3I/ATLAS – რეკორდული სიჩქარით მოძრავი ვარსკვლავთშორისი სტუმარი

 დაახლოებით 6 კილომეტრამდე (ზუსტდება) დიამეტრის მქონე კომეტა, 2025 წლის ივლისის დასაწყისში შენიშნეს. მეცნიერებმა სწრაფადვე დაადგინეს, რომ ის არა მზის, არამედ გალაქტიკაში მდებარე რომელიღაც ვარსკვლავის სისტემიდან უნდა ყოფილიყო. კომეტის სიჩქარე მზესთან მიმართებაში 58 კილომეტრია წამში, რამაც მაშინვე მიიპყრო ყურადღება. შედარებისთვის, პირველი ცნობილი ვარსკვლავთშორისი სტუმარი ოუმუამუა, 26 კილომეტრი  წამში სიჩქარით მოძრაობდა, ხოლო ბორისოვის კომეტა – 32 კილომეტრი წამში.

 ასტროფიზიკოსებმა ამ კომეტის ტრაექტორიის დაახლოებითი რეკონსტრუქცია სცადეს და საინტერესო დასკვნამდე მივიდნენ, რომელიც arXiv.org-ზეც არის ხელმისაწვდომი. თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობების წყალობით, მეცნიერებმა შეძლეს ობიექტის ტრაექტორიის თვალყურის დევნება ბოლო 100 მილიონი წლის განმავლობაში. შემდეგ მათ იგივე გზით „დრო უკან დააბრუნეს“ ჩვენს გალაქტიკაში არსებული 30 მილიონი ვარსკვლავისთვის, რომლებიც Gaia-ს კატალოგშია რეგისტრირებული.

 აღმოჩნდა, რომ კომეტა, 25 მათგანს  მიუახლოვდა. ყველაზე ახლოს იყო 1,64 მილიონი წლის წინ, წითელი ჯუჯების წყვილთან – G 137-54 და G 137-55. კომეტა მათ ერთი სინათლის წლის მანძილზე მიუახლოვდა და 28 კილომეტრი წამში სიჩქარით ჩაუქროლა. ზოგიერთ სხვა ვარსკვლავთან მიმართებით, ის 100 კილომეტრი წამზე მეტი სიჩქარით მოძრაობდა.

 აქედან გამომდინარე, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ განხილული სისტემებიდან არცერთი არ შეიძლებოდა ყოფილიყო 3I/ATLAS-ის „სამშობლო“: გამოთვლების თანახმად, მათში არსებული ვარსკვლავებისა და პლანეტების ვერანაირ გრავიტაციულ ზემოქმედებას შეეძლო ციური სხეულის ვარსკვლავთშორის სივრცეში ასეთი სიჩქარით გადაგდება. ვერც მის გზაზე მდებარე სხვა ობიექტებთან ახლოს გავლით შეძლებდა ასეთი სიჩქარის შეძენას. გამოდის, რომ ობიექტ 3I/ATLAS-ს მანამდევე ეს სიჩქარე ჰქონდა. ჯერ კიდევ გასარკვევია, ზუსტად როგორ მოახერხა მან ამის გაკეთება.

 ახალ სურათებზე კარგად ჩანს კუდი – ყინულისა და მტვრის ამონაფრქვევი, რომელიც მზის “ქარის” ზემოქმედებით წარმოიქმნება. ასევე შესამჩნევია კომა – კომეტის ბირთვის გარშემო არსებული ღრუბელი. მზესთან მიახლოებასთან ერთად, კუდი გაიზარდა და კომა გაფართოვდა, რამაც ობიექტი უფრო კაშკაშა გახადა, ოღონდ არა შეუიარაღებელი თვალისთვის.

 3I/ATLAS-მა პერიჰელიონი, მზესთან უახლოსი წერტილი, 29 ოქტომბერს გაიარა, მაგრამ ამ დროს ის ვარსკვლავის მეორე მხარეს აღმოჩნდა და მისი დაკვირვება შეუძლებელი იყო. 19 დეკემბერს, 3I/ATLAS პერიგეას, დედამიწასთან უახლოს წერტილს გაივლის, დაახლოებით 275 მილიონი კილომეტრის მანძილზე, რის შემდეგაც, იუპიტერთან ახლოს გავლის მერე, მზის სისტემის დატოვების გზას დაადგება.

 კომეტის ქცევაში უჩვეულო იყო სიკაშკაშის მკვეთრი ზრდა ორი ვარსკვლავური სიდიდით, მზიდან 2,5 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე (370 მლნ.კმ.). ეს ზრდა დაემთხვა წყლის ყინულის აქტიური სუბლიმაციის დაწყებას და დიფუზური კომის განვითარებას. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გაცხელების შედეგად, თუმცა ხანმოკლე დროით, თხევადი წყალი კომეტის ფოროვან ფენაში შევიდა და მეტალის მარცვლებს შეეხო.

 ეს პროცესი, რომელიც  ფიშერ-ტროპშის რეაქცის სახელით არის ცნობილი, ძალიან ენერგიულია და შეიძლება არა მხოლოდ კომეტის კომის უჩვეულო მორფოლოგია ახსნას, მისი მრავალრიცხოვანი ჭავლებით, არამედ მისი აირისებრი გარსის ანომალიური ქიმიური შემადგენლობაც. კერძოდ, 3I/ATLAS-ის კომაში ადრე აღმოჩენილი იყო CO-ის და CO2-ის უჩვეულოდ მაღალი სიჭარბე, ასევე ნიკელის შთანთქმის ხაზები – იშვიათობა მზის სისტემის ტიპიური კომეტებისთვის. ლითონებთან დაკავშირებული რეაქციები შეიძლება პასუხისმგებელი იყოს ამ კონკრეტული ნივთიერებების გამოყოფაზე.

 მეცნიერები ასკვნიან, რომ 3I/ATLAS უძველესი, ფოროვანი და აქროლადი ნივთიერებებით მდიდარი სხეულია, რომელიც შემადგენლობით ჩვენი მზის სისტემის კიდისკენ მდებარე ტრანსნეპტუნური ობიექტების მსგავსია. მისი უნიკალური თვისებები, მათ შორის ლითონის მაღალი შემცველობა, მას სხვა პლანეტური სისტემიდან ძვირფას „მაცნედ“ აქცევს, რაც საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ ფიზიკური და ქიმიური პროცესები, რომლებიც მილიარდობით წლის წინ მოხდა შორეულ პროტოპლანეტურ დისკოში. ეს კვლევა ხაზს უსვამს მომავალი მისიების მნიშვნელობას, როგორიცაა ევროპის კოსმოსური სააგენტოს კომეტების გზის გადამჭრელი (Comet Interceptor), ასეთი ვარსკვლავთშორისი მოგზაურების უშუალოდ შესასწავლად.

 მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფის გამოთვლებით, ობიექტი, სავარაუდოდ, მშვილდოსნის თანავარსკვლავედის მიმართულებოდან მოვიდა და ჩვენს მზის სისტემას 2026 წელს დატოვებს, ტყუპების თანავარსკვლავედის მიმართულებით. თუმცა, მანამდე, 2026 წლის 16 მარტს, კომეტა შესაძლოა ე.წ. ჰილის სფეროს რადიუსის მანძილზე მიუახლოვდეს იუპიტერს, რაც დაახლოებით 0,355 ასტრონომიული ერთეულია (53 მლნ.კმ.). ჩვენი მზის სისტემის უდიდესი პლანეტის გრავიტაციულმა გავლენამ კომეტის კურსი შეიძლება შეცვალოს.

 მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ არსებობს ფაქტორები, რომლებსაც პროგნოზებში გაურკვევლობა შეაქვს, განსაკუთრებით, ობიექტის არაგრავიტაციული აჩქარება. ეს აჩქარება, რომელიც გამოწვეულია ისეთი პროცესებით, როგორიცაა მატერიის აორთქლება კომეტის ზედაპირიდან მზის სითბოს და მზის რადიაციის წნევის ზემოქმედებით, ჯერ ზუსტად არ არის გაზომილი. მოდელირება აჩვენებს, რომ თუ არაგრავიტაციული აჩქარება მცირეა, მისი გავლენა ტრაექტორიაზე უმნიშვნელო იქნება, მაგრამ უფრო მაღალმა მნიშვნელობებმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს 3I/ATLAS-ის მომავალი გზა. უფრო ზუსტი მონაცემების მისაღებად საჭიროა დამატებითი დაკვირვებები. კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ იუპიტერის ორბიტაზე მომუშავე კოსმოსური ხომალდის, „ჯუნოს“ გამოყენებით კომეტის შესწავლის ოპტიმალური პერიოდი 2026 წლის 9-დან 22 მარტამდე პერიოდი იქნება, როდესაც მასა და კომეტას შორის მანძილი შესაძლო მინიმუმამდე შემცირდება.

 ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა, ახალი კოსმოსური ტელესკოპით (SPHEREx) მიღებული მონაცემების გამოყენებით, უნიკალური ინფორმაცია მოიპოვა აქამდე დაფიქსირებულთა შორის მესამე ვარსკვლავთშორისი ობიექტის – 3I/ATLAS-ის შესახებ.

 NASA-ს მიერ 2025 წლის მარტში გაშვებულმა SPHEREx-მა იმავე წლის აგვისტოში, მზის სისტემის შიდა ნაწილში ფრენისას, 3I/ATLAS-ის მახასიათებლები შეისწავლა. დადგინდა, რომ ობიექტიდან CO₂ ემისიის სიჩქარე ხუთჯერ აღემატება წყლის ემისიის სიჩქარეს, ხოლო CO-ს შემცველობა უკიდურესად მცირეა. ასეთი თანაფარდობა, სიკაშკაშის მნიშვნელოვანი რყევებთა და ბირთვზე დიფუზური კომის სინათლის დომინირებასთან ერთად, მზის სისტემაში არსებული „ჰიპერაქტიური“ მოკლეპერიოდიანი კომეტის, 103P/ჰართლის ქცევას ჰგავს. ასეთი კომეტები, მათი აქტიური სიცოცხლის გვიან სტადიაზე, ხასიათდება გაზის უხვი ემისიით არა ბირთვის ზედაპირიდან, არამედ მიმდებარე კომაში არსებული დიდი ყინულოვანი ნარჩენებიდან (“მიწიერი” წყალი კომეტაზე).

 ეს ნიშნები იმაზე მიუთითებს, რომ 3I/ATLAS-ი თავისი პრეისტორიის პერიოდში ინტენსიური გათბობის ქვეშ იმყოფებოდა. კვლევის ავტორები თვლიან, რომ ობიექტმა ასობით ან ათასობით ახლო შეხება განიცადა დედავარსკვლავთან, სანამ ნეპტუნთან შედარებადი ან მასზე დიდი მასიური სხეულის გრავიტაციული მიზიდულობის შედეგად ვარსკვლავთშორის სივრცეში გამოიტყორცნებოდა. 3I/ATLAS-ს ეს განასხვავებს თითქმის არააქტიური პირველი ვარსკვლავთშორისი ობიექტისგან, ოუმუამუასგან, ასევე ყინულით მდიდარი კომეტის, ბორისოვისგან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ასეთი სხეულები თავიანთ პლანეტურ სისტემებეს კარგად ევოლუციონირებული შეიძლება ტოვებდნენ.

 კომეტის წარმოშობასთან დაკავშირებით, ასტრონომები თვლიან, რომ ის შესაძლოა გალაქტიკის ე.წ. სქელი დისკოდან ან ირმის ნახტომის თხელ და სქელ დისკოებს შორის გარდამავალი ზონიდან იყოს. ობიექტის მაღალი სიჩქარე და მისი მოძრაობის ბუნება მიუთითებს, რომ 3I/ATLAS ძალიან ძველი ობიექტია და შესაძლოა, ჩვენს მზის სისტემაში შემოსვლამდე მილიარდობით წლის განმავლობაში მარტო მოგზაურობდა. კომეტა 3I/ATLAS ჩვენი გალაქტიკის სხვა ნაწილებში არსებული პირობების შესახებ ინფორმაციის ღირებული წყაროა.

 ასტრონომები იმედოვნებენ, რომ მომდევნო თვეებში ამ ობიექტის შესახებ რაც შეიძლება მეტ მონაცემს შეაგროვებენ. წინასწარი დაკვირვებები აჩვენებს, რომ 3I/ATLAS შეიცავს მეტ წყალს და ნახშირორჟანგს, ვიდრე კომეტების უმეტესობა (მზის სისტემის სამი ვარსკვლავთშორისი სტუმარი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.