ენცელადე

 NASA–ს კოსმოსურმა ხომალდმა Cassini–მ სატურნის მთვარის – ენცელადეს შესანიშნავი ფოტოები გადმოსცა(NASA).

 28 ოქტომბერს NASA–ს კოსმოსურმა ხომალდმა Cassini–მ წარმატებით ჩაუფრინა სატურნის გეოლოგიურად აქტიურ, ყინულოვან მთვარეს – ენცელადეს და 48 საათის შემდეგ დედამიწაზე პირველი ფოტოები გადმოსცა.

 Cassini–ს მიერ გამოგზავნილ სურათებზე ენცელადეს ყინულოვანი გეიზერებია აღბეჭდილი. მათი აქტივობა ეჭვს ბადებს, რომ სატურნის შორეულ მთვარეზე შეიძლება სიცოცხლის თავისებური ფორმებიც არსებობდეს.

 28 ოქტომბერს Cassini–მ მხოლოდ 10 წამით ჩაყვინთა ენცელადეს ატმოსფეროში, სადაც წყლის წვეთების, ორგანული მოლეკულების, მეთანისა და სხვა ნივთიერებების კორიანტელში გაიარა. ხომალდის სიჩქარე ამ მომენტისათვის 37 000 კმ/სთ–ს უახლოვდებოდა. ხომალდმა ბრწყინვალე გამოსახულებების გარდა ენცელადეს ატმოსფეროსა და ზედაპირის ქიმიური შედგენილობაც შეისწავლა: მან გაზისა და მტვერის ნარევის ნიმუში გამოიჭირა; მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ ნიმუშის ანალიზის შედეგად ბევრ საინტერესო კითხვაზე მიიღებენ პასუხს.

enceladi 2 Cassini–ს მიერ გადმოცემული სატურნის მთვარე ენცელადეს ყინულოვანი გეიზერების შთამბეჭდავი სურათი(NASA JPL, პასადენა, კალიფორნია).

 როგორც Cassini–ს წამყვანი მეცნიერი, ლინკა სპილკერი ამბობს, ანალიზის შედეგად ენცელადეს გეიზერებში დიდი რაოდენობით წყალბადია აღმოჩენილი, რაც ენცელადეს ჰიდროთერმულ აქტივობაზე მიუთითებს. დედამიწის ოკეანეებში, ვულკანისპირა ჰიდროთერმულ წყლებში ვხვდებით უჩვეულო სიცოცხლის ფორმებით სავსე ეკოსისტემებს(სიცოცხლის ქვის აკვანი: მემბრანები, კატალიზი და მწეველები); აქედან გამომდინარე, მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ენცელადეს ოკეანის ფსკერზეც შეიძლება არსებობდეს სიცოცხლის აქამდე უხილავი რაიმე ფორმა. სპილკერი თითქმის დარწმუნებულია, რომ სიცოცხლეს თუ არა, ორგანული ნაერთების რთულ ფორმებს ნამდვილად აღმოაჩენენ.

enceladi 3 Cassini–მ, ენცელადეს ზედაპირის ეს სურათი 48 კილომეტრის სიმაღლიდან გადაიღო, როდესაც მის სამხრეთ პოლარულ რეგიონს გადაუფრინა(NASA JPL, პასადენა, კალიფორნია).

 Cassini, ენცელადეს სამხრეთ პოლუსსაც გამოიკვლევს და განსაზღვრავს, რამდენი ხანია, რაც სატურნის მთვარე გეოლოგიურად აქტიურია. აქ ყინულის ტექტონიკური ფილები ე.წ. “ვეფხვის ზოლებს” წარმოქმნიან, ხოლო მათ ნაპრალებს შორის ენცელადეს ყინულქვეშა ოკეანის, ზედაპირისა და ატმოსფერული გაზის მძლავრი ნარევები ამოიფრქვევა.

 ენცელადე პატარა მთვარეა, რომლის დიამეტრი სულ რაღაც 500 კილომეტრია. მიუხედავად ამისა, ის ერთ-ერთი კოსმოსური სხეულია ჩვენი მზის სისტემაში, რომელზედაც თხევადი წყალი არსებობს. როგორც Cassini–ს მისიის ვაშინგტონის ოფისის ხელმძღვანელი, ქურთნაიბური ამბობს, ანალიზებს, სულ მცირე, რამდენიმე კვირა დასჭირდება და ვინაიდან Cassini უშუალოდ სიცოცხლის ძიებისათვის საჭირო ხელსაწყოებით არ არის აღჭურვილი, NASA–ს მომავალი კოსმოსური მისიებისათვის, ენცლადეს ჰიდროთერმული აქტივობა და გეიზერები დედამიწისგარე სიცოცხლისძიებისათვის კეთილსაიმედო გარემოს გვთავაზობს.

ავტორი: მარიკა ტარასაშვილი(ასტრობიოლოგი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.