კომა, გაზისა და მტვრისგან შემდგარი ღრუბელია, რომელიც კომეტის ბირთვს გარს აკრავს. კომა და ბირთვი ერთად, კომეტის თავს ქმნის. მზესთან მიახლოებასთან ერთად, თავი ზომაში იმატებს, უჩნდება წაგრძელებული კუდი.
კომეტის კომას თითქმის სფერული ფორმა აქვს და 100 ათასიდან, 1,4 მილიონ კილომეტრამდე შეიძლება გაფართოვდეს. ამ პროცესზე დიდ ზეგავლენას სინათლის წნევა ახდენს, კომა დეფორმირდება და მზის საწინააღმდეგო მიმართულებით იწელება.
ცნობილ კომეტათა შორის, ყველაზე დიდი კომა ჰქონდა კომეტას – 17P/ჰოლმსი, რომელიც 1892 წლის 6 ნოემბერს, ბრიტანელმა ასტრომოყვარულმა ე. ჰოლმსმა აღმოაჩინა. ჰავაის ასტრონომიული ინსტიტუტის თანამშრომელთა გამოთვლებით, ამ კომეტის კომამ აქტიურობის მაქსიმუმის მიღწევისას მზის დიამეტრს გადააჭარბა, ანუ გარკვეული დროით, მზის სისტემის ყველაზე დიდ ობიექტად იქცა (ზომით, არა მასით).
ჩვეულებრივ, საკმაოდ მკრთალი კომეტა, ვარსკვლავური სიდიდით 17, არაფრით იყო გამორჩეული, რომ არა ელვარების უეცარი ზრდა 5-მდე, 48 საათის განმავლობაში მისმა სიკაშკაშემ 400 000-ჯერ მოიმატა, რამაც მაშინვე პოპულარულ ობიექტად აქცია იგი.
შედგენილ გამოსახულებაზე კომეტის ელვარების ცვლილებაა წარმოდგენილი დროში.
მეცნიერთა ერთი ნაწილი თვლიდა, რომ კომეტის ელვარების მკვეთრი ზრდა მეტეოროიდთან შეჯახებით იყო გამოწვეული, სხვების აზრით, მკვეთრი ცვლილება მტვრისა და გაზების ქვეშ დამალული ყინულოვანი ფენის გაშიშვლების ხარჯზე მოხდა. მზესთან მიახლოებასთან ერთად, ის სარკესავით აციმციმდა, რამაც მცირე ხნით ეს კომეტა ფანტასტიკურად ელვარე ციურ სხეულად აქცია.