სამედიცინო კვლევა, მიკროგრავიტაციის ზემოქმედებაზე, ასტრონავტების მრავალთვიანი ყოფნისას დაბალ ორბიტაზე, სამწუხარო დასკვნამდე მივიდა: ადამიანის ორგანიზმს გრავიტაციის გარეშე სრულფასოვანი ფუნქციონირება არ შეუძლია. ამის გამო, ხელოვნური გრავიტაცია განიხილება უმთავრეს კომპონენტად, როგორც შორეულ კოსმოში, ისე დედამიწასთან ახლო ორბიტაზე ფრენის დროს.
ხელოვნური გრავიტაცია განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება მრავალწიანი კომერციული ფრენების დროს, როცა ასტეროიდიდან სასარგებლო წიაღისეულის ამომღები ტექნიკის მართვას ეკიპაჟი განახორციელებს, ან სხვა სამუშაოების ჩატარებისას. ასეთი გრავიტაცია დაგვჭირდება სუსტი გრავიტაციის მქონე ობიექტებთან მრავალწიანი სამეცნიერო კვლევებისას, როგორიცაა მთვარე, მარსი ან მზის სისტემის გარე პლანეტების თანამგზავრები.
ხელოვნური გრავიტაციის მიღება ცენტრიდანული ძალის დახმარებით არის შესაძლებელი, რაც დაღმავალი ზეწოლის წარმოსაქმნელ მბრუნავ მოძრაობას მოითხოვს. თეორიულად, 10 მეტრის ზომის სტრუქტურას საკმარისად სწრაფად ბრუნვა შეუძლია, რათა ადამიანებმა გრავიტაცია შეიგრძნონ, თუმცა სწრაფი ბრუნვა შიდა ყურში არსებულ ორიენტაციის ორგანოს დიდ პრობლემებს შეუქმნის.
30 მეტრი დიამეტრის ცილინდრული ფორმის სადგურს, დედამიწის გრავიტაციის 0,6 შეუძლია შექმნას. ეს არის მინიმუმი, რომელიც ადამიანს კოსმოსში 2 წელი უსაფრთხოდ ყოფნის საშუალებას აძლევს. ასტრონავტები ამ ცილინდრის შეგნითაც და სტრუქტურის გარე ნახევარსფეროზეც შეძლებენ ცხოვრებას.
30 მეტრიანი ცილინდრული სადგური, მინიმალური სასარგებლო გრავიტაციის შესაქმნელად 5,98 ბრუნი წუთში სიჩქარით იტრიალებს. მეტი სიჩქარე უსიამოვნებებს მოუტანს ასტრონავტებს. ბრუნვის მიმართულებას მნიშვნელობა არა აქვს, ხოლო სიჩქარე იმაზეა დამოკიდებული რა რადიუსისაა მბრუნავი ობიექტი და როგორი ინტენსივობის გრავიტაცია გვჭირდება.
ტესტირების პირველი ნაბიჯი United Space Structures მიერ იქნება გადადგმული, პროტოტიპის აწყობით დაბალ ორბიტაზე. 30 მეტრიანი სადგური 30 ადამიანს დაიტევს, შორეულ კოსმოსშიც კარგად იმუშავებს და დაბალ ორბიტაზეც. მოლაპარაკებები მიმდინარეობს Deep Space Industries-თან, SpaceX-თან და სხვ. საცდელი მოდელი არა მეტალისგან, არამედ კომპოზიტური მასალისგან დამზადდება.
პროგნოზირებული ნახტომების მიუხედავად კოსმოსურ მედიცინაში, ხელოვნური გრავიტაცია ყველა ვარიანტში საჭირო იქნება. მიკროგრავიტაციის პირობებში ძვლოვანი და კუნთოვანი მასა მცირდება, მხედველობის ნერვი იკუმშება, ხდება თვალის ბადურის გადაგვარება, მცირდება იმუნიტეტი, ირღვევა სწრაფი აზროვნება.
რა თქმა უნდა, ხელოვნური გრავიტაცია პანაცეა არ არის. ასტრონავტებს მაინც ეცოდინებათ, რომ ისინი მბრუნავ სადგურზე არიან. ასეთ სადგურზე სიარული, მთის ფერდობზე დაშვებას მოგვაგონებს, რადგან იატაკი ფეხებიდან გვეცლება. ბრუნვის საწინააღმდეგოდ მოძრაობა კი ფერდობზე ასვლას ჰგავს, რადგან იატაკი მაღლდება. თუ ბრუნვის პერპენდიკულარულად ვივლით, ნებისმიერი მიმართულებით, გვერდზე გადავარდნის შეგრძნება დაგვეუფლება(სასტიკი კოსმოსი).