ეს არის წყლის მასებზე მძლავრი ზემოქმედებით წარმოქმნილი გრძელი ტალღები. ცუნამი, ძირითადად, წყალქვეშა მიწისძვრებითაა გამოწვეული (85%), ამ დროს ხდება ოკეანის ფსკერის სწრაფი გადაადგილება (აწევა ან დაწევა). ის ნებისმიერი მიწისძვრის დროს ჩნდება, თუმცა დიდ სიმძლავრეს აღწევს, როცა მაგნიტუდა 7-ზე ემტია. ცუნამის 80% წყნარი ოკეანის პერიფერიებზე ხდება. მოვლენის პირველი მეცნიერული აღწერა ხოსე დე აკოსტამ გააკეთა, 1586 წელს. მაშინ მძლავრმა მიწისძვრამ 25 მეტრიანი ტალღები წარმოშვა, რომლებიც ხმელეთზე 10 კილომეტრის მანძილეზე შეიჭრა (პერუ).
ღია ოკეანეში ცუნამის ტალღები ვრცელდება სიჩქარით V=√gH კმ/სთ. სადაც g თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა, H ოკეანის სიღრმე. 4000 მეტრის სიღრმეზე, სიჩქარე 720 კმ/სთ-ში გამოდის. ღია ოკეანეში ასეთი ტალღის სიმაღლე იშვიათად შორდება 1 მეტრს, სიგრძე კი (ორ ტალღას შორის) ასეულობით კილომეტრს აღწევს, ამიტომ ის არ არის ზღვაოსნობისთვის საშიში. ნაპირთან მიახლოებეასთან ერთად ტალღის სიჩქარე და სიგრძე მცირდება, ხოლო სიმაღლე ათეულობით მეტრამდე იზრდება. ცუნამის დამანგრეველი ტალღების წარმოქმნა ხდება აგრეთვე წყალქვეშა მეწყერის (7 %) და ვულკანური ამოფრქვევის (4,99 %) დროსაც. 1883 წელს, კრაკატაუს ამოფრქვევისას, აფეთქებისგან წარმოქმნილი სიცარიელე (კალდერა) სწრაფად შეავსო ოკეანის წყალმა, ასეთმა უეცარმა ძვრამ წარმოქმნა კლასიკური ცუნამის ტალღები. მათ მსოფლიოს ყველა სანაპიროებამდე მიაღწია, განადგურდა 5000-მდე გემი და დაიღუპა 36 000 ადამიანი (ცუნამის გამოწვევა შესაძლებელია ხელოვნურადაც, ფსკერზე თერმობირთვული აფეთქებებით).
ხშირად, წყალი ნაპირიდან უკან იხევს ხოლმე, მიწისძვრით ჩავარდნილი ფსკერისკენ, შემდეგ კი ასეთი სწრაფი ძვრისაგან მინიჭებული მაღალი სიჩქარით ისევ სანაპიროსკენ მიიწევს.
დედამიწის ღერძის დახრილობა არ შეიძლება მიწისძვრის გამო მნიშვნელოვნად შეიცვალოს, ეს უბრალოდ შეუძლებელია. ამის გაკეთება მხოლოდ მძლავრ, გარეშე (კოსმოსიდან) ზემოქმედებას შეუძლია. მიწისძვრა, ასე ვთქვათ, ჩვენი პლანეტის შიდა ”საქმეა”. ამ დროს შეიძლება დაიძრას დედამიწის სხეულის ნაწილი, ქერქი. მიწის ზედაპირი სულ მოძრაობაშია, გადაადგილდება 1 მეტრით 400 დღიანი ინტერვალებით. 20 წლის განმავლობაში დედამიწის ქერქი შეიძლება 15 მეტრით გადაადგილდეს. წლის განმავლობაში ეს გადაადგილება 1 მეტრს არ აჭარბებს. ასე რომ, მიწისძვრის დროს დედამიწის ზედაპირის 10 სანტიმეტრიანი გადაადგილება სრულიად შესაძლებელია (დედამიწის წიაღი თხევად მდგომარეობაშია, ბირთვი კი მყარია და მეტალური). ჩილეს მიწისძვრამ ქალაქი კონსეფსიონი დასავლეთით გადაადგილა. GPS-ის მონაცემების შედარების მერე, ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ 8,8 ბალიანმა ბიძგებმა სხვა ქალაქებზეც იმოქმედა. დედაქალაქი სანდიეგოც სამხრეთ-დასავლეთით 27 სმ-ზე გადაადგილდა. ეპიცენტრიდან ასეულობით კილომეტრის მანძილზე მდებარე ბუენოსაირესი კი 2სმ-ით.
(მთვარე ყველა ობიექტს იზიდავს – მასოფლიო მიზიდულობის ძალით (გრავიტაცია). მოძრაობს რა დედამიწის გარშემო, მთვარე ყოველთვის 3%-ით უფრო ახლოს არის დედამიწის ზედაპირის იმ ნაწილთან, რომელის მხარესაც მდებარეობს. ეს მხარე 7%-ით უფრო ძლიერად მიიზიდება, ვიდრე საპირისპირო. მოქცევის ძალად წოდებული ეს ძალა, დეფორმაციას უკეთებს მთელ დედამიწას. ზედაპირზე ჩნდება მცირე ზომის (30 სმ) ამოზნექილობები, რომლებიც მთვარის მოძრაობის მიმართულებით მოძრაობს. წყალი თხევადი ნივთიერებაა და მასზე ეს ეფექტი უფრო შესამჩნევია, ვიდრე დედამიწის მყარ ქერქზე. ვიწრო ყურეებში წყლის მოქცევის ტალღა 10 მეტრამდეც კი იზრდება. GPS–ით და ლაზერული სიმაღლის საზომი საშუალებებით კოსმოსიდან, ამ მოძრავი, მოქცევის ტალღის ზომების დაფიქსირება მილიმეტრული სიზუსტით არის შესაძლებელი).
მეცნიერების შეშფოთებას იწვევს მთვარის ასეთი სიახლოვე. ამ მოვლენამ ჩვენს პლანეტაზე შეიძლება სხვადასხვა ბუნებრივი კატაკლიზმები გამოიწვიოს. წინა მაქსიმალური მოახლოება 1992 წელს მოხდა. 1955,75,92 და 2005 წლებში, მთვარის ახლო დისტანციაზე მოსვლამ გამოიწვია ამინდის ექსტრემალური ცვლილებები, რასაც თან მოყვა ბუნებრივი კატასტროფების მთელი რიგი. ამჟამინდელი სიახლოვე სავსემთვარეობას დაემთხვა, ამიტომ მას ”სუპერ სავსემთვარეობა” შეარქვეს. მოვლენას შეუძლია მიწისძვრებისა და ვულკანური ამოფრქვევების პროვოცირება მოახდინოს. ასეთ ”სუპერ სავსემთვარეობამდე” ორი კვირით ადრე, ინდონეზიის სანაპიროს ცუნამი დაატყდა თავს. 1974 წელს, ავსტრალიაში, კათოლიკური დღესასწაულის დროს, ციკლონმა ტრეისიმ ქალაქი დარვინი გამოაცარიელა.
გარდა ამისა, მთვარის სიახლოვეს შეუძლია კლიმატის შეცვლა ამ წელიწადში და მომდევნო წლებშიც. რუსი მეცნიერები 2010 წლის ანომალურ სიცხეს სწორედ ამ მოვლენას აბრალებენ. მათი აზრით მთვარე დედამიწის ატმოსფეროში ციკლურ რყევებს იწვევს.
ყველა მეცნიერი არ იზიარებს ასეთ პესიმისტურ მიდგომას. ”მიწისძვრები და ამოფრქვევები რა თქმა უნდა კიდევ იქნება, თუმცა ისეთივე სიხშირით, როგორითაც ხდებოდა აქამდე”- აცხადებს პიტ უილერი, საერთაშორისო რადიოასტრონომული ცენტრიდან. მას ეთანხმება ავსტრალიელი ასტრონომი დევიდ რენეკეც. ”თუ ძალიან მოინდომებთ, თქვენ შეძლებთ ნებისმიერი ბუნებრივი კატასტროფის რომელიმე ციურ სხეულთან დაკავშირებას. ამას წინდელი პლანეტების აღლუმის დროსაც ველოდით კატაკლიზმებს, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა”.
მეცნიერთა უმრავლესობისთვის ახლანდელი ”სუპერ სავსემთვარეობა” ამ ბუნებრივი თანამგზავრის უკეთ შესწავლის საუკეთესო შანსია. მიღებული შედეგები დიდ როლს ითამაშებს დედამიწის წიაღის შესწავლის საქმეშიც.