შედარებით მცირე ზომის სივრცე ჩვენს გალაქტიკაში, რომლის რადიუსი დაახლოებით 3000 სინათლის წელია, მკვეთრად განსხვავდება მისი დანარჩენი ნაწილების თვისებებისგან. ცენტრში მიმდინარეობს ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესები, აქვე მდებარეობს გალაქტიკის ბირთვიც, რომელმაც ოდესღაც ხელი შეუწყო ჩვენი ვარსკვლავური სისტემის კონდენსაციას ვარსკვლავებად, პლანეტებად, ასტეროიდებად თუ გაზებად.
გალაქტიკის ცენტრი ჩვენგან 26 000 ათასი სინათლის წლითაა დაშორებული, მშვილდოსნის თანავარსკვლავედის მიმართულებით. გალაქტიკურ სიბრტყეში თავმოყრილია ვარსკვლავური მტვრის ძალიან დიდი რაოდენობა, რომელიც ვარსკვლავებისგან გამოსხივებულ სინათლეს შთანთქავს. ამიტომ ცენტრი ხილულ დიაპაზონში ფაქტიურად არ ჩანს, არც შეუიარაღებელი თვალით და არც მძლავრი ოპტიკური ტელესკოპებით. ცენტრზე დაკვირვება შესაძლებელია რადიო, ინფრაწითელ, რენტგენის და გამა დიაპაზონებში.
გალაქტიკების ევოლუციის არსებული მოდელის მიხედვით, ბირთვები მათი კონდენსაციის (დალექვის) და პირველადი ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების დაწყების ადგილია. ბირთვის ცენტრში მდებარეობს ზემასიური შავი ხვრელი, რომლის მასა დაახლოებით 4,31 მილიონი მზის მასის ტოლია. მასის დადგენა ხვრელთან ახლოს მდებარე ვარსკვლავების მოძრაობის ტრაექტორიების შესწავლით მოხდა. ბირთვის ცენტრიდან მომავალი გამოსხივება შავ ხვრელთან ახლოს მდებარე ვარსკვლავური გაზისა და მტვრის აკრეციით (აკრეციული დისკოდან მატერია ხვრელზე ეცემა ან მის პოლუსებთან ახლოს ჭავლების (ე.წ. “ჯეტი”) სახით გამოსხივდება) ხდება. მასხივებელი რეგიონის რადიუსი დაახლოებით 6,26 სინათლის საათია.