ყველაზე მძლავრი გამა-ანთება (GRB 221009A), რომელიც მეცნიერთათვის არის ცნობილი, დედამიწიდან 1,9 მილიარდი სინათლის წლის მანილზე, თანავარსკვლავედ ისრისკენ მდებარე გალაქტიკაში არსებული მასიური ვარსკვლავის ზეახლად აფეთქებამ გამოიწვია. თვითონ ვარსკვლავი კი შავ ხვრელად გადაიქცა. აფეთქების გამოძახილმა 2022 წლის 9 ოქტომებრს მოაღწია დედამიწამდე და 7 წუთი გრძელდებოდა. ასეთ ყველაზე უჩვეულოდ მძლავრ გამა-ანთებებს BOAT-ს უწოდებენ (ინგლ. Brightest Of All Time). მეცნიერების თქმით, ეს რომ ჩვენს გალაქტიკაში მომხდარიყო, ოზონის შრის განადგურებას და მასობრივ გადაშენებას გამოიწვევდა. გამა სხივების წვიმამ უპერცედენტო შეშფოთებები გამოიწვია იონოსფროში, 500 კმ. სიმაღლეზე და ქვემოთაც, ანომალიურად ძლიერი იონიზაცია მოახდინა დედამიწის მზით განათებულ მხარეზეც (პირველ სურათზე გამა-ობსერვატორია “სვიფტი” (NASA)) (nature.com).
მეცნიერები, სამყაროს სხვადასხვა კუთხიდან მომავალ გამა-სხივებს მუდმივად აფიქსირებენ. მცირე ხანგრძლივობის მიუხედავად, წამზე მცირე დროდან რამდენიმე წუთამდე, ამ მაღალენერგიულ ასტრონომულ გამოცანებს მომაკვდინებელი ძალა გააჩნია. ბოლო დრომდე მათ შესახებ ბევრი არაფერი იყო ცნობილი. 1960 წელს, გამა-ანთებები სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს. ცივი ომის დროს, საბჭოთა კავშირის მხრიდან არაკანონიერი ატომური აფეთქებების დასაფიქისრებლად აშშ-მ, კოსმოსური თანამგზავრების გამოყენება დაიწყო. ეს თანამგზავრები გამა-გამოსხივების დეტექტორებით იყო აღჭურვილი, რადგან ატომური აფეთქების დროს დიდი რაოდენობით ამ სახის რადიაცია გამოიყოფა. ამერიკელი სამხედროები გაკვირვებულები დარჩნენ იმ ფაქტით, რომ გამა-სხივები არა დედამიწის ზედაპირიდან, არამედ ღია კოსმოსიდან მოდიოდა.
რას წარმოადგენენ გამა-ანთებები? როგორ ფორმირდება და სად? (კოსმ.სხივები) ბოლო 15 წლის განმავლობაში, დაკვირვებებმა ორბიტული თუ ზედაპირული ტელესკოპებით, მეცნიერებს მონაცემთა დიდი რაოდენობა დაუგროვა, რაც მათ ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემაში ეხმარება.
მეცნიერებმა, გამა-ანთებების 2 ტიპი გამოყვეს: მოკლე – 0,3 წამის ხანგრძლივობით და ხანგრძლივი – 30 წამიდან რამდენიმე წუთამდე. ექსპერტები ეჭვობენ, რომ ანთებათა ამ ტიპებს განსხვავებული წარმომავლობა აქვს. მოკლე ანთებები კიდევ უფრო რთულ გამოცანად რჩება.
ხანგრძლივი ანთებები განსაზღვრული ტიპის ვარსკვლავებში ხდება, ისინი ”ვოლფ-რაიეს” სახელით არის ცნობილი. ეს ვარსკვლავები უზარმაზარი ზომის, თან ზეცხელები და მასიურებია. ისინი ვარსკვლავური მატერიის დიდ მასას გამოტყორცნიან კოსმოსში. ასეთი ტიპის ვარსკვლავები ჩვენს გალაქტიკაშიც არის, ასევე სამყაროს შორეულ კუთხეებშიც, ისე შორს, რომ მათი ციმციმის დანახვა ზემძლავრ ტელესკოპებსაც კი არ შეუძლია, აი მათი ზეახლად აფეთქება კი სრულიად სხვა ამბავია.
სიცოცხლის ბოლოს, სანამ შავ ხვრელად შეიკუმშებიან, ვოლფ-რაიეს ვარსკვლავები ზეახლად ფეთქედებიან. აფეთქების დროს, ენერგიის ზემძლავრი კონა ვარსკვლავიდან თითქმის სინათლის სიჩქარით მიიკვლევს გზას. გამა-ანთება, ვარსკვლავიდან მანამდე ამოფრქვეულ გაზ-მტვერთან აფეთქების ტალღის შეჯახების მომენტში ჩნდება. აფეთქების ტალღა გაზის ნაწილაკებთან და მტვერთან დეტონირებს, ყველა ზომისა და დიაპაზონის ნაწილაკების გააჩენით, რენტგენის სხივებით დაწყებული, ხილული სპექტრით დამთავრებული. სწორედ ამ დრამატულ მოვლენებს ვხედავთ ჩვენ დედამიწიდან.
გამა-სხივები მილიარდობით წელი მოგზაურობენ, სანამ დედამიწამდე მოაღწევენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი სიჩქარე სინათლის სხივის სიჩქარის ტოლია (ელექტრომაგნიტური სხივების სიჩქარე ვაკუუმში – 300 000 კმ/წმ.). ამიტომ, გამა-ანთებები, რომლებსაც ჩვენ ახლა ვხედავთ, მაშინ მოხდა, როცა სამყროს ასაკი ახლანდელის ნახევარი იყო.
რა მოხდება, თუ ირმის ნახტომის ერთ-ერთი ვარსკვლავი გამა-ანთების წყაროდ იქცევა? ტეხასის უნივერსიტეტის ასტრობიოლოგი, ადრიან მელოთი ამბობს, რომ ასეთი რამ ადრეც ხდებოდა და საფრთხეს უქმნიდა სიცოცხლეს.
პალეონტოლოგ ბრიუს ლიბერმანთან (კანზასის უნივერსიტეტი) და სხვა მეცნიერებთან ერთად ჩატარებულ სამუშაოებზე დაყრდობით, მელოთი ასკვნის, რომ დედამიწაზე მასშტაბებით მეორე მასობრივი გადაშენების მიზეზი ერთ-ერთი გამა-ანთება იყო.
440 მილიონი წლის წინათ გადაშენება მაშინ მოხდა, როცა დედამიწაზე წყლის სიცოცხლე ყვაოდა. ლიბერმანი მაშინდელ პერიოდს ასე აღწერს: ”იმ დროს უცხოპლანეტელებს დედამიწა რომ ენახათ, მას ალბათ ტრილობიტების პლანეტას უწოდებდნენ”. ტრილობიტები კიბოსმაგვართა ოჯახს მიეკუთვნებოდნენ. მასიური გადაშენების დროს, სიცოცხლის სხვა ფორმათა ორ მესამედთან ერთად ისინიც გაქრა.
დიდი ხნის განმავლობაში, მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ გადაშენების მიზეზი გამყინვარება იყო. თუმცა ამ თეორიას ერთი დიდი ნაკლი აქვს: არ არსებობდა უეცარი მასიური აცივების მიზეზი. ლიბერმანი არ არის დარწმუნებული იმაში, რომ გამყინვარებამ ამდენი სახის ცოცხალი არსება გაანადგურა:” პლანეტის გეოლოგიურ წარსულში გამყინვარების სხვა პერიოდებიც იყო, მაგრამ არც ერთ მათგანს არ ჰქონდა ისეთი ეფექტი, როგორიც 440 მილიონი წლის წინ”. ერთად მუშაობის დროს, ლიბერმანმა და მელოთმა გადაშენების მიზეზის დასადგენად, ალტერნატიული თეორია შეიმუშავეს. ისინი თვლიან, რომ 440 მლნ. წლის წინ დედამიწიდან 10 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავი გამა-ანთების წყაროდ იქცა. დედამიწის ატმოსფერო რადიაციამ შეცვალა, აზოტისა და ჟანგბადის მოლეკულების დაშლით. პლანეტა მომაკვდინებელი აზოტის დიოქსიდის ნისლში გაეხვია, რომელიც მზის სითბოს ბლოკავდა. მიუხედავად იმისა, რომ ანთება რამდენიმე წამი გრძელდებოდა, წარმოქმნილმა ნისლმა გამყინვარება გამოიწვია. აზოტის ორჟანგის ღრუბლები მზის ინფრაწითელ სხივებს ბლოკავდა, ხოლო ულტრაიისფერი გამოსხივება ზედაპირამდე დაუბრკოლებლად აღწევდა. გამა-სხივები აზოტის ოქსიდის წარმოქმნით პლანეტის შემომფარგლავ ოზონის სფეროსაც შლიდა. ულტრაიისფერი სხივები ყველა ცოცხალი ორგანიზმის დნმ-ში აღწევდა, წყალში ძალიან ღრმად მცხოვრებთა გამოკლებით. მელოთი თვლის, რომ 4,5 მილიარდიანი წლის ისტორიის განმავლობაში დედამიწა გამა-სხივების ზემოქმედების ქვეშ არა ერთხელ მოექცა.
ეს ახლაც შეიძლება განმეორდეს? მელოთი თვლის, რომ ხვალ ან მილიონობით წლის მერე. ანუ, უნდა ვინერვიულოთ თუ არა? ალბათ არა, რადგან გამა-სხივები გაფრთხილების გარეშე და მომენტალურად უტევენ. ჩვენ არ შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, თუ როდის გამოჩნდება ისინი, ასევე არ შეგვიძლია რაიმე საშუალებით წინ აღვუდგეთ მათ.