დღეისათვის ასეულობით სხვადასხვა ტიპის ეკზოპლანეტაა აღმოჩენილი, გამდნარი ლავით თუ გაყინული ჯავშნით დაფარული ზედაპირებით. თუმცა ამ ძიებების მთავრი მიზანი ”პატარაცისფერი წერტილია”, პლანეტა, რომელიც ჩვენსას ჰგავს, თითქმის იდეალურად, სიცოცხლისათვის საჭირო ყველა პუნქტით.
ამ პუნქტების რაოდენობა კი არც თუ ისე ცოტაა, არც ყველა მათგანია ჩვენთვის ცნობილი. თუმცა მათ შორის ყველაზე უმთავრესი თხევადი წყლის არსებობაა. თვითონ წყალი შორეულ პლანეტებზე დიდ იშვიათობას არ წარმოადგენს, მისი თხევად მდგომარეობაში შენარჩუნება კი პლანეტის ვარსკვლავიდან დაშორებაზეა დამოკიდებული.
ამ საზღვრებით შემოფარგლულ რეგიონს ასეც უწოდებენ – ”სასიცოცხლო ზონა”, ის ყველა ვარსკვლავს თავისი აქვს, მისი ტიპის, ზომისა და აქტიურობის მიხედვით.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ ამერიკელმა პალეონტოლოგებმა სტივენ კეინმა და დონ გელინომ საინტერესო პროექტი წარმოადგინეს – ”სასიცოცხო ზონების გალერეა”, რომელიც ამ ზონის ინტერაქტიური გამოთვლის შესაძლებლობას იძლევა.
კლიმატის სტაბილურობისათვის აუცილებელია, რომ პლანეტა სასიცოცხლო ზონაში რჩებოდეს. რადგან ზონას სფერული ფორმა აქვს, მაშინ სიცოცხლის არსებობისათვის შესაფერისი პლანეტის ორბიტა ისეთივე უნდა იყოს, როგორც დედამიწის ორბიტა, თითქმის წრიული. ბევრი ეკზოპლანეტა ძლიერად გაწელილ ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობს. ისინი ამ ზონაშიც შედიან, თუმცა უფრო მეტ ხანს მის გარეთ რჩებიან. ასეთ პირობებში გავარვარებული ზაფხულები გაყინულ და ხანგრძლივ ზამთრებს ცვლიან, შესაძლებელია კი ასეთ კლიმატურ პირობებში სიცოცხლის არსებობა?
პლანეტა, რომელიც მხატვრის წარმოდგენით ზონაში შედის და გამოდის.
რა თქმა უნდა, ეს პირობები მკვეთრად განსხვავდება ჩვენი მყუდრო პლანეტის პირობებისაგან. სტივ კეინი აღნიშნავს:”დედამიწაზე აღმოჩენილია მიკროორგანიზმები, რომლებიც ლამის ყველანაირ ექსტრემალურ პირობებს იტანენ. ზოგიერთი მათგანი მეტაბოლიზმსაც კი წყვეტს, რათა ხანგრძლივი და მკაცრი ზამთარი გადაიტანოს. სხვები ექსტრემალურ სიცხეს უძლებენ, იმალებიან რა ქვების ფენებსა თუ წყლის ქვეშ. სპორებზე, ბაქტერიებზე და ლიქენებზე ჩატარაებული ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ ისინი დედამიწის ყველაზე უფრო ექსტრემალურ პირობებს და ღია კოსმოსში მოგზაურობასაც კი იტანენ”.
თავიანთი ახალი ნამუშევრით კეინი და გელინო იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სასიცოცხლო ზონის ზომები ახლაც არასწორადაა შეფასებული(სხვა ნამუშევარი). ყოველ შემთხვევაში, თუ ექსტრემოფილების შესაძლებლობებს გავითვალისწინებთ, მაშინ პლანეტები, რომლებიც ჩვენთვის მიუღებელია, მაინც შეიძლება იყვნენ სიცოცხლის რაიმე ფორმის მატარებლები. ”სიცოცხლე დედამიწაზე მისი ფორმირების ადრეულ პერიოდში ჩაისახა, პირობებში, როცა ის არ იყო ისეთი კომფორტული, როგორც ახლაა” – დასძენს კეინი.
ზოგან სიცოცხლე სულც არა პლანეტებზე , არამედ მათ თანამგზავრებზე შეიძლება გაჩნდეს. ეს არც მზის სისტემის გოლიათების ”მთვარეებისთვისაა” გამოროცხული(ევროპა,ენცელადი,ტიტანი…).
ავტორები აღნიშნავენ, რომ სატურნის უდიდს თანამგზავრ ტიტანს სქელი ატმოსფერო აქვს. სატურნი პერიოდულად სასიცოცხლო ზონაში რომ ხვდებოდეს, ტიტანი თავისუფლად შეძლებდა საკმარისად მაღალი ტემპერატურის შენარჩუნებას.
ეკზოპლანეტებზე სიცოცხლის არსებობაზე ლაპარაკი და კამათი ჯერჯერობით ნაადრევია. შესაფერისი თანამგზავრების სია ძალიან გრძელი და არაერთმნიშვნელოვანია, მონაცემები შორეულ პლანეტებზე კი უკიდურესად მწირი. იშვიათი გამონაკლისების გარდა ჩვენ ამ ატმოსფეროებზე არაფერი ვიცით – არადა სწორედ ატმოსფეროს შეუძლია სითბური ეფექტი გამოიწვიოს და პლანეტას სითბო შეუნარჩუნოს, მაშინაც კი, როცა ის ვარსკვლავის პირდაპირი გამოსხივებით ვერ თბება. მათ თანამგზავრებზე რაიმეს თქმა კიდევ უფრო რთულია, რადგან ასეთი დაკვირვებები ჩვენს ტექნიკურ შესაძლებლობებს აღემატება.
კეინი და გელინო მაინც დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ გალქტიკაში, სიცოცხლე ყველაზე უფრო უცნაური და მრავალფეროვანი სახით ბევრგან არის და არა მხოლოდ დედამიწის ტიპის პლანეტებზე…