NASA-ს საიტზე არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ ნოემბერში მზე ორი კვირით დაბნელდება. სამაგიეროდ, ქართულმა ინტერნეტ გვერდებმა, სანდო წყაროს მითითების გარეშე, გამოაქვეყნა ინფორმაცია მოსალოდნელი ასტრონომიული მოვლენების მიმდევრობის შესახებ, რომლებიც მზის „გამორთვას“ გამოიწვევს. ფანტასტიკური ჟანრის რომანისა არ იყოს, რომელშიც ვენერა ელვარებას უმატებს, იუპიტერისეულ გაზებს აცხელებს, წყალბადის უზარმაზარი მასების გამოდევნის პროვოცირებას ახდენს და მზეზე მეგააფეთქების მიზეზი ხდება.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ ვენერასა და იუპიტერს შორის ძალინ დიდი მანძილია. უფრო მეტიც, ვენერა არეკლილი სინათლით ანათებს, ის ხომ პლანეტაა და არა ვარსკვლავი. მეგააფეთქება მზეზე მაშინ არის შესაძლებელი, თუ მისი მასა სამჯერ მაინც მოიმატებს. ყველა პლანეტა და მთელი მზის სიტემა რომ მზეზე დაეცეს, მაინც არაფერი მოხდება, რადგან მთელი სისტემის მასის 99% თვითონ მნათობზე მოდის.
ამ უცნაურ სტატიებში ნათქვამია, რომ აფეთქების მერე, მზე გალურჯდება. მზის ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით 6000 გრადუსია, კლასიფიკაციის მიხედვით ის – ყვითელი ვარსკვლავია, ყვითელი ჯუჯა. 10 000 გრადუსამდე რომ გაცხელებულიყო, თეთრი გახდებოდა, ხოლო 60 000 გრადუსამდე – ცისფერი. ასეთ ტემპერატურამდე მხოლოდ ცისფერი გიგანტები და ზეგიგანტები ცხელდება, რაც უფრო მასიურია ვარსკვლავი, მით უფრო ცხელი და ელვარეა ის. ჩვენს მნათობს ზეგიგანტობამდე ძალინ ბევრი აკლია, როგორც უკვე ავღნიშნეთ – ჯუჯა ვარსკვლავია. ანუ, უფრო ცხელი და ელვარე თუ გახდა, როგორღა დაბნელდება?!(უდაბნოს თეთრი მზე).