მარსის წიაღში ბევრი წყალია

 მარსული წარმოშობის ორი მეტეორიტის ახალი დეტალური კვლევით მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მათში წყლის კონცენტრაცია მაღალია.

 ამ ორი მეტეორიტის ლაბორატორიულ პირობებში კვლევით მეცნიერები თავიანთ ვარაუდებში კიდევ უფრო დარწმუნდნენ, რომ მარსის წიაღში ძალიან ბევრი წყალია თვმოყრილი, ვიდრე ადრე ეგონათ, ეს მარაგები კი პარქტიკულად დედამიწისეულისას შეიძლება შევადაროთ. ახალი კვლევებით მეცნიერებმა არა მარტო სხვა კუთხით შეხედეს წითელი პლანეტის გეოლოგიურ ისტორიას, არამედ უფრო თამამად აცხადებენ, რომ მარსზე, შორეულ წარსულში, სიცოცხლე აუცილებლად იქნებოდა, ყოველ შემთხვევაში, ამისათვის ყველა პირობა არსებობდა.

 ეს კვლევები ნიუმექსიკოს(ა.შ.შ.) სპეციალისტებმა მთავარი მკვლევარის ფრენსის მაკკაბინის ხელმძღვანელობით ჩაატარეს.

 მეცნიერები ასევე ამბობენ, რომ მარსული მეტეორიტები იშვიათ ტიპს მიეკუთვნებიან. 2009 წლის მდგომარეობით 24 000-ზე მეტი მეტეორიტიდან, რომლებიც დედამიწაზეა ნაპოვნი, მარსული წარმომავლობის მხოლოდ 34-ია. მათი მარსული წარმომავლობა, ”ვიკინგების” მიერ მარსის ატმოსფეროს კვლევის შედეგების, მეტეორიტებში აღმოჩენილი მიკროსკოპული ჩანარეთების ანალიზის შედეგებთან შედარებით დადგინდა. პირველი მარსული მეტეორიტი, სახელად Nakhla, ეგვიპტის უდაბნოში 1911 წელს იპოვეს. მისი წარმომავლობა და ასაკი – 1,3 მლრდ. წელი, მოგვიანებით დადგინდა.

 ეს ქვები კოსმოსში მარსზე ასტეროიდის დაცემის ან ძლიერი ვულკანური ამოფრქვევის შედეგად მოხვდნენ. აფეთქების ძალა ისეთი იყო, რომ ამოტყორცნილმა ქანებმა მარსის მიზიდულობის გადასალახავად საჭირო სიჩქარე შეიძინეს – 5 კმ/წმ. ასეთნაირად მოხვდა ზოგიერთი მათგანი მეტეორიტების სახით დედამიწაზე. ამჟამად დედამიწაზე ყოველწლიურად 0,5 ტონა მარსული ნივთიერება ცვივა. მათი უმრავლესობა ვულკანური წარმოშობისაა.

 მეტეორიტები, რომლებიც წითელი პლანეტიდან მოფრინდნენ, მეცნიერებმა სამ ტიპად დაყვეს: Shergottites, Nakhlites, Chassignites. ახლახანს ჩატარებულ კვლევებში წყლის მაღალი კონცენტრაცია სწორედ Shergottites-ს კლასის მეტეორიტებში დაფიქსირდა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.