გიგანტური ხვეული სატურნის ატმოსფეროში

 გიგანტური ატმოსფერული ხვეულის ფოტო, სატურნის ჩრდილოეთ პოლუსზე, ”კასინიმ” 2012 წლის 27 ნოემბერს გადაიღო.

 გამოსახულება 383 097 კილომეტრის მანძილიდანაა გადაღებული. ცნობილია, რომ ხვეულს ექვსკუთხედის ფორმის წარმონაქმნი შემოფარგლავს, რომელშიც ღრუბლები წარმოუდგენელი სიჩქარით მოძრაობს, დაახლოებით – 500 კმ/სთ.

 ჰექსაგონური ფორმის წარმონაქმნის დიამეტრი 25 000 კილომეტრს შეადგენს, რაც ნამდვილად შთამბეჭდავი პარამეტრია.

 უზარმაზარ ჰექსაგონს, რომელიც სატურნზეა, ზუსტი მეცნიერული ახსნა ჯერჯერობით არ გააჩნია. ეს საკმაოდ უცნაური ხვეულია, რომლის კედლები ატმოსფროში 100 კილომეტრზე ეშვება. ინფრაწითელ დიაპაზონში დამზერით, უფრო ნათელი მონაკვეთების დანახვაა შესაძლებელი – უზარმაზარი ჩანართები ღრუბლების სისტემაში, ატმოსფეროში 75 კილომეტრის სიღრმემდე უნდა ჩადიოდეს. პირველად ეს წარმონაქმნი ”ვოიაჯერ – 1” და ”ვოიაჯერ – 2”-ით გადაღებულ ფოტოებზე შეამჩნიეს. მათ დაბალი ხარისხი ჰქონდა, თან ჰექსაგონი კადრში მთლიანად ვერ ჩაეტია. ახალი სურათები ”კასინიმ” გადმოსცა. მკვლევარები ფიქრობენ, რომ ჰექსაგონური სტრუქტურა საკმაოდ მდგრადი ატმოსფერული წარმონაქმნია(მძლავრი ტემპერატურული ნახტომი სატურნზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.