მონათლული მოვლენა უძველესი დროიდან არის ცნობილი, რომელიც სინამდვილეში, მეტეორულ ნაკადს წარმოადგენს. სანახაობა საკმაოდ შთამბეჭდავია – ვარსკვლავებიან ცაზე, უეცრად შემოჭრილი მეტეორების ელვარე კვლები ჩნდება.

 ადრე, ეს მოვლენა ვარსკვლავის მოწყვეტა ეგონათ, თუმცა ცვივა არა ვარსკვლავები, არამედ დახლოებით 1 მილიმეტრისა და ცოტა მეტი ზომის პატარა ნაწილაკები. დედამიწის ატმოსფეროში ძალიან მაღალი სიჩქარით შემოჭრილი ნაწილაკი – ჰაერთან ხახუნით ცხელდება და ბოლომდე იწვება. ზოგიერთი მათგანი დედამიწის ზედაპირამდეც აღწევს. დღე-ღამის განმავლობაში დედამიწის ატმოსფეროში 100 მილიონამდე მეტეორი ინთება, თუმცა მათი უმრავლესობა დედამიწელი დამკვირვებლისთვის შეუმჩნეველი რჩება.

 მეტეორული ნაკადი რადიანტით (შემოსვლის წერტილით) ლომის თანავარსკვლავედში, ძლიერი მეტეორული “წვიმებითაა” ცნობილი. ლაპარაკია ლეონიდებზე, რომელიც 55P/თემფლ-ტატლის კომეტას უკავშირდება (დედამიწა მის მიერ გამოფრქვეული ნაწილაკებით სავსე ორბიტას კვეთს). აქვს კარგად გამოხატული 33 წლიანი პერიოდი. პერიჰელიუმი (მზესთან უახლოესი წერტილი ორბიტაზე) ბოლოს კომეტამ 1998 წელს გაიარა და მომავალში 2031 წელს გაივლის. ნაკადისთვის თეთრად მოელვარე სწრაფი მეტეორებია დამახასიათებელი, ისინი ატმოსფეროში 71 კმ/წმ. (!!!) სიჩქარით იჭრებიან.

 ყველაზე ძლიერი ლეონიდები 1966 წელს დაიმზირებოდა, როცა ყოველ საათში დედამიწის ატმოსფეროში 150 ათასი მეტეორი იწვებოდა.

 რა თქმა უნდა, მეტეორები არა მარტო რადიანტთან, არამედ მთელი ცის თაღზე ჩანს, თუმცა ცის ერთი ნაწილიდან შემოდიან. მეტეორების ერთი წერტილიდან შემოსვლა მოჩვენებითი მოვლენაა. ეს შეიძლება შევადაროთ რკინიგზებს, რომლებიც შორს თითქოს ერთმანეთს უერთდება, რაც ასე არ არის, იგივე ხდება მეტეორების შემთხვევაშიც.

 იმისათვის, რომ მეტეორულ წვიმას დავაკვირდეთ, არ არის საჭირო არანაირი მოწყობილობა, ისინი შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, მთავარია ცა იყოს მოწმენდილი და სანახაობას სავსე მთვარე და ღრუბლები არ გადაეფაროს წინ. გადაღებისთვის გამოსადეგია ირმის ნახტომის გადაღების მეთოდი.

2020 წ.

2 comments

  1. კიდევ როდის იქნება მეტეოროიდთა წვიმა?

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.