“კომპანია Axiom-ი ტომ კრუზის მონაწილეობით კოსმოსში ფილმის გადაღებას აპირებს.” ამის შესახებ NASA-ს დირექტორმა, ჯიმ ბრაიდსთაინმა გასულ კვირას ოფიციალურად განაცხადა.
კოსმოსურმა საზოგადოებამ ჩათვალა, რომ მედიამ ძველი ჭორი გაიხსენა – რამდენიმე თვის წინ ჰოლივუდის ერთ-ერთ გამოცემაში გამოჩნდა სტატია სათაურით: ”ტომ კრუზი კოსმოსში წასასვლელად ფილმს გადაიღებს”. მხოლოდ სამი პარაგრაფისგან შემდგარი ეს ”ექსკლუზივი” სრულიად მოკლებული იყო კონკრეტულ დეტალებს, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ დუეტი ”კრუზი და კოსმოსი” სოციალურ ქსელებში გაბრწყინებულიყო.
თუმცა, ეს პირველი შემთხვევა არ არის
ოთხი წლის წინ, თითქმის იმავე დღეს, ბრიტანულმა ტაბლოიდებმა ”სენსაციური” ინფორმაცია გამოაქვეყნეს, რომ თითქოს ტომ კრუზი უკვე წლებია, რაც ასტრონავტების წვრთნის პროგრამაში მონაწილეობს, და რომ არა ბედნიერი შემთხვევა, 2003 წელს დაღუპული კოსმოსური შატლის – ”კოლუმბიის” ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი იქნებოდა. გამოცემა ”Daily Star”-ის მიერ გამოცხადებული ეს ”საიდუმლო მისია” მსოფლიო საინფორმაციო ქსელს ელვის სისწრაფით მოედო, ამიტომ NASA-მ საჭიროდ ჩათვალა ოფიციალური განცხადებით გამოსულიყო და აურზაურისთვის ბოლო მოეღო.
იყო თუ არა ეს ”ცრუ ახალი ამბების” მორიგი ტალღა ან კრუზის ამბიციების გამოღვიძება, არავინ იცის, მაგრამ 2018 წელს კვლავ გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ”მისია შეუსრულებელია”-ს მორიგი ფრანჩიზა მსახიობს, ბოლოს და ბოლოს, მაინც გაამგზავრებდა პლანეტიდან; თუმცა, იმავე წლის თებერვალში, ფილმის რეჟისორმა ქრისტოფერ მაქუაირიმ გამოცემა ”Empire”-სთან ინტერვიუში კატეგორიულად განაცხადა, რომ კოსმოსში კრუზის გამგზავრება არ იგეგმებოდა.
ასე რომ, ამდენი გაუმართლებელი პრეცედენტის ფონზე, NASA-ს დირექტორის, ჯიმ ბრაიდსთაინის განცხადება Twitter-ზე მეხის გავარდნას ჰგავდა – მან დაადასტურა, რომ: “NASA აღფრთოვანებულია პერსპექტივით, ითანამშრომლოს ტომ კრუზთან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ფილმის გადაღების მიზნით.”
2018 წლის აგვისტოში ტომ კრუზმა ინტერვიუ მისცა გამოცემა ”Collider”-ს და განაცხადა, რომ ”ეს უზარმაზარ ტექნიკურ სიძნელეებთან არის დაკავშირებული.” თუმცა, ორი წელიც არ იყო გასული, რომ იგივე გამოცემასთან ინტერვიუში მან ილონ მასკის SpaceX-ის ხომალდით გაფრენის სურვილი გამოთქვა და განაცხადა, რომ ”სერიოზულად ფიქრობს კოსმოსში ფილმის გადაღების შესაძლებლობაზე.”
“NASA არ იქნება SpaceX-ის ერთად-ერთი კლიენტი ან/და თანამშრომელი.” – განაცხადა ბრაიდსთაინმა SpaceX-ის ისტორიული სტარტის შემდეგ. –”მაგალითად, ჰოლივუდი.”
გასაყიდი ადგილები
თეთრმა სახლმა NASA-ს მთვარეზე საკაცობრიო მისიების განახლება 2024 წლისთვის დაავალა, ამიტომ ორგანიზაციამ კერძო კომერციული პარტნიორებისთვის დედამიწის გარშემო დაბალი ორბიტის მაქსიმალურად გათავისუფლების მიზნით დაიწყო მუშაობა, კერძოდ, 2019 წლის ივნისის ბოლოს კოსმოსურმა სააგენტომ განაცხადა, რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგური მარკეტინგის კარებს ფართოდ ხსნის: “ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ მზად ვართ მივიღოთ ამერიკის კოსმოსური ხომალდები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, იქნება ეს ასტრონავტი თუ კერძო პირი, რაც ჩვენს ფინანსურ შემოსავლებს მნიშვნელოვნად გაზრდის.” – განაცხადა NASA-ს ფინანსური ასმინისტრაციის უფროსმა, ჯეფ დეუითმა.
ამ განცხადების შემდეგ რამდენიმე თვეში სააგენტომ კერძო კომპანია ”Axiom Space”-თან მოლაპარაკებები დაიწყო, რისი მოსალოდნელი შედეგიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, სულ მცირე, ერთი კომერციული მოდულის დამაგრება უნდა იყოს, რომელსაც ”Axiom”-ი ფინანსური შემოსავლების მიღების მიზნით დამოუკიდებლად მოიხმარს. მოდულ “Axiom Segment”-ის გაშვება 2024 წლისთვისაა დაგეგმილი. მანამდე კი, 2012 წლის შემოდგომიდან, კერძო კლიენტებს SpaceX-ის კაფსულა ”Crew Dragon” მოემსახურება.
თუმცა ”Axiom” არაფერს ამბობს ტომ კრუზის გეგმებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ პროექტში მათი მონაწილეობის თაობაზე ბრაიდსთაინმა რამდენჯერმე განაცხადა. თუმცა კომპანია სპეციალური საწვრთნელი ბაზის მშენებლობას გეგმავს, სადაც მომავალი ტურისტები და NASA-ს ტურისტული დეპარტამენტის ასტრონავტები მომზადებას სპეციალური, გაიოლებული პროგრამით გაივლიან.
კრუზის ჯავშანი
ტომ კრუზის მიერ კოსმოსური გეგმების ოფიციალურად გამოცხადებამდე ცნობილი გახდა, რომ მსახიობთან ერთად რეჟისორიც აპირებს პროექტში მომაწილეობას: “დუგ ლაიმენი თვალდახუჭული გაემგზავრება იქ, სადაც ჯერ არც ერთი რეჟისორი არ ყოფილა, თუმცა, იქნება ეს Space X თუ NASA, კერ უცნობია. ლაიმენი (”ბორნის იდენტიფიკაცია”, ”მისტერ და მისის სმიტები”) კრუზის მონაწილეობის გადაღებული ორი ფილმის – ”დამზადებულია ამერიკაში” და ”ხვალინდელის ზღვარზე” რეჟისორია. შესაძლოა, ლაიმანი ”მისია შეუსრულებელია 7”-ის კოსმოსში გადაღებული ეპიზოდების რეჟისორადაც მოგვევლინოს.
ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი – ბიუჯეტია: ჯერ ერთი, უცნობია, ჩაერთვება თუ არა პროექტში კიდევ სხვა რომელიმე კომპანია, SpaceX და Axiom გარდა. ყველაფრის გარეშე, Crew Dragon-ზე ერთი ადგილის ღირებულება $55 მილიონი დოლარია, და ამ ფასში, სავარაუდოდ, საწვრთნელი პროგრამა და ლოჯისტიკა არ შედის. ყოველივე ამას აუცილებლად დაემატება კამერებიც და ფილმის გადასაღებად საჭირო სხვა ყველა აღჭურვილობა.
NASA-მ ყველა ეს დეტალი გულმოდგინედ დათვალა და, წინასწარი მონაცემებით, კოსმოსურ სადგურზე ფილმის გადაღება $178 მილიონის ფარგლებში მერყეობს, რაც ტოომ კრუზის 2018 წლის ფილმის ”მისია შეუსრულებელია – გამოვარდნა” მთელი ბიუჯეტის თანხაა.
კოსმოსისთვის შესაფერის ფორმაში
კრუზი და ლაიმენი დიდი ენთუზიაზმით ეკიდებიან კოსმოსში გაფრენის შესაძლებლობას, მაგრამ აქ გამონაკლისები არ არსებობენ – NASA-ს სამედიცინო კომისიამ უნდა დაადასტუროს, რომ ისინი კოსმოსისთვის შესაფერის ფორმაში არიან. ფიზიკური ჯანმრთელობის გარდა, ფსიქიკური მდგრადობაც აუცილებელი პირობაა. ამასთან დაკავშირებით კრუზის მომავალ თანმხლებ ასტრონავტს ეჭვები არ აქვს: “შეუძლებელია იცნობდე კრუზს და მისმა პროფესიონალიზმმა შენზე შთაბეჭდილება არ მოახდინოს.”- ამბობს სკოტ ალტმანი, რომელიც ადრე 1986 წლის სახელგანთქმულ ფილმში Top Gun ტომ კრუზს F-14 გამანადგურებლის პილოტის როლში, ნამდვილი ფრენების სცენებში ანაცვლებდა. ფილმში მას მთავარი გმირის – მევრიკის ჩაფხუტი ახურავს, თუმცა ტომ კრუზი მის უკან – სათადარიგო პილოტის სავარძელში ზის.
“ჩემთან ერთად ნამდვილი პროფესიონალივით დაფრინავდა.” – ამბობს ალტმანი, რომელიც დღეს NASA-ს ასტრონავტია. –”მას ძალიან მოსწონდა ფრენა. რამდენიმე სცენის გადაღების შემდეგ ავიაციაში წასვლაც კი ჰქონდა გადაწყვეტილი.”
გადაღებები კოსმოსში
ზოგიერთი გამოცემის მიხედვით, ეს კოსმოსში გადაღებული პირველი ფილმი იქნება, თუმცა 36 წლის წინანდელი მოვლენები კრუზის პროექტს პირველობას არ უთმობს: 1984 წლის აპრილში, შატლების მე-11 მისიაში NASA-ს ასტრონავტებმა კინემატოგრაფისტების როლი შეითავსეს და IMAX-ის 1985 წელს გამოსული დოკუმენტური ფილმის –”ოცნება ცოცხლობს” კადრები კოსმოსში პირველად გადაიღეს, ფილმის რეჟისორი კი მათ დედამიწაზე ელოდებოდა.
“სულ 14 ასტრონავტს შევასწავლეთ რეჟისურა, თითოეულმა 25-საათიანი წვრთნა გაიარა.” – ამბობს IMAX-ის ფილმის რეჟისორი და კომპანიის თანა-დამაარსებელი გრეიმი ფერგიუსონი 1986 წლის ინტერვიუში, რომელიც მან კანადის სამეფო ასტრონომიულ საზოგადოებას მისცა. –”თითოეულს ფირის 9 კასეტა ჰქონდა, რაც დაახლოებით 27 წუთს შეადგენს. საბოლოო ჯამში, 37 წუთის ხანგრძლივობის კადრებსთვის შატლების სამი საფრენოსნო მისია განხორციელდა.”
ვიდეო:
იმ მომენტიდან IMAX-ის კამერები კოსმოსური შატლების პროგრამის განუყოფელი ნაწილი გახდა. მოგვიანებით ფირები 3-განზომილებიანმა, უმაღლესი გარჩევადობის ციფრულმა კამერებმა ჩაანაცვლა. მას შემდეგ IMAX-მა კოსმოსში კიდევ 5 კინოფილმისთვის გადაიღო სცენები.
ალტმანმა კადრები IMAX-ის 2010 წლის დოკუმენტური ფილმისთვისაც Hubble 3D გადაიღო, სადაც თვითონაც ჩანს. – “ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე ის არის, რომ კოსმოსური სადგური დედამიწას ყოველ 45 წუთში ერთხელ უვლის გარს. შეუძლებელია ამდენ ხანს კოსმოსური სადგურის გარეთ იყურყუტო მზის ამოსვლის მოლოდინში. ორბიტული მექანიკა ”მოითხოვს”, რომ ბნელ პერიოდში ხელოვნური განათებით ისარგებლო.” ალტმანი იხსენებს, რომ შატლზე ფილმის გადაღებას პატარა სამანევრო სივრცეც ძალიან უშლიდა ხელს, რაც კიდევ უფრო მცირე მოცულობის Crew Dragon-ზე დიდი სიძნელეებთან იქნება დაკავშირებული. –”სამაგიეროდ, საერთაშორისო კოსმოსური სადგური ისე გაიზარდა, რომ განმარტოების ადგილის მოძებნაც კი აღარ ჭირს.” – ამბობს ასტრონავტი. –”ყველანაირი საშუალება არსებობს იმისთვის, რომ ფილმის გადაღების დროს იქ მომუშავე ეკიპაჟს ხელი არ შეუშალო.”
კრუზმა ბევრი რამ იცის საერთაშორისო კოსმოსური სადგურის შესახებ, იმ მარტივი მიზეზით, რომ 2002 წლის IMAX-ის დოკუმენტურ ფილმი ”კოსმოსური სადგური 3D” გაახმოვანა. –”ერთ დღეს კოსმოსურ სადგურზე შენც გაემგზავრები, როგორც უახლესი ტექნოლოგიის შემქმნელი ინჟინერი, ექიმი, ან დედამიწის შემსწავლელი ეკოლოგი.” – ასეთია ფილმში კრუზის გასახმოვანებელი ტექსტის ნაწილი. თუმცა, ამ ჩამონათვალში არსადაა ”კინოვარსკვლავი” ან ”ფილმის რეჟისორი.”
ვიდეო:
ზუსტად სცენარის მიხედვით
IMAX ფილმებს კოსმოსში გადაღებული ნამდვილი სცენებით ამარაგებდა, როგორიცაა, მაგალითად, აერობიკა ნულოვან გრავიტაციაში, სკაფანდრებით ტივტივი ან მფრინავი საკვები და სხვა საგნები. დრამატული სცენარის მიხედვით ფილმის გადაღება კი ბევრად უფრო კომპლექსური ამოცანაა.
ეს კარგად იცის რიჩარდ გარიოტმა, რომელმაც 2008 წელს კოსმოსში გახმოვანებული პირველი ფილმი გადაიღო. ფილმს ”შიშის აპოგეა” ეწოდება და მხოლოდ 7 წუთს გრძელდება. ის გარიოტმა მეგობარი რეჟისორის თქოვნით გადაიღო და მას ასტრონავტები ახმოვანებენ. კომპანია FOX-ის წარმომადგენელი რიჩარდ გარიოტი, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, კოსმოსური ტურისტული კომპანიის ”Space Adventures” კერძო დაფინანსებით იმყოფებოდა: “მოძრავი საგნების ინერცია საშინელი რამაა.” – აღნიშნავს გარიოტი. –”კოსმოსში, კამერის წინ, არავინ და არაფერი იქცევა ნორმალურად. ნიუტონის კანონები გაიძულებს მუდმივ მოძრაობაში იყო, თორემ გაურკვეველ ადგილას და შეუფერებელ დროს, სადღაც სივრცეში ”დაეკიდები.”
სიმართლე ითქვას, ასეთი სცენების გადასაღებად კოსმოსში წასვლა აუცილებელიც არ არის – მხატვრული ფილმი ”Apollo 13” NASA-ს მთვარის უიღბლო მისიაზე მოგვითხრობს; კოსმოსური სცენების გადასაღებად, მსახიობები: ტომ ჰენკსი, ბილ პაქსტონი და ქევინ ბეიკონი კოსმოსური სააგენტოს უწონადობის სიმულაციის საოცარ თვითმფრინავზე (რომელსაც ხუმრობით “გულისრევის კომეტა” ეწოდება) იმყოფებოდნენ. KC-135 მოდიფიცირებული საჰაერო ხომალდია, რომელიც ასტრონავტების საწვრთნელად გამოიყენება და მიკროგრავიტაციის სიმულირებისთვის, დიდი სიმაღლიდან მიწისკენ პარაბოლურად ეშვება.
საჭიროა.. ინსპირირება
1986 წელს, ეკრანებზე ფილმის ”Top Gun” გამოსვლის შემდეგ, აშშ საჰაერო ძალებში მოხვედრის მსურველთა რიცხვი 500-ჯერ გაიზარდა. ბრაიდსტაინი აღნიშნავს, რომ ტომ კრუზის ფილმის გამოსვლაც მსგავს შედეგს მოიტანს: “საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, როდესაც ”Top Gun” პირველად ვნახე, და იმ დღიდან მოყოლებული, სამხედრო მფრინავობაზე ვოცნებობდი.”- იხსენებს სამხედრო პილოტი და NASA-ს ადმინისტრატორი. –”თუკი ტომ კრუზმა, თავისი ფილმით, სკოლის მოსწავლის ინსპირირება მოახერხა, ნუთუ მომავალ ილონ მასკებს ვერ წაახალისებს?” – განაცხადა ბრაიდთაინმა SpaceX-ს საეკიპაჟო კაფსულის გაშვების აღსანიშნავ ცერემონიალზე.
როგორც თვით ილონ მასკმა Twitter-ზე განაცხადა: -”დიახ, გააღვიძეთ ბავშვებში სურვილი, ჩაიცვან სკაფანდრი და მთვარისა და მარსის გზას გაუდგნენ. უჩვენეთ მათ ნათელი მომავალი, წაახალისეთ ისინი კოსმოსური თავგადასავლებით.”