ამ ივნისის სავსემთვარეობა, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, მზებუდობასთან (მზის დგომა. 21 ივნისი) ყველაზე ახლო სავსემთვარეობა იყო, რაც წლის ყველაზე დაბალ სავსემთვარეობაში გადაიზარდა. ანალოგიურად, უახლოესი სავსემთვარეობა ზამთრის მზებუდობასთან – ყველაზე მაღალია წელიწადში (მზებუდობა (დგომა), ბუნიაობა და სეზონების ცვლილება).
“მარწყვის სავსე მთვარე”, ივნისის სავსე მთვარის ერთ-ერთი ტრადიციული სახელია, რომელსაც ინდიელები იყენებენ, რადგან მათთვის ივნისი მარწყვის კრეფის დროა. თუ გადავხედავთ სხვა სავსემთვარეების სახელებს, ვნახავთ, რომ ისინიც კონკრეტული თვის ბუნებრივ მახასიათებლებთან არის დაკავშირებული (მთვარის მრავალფეროვანი ამოსვლა). მიუხედავად იმისა, რომ ივნისის სავსე მთვარეს მარწყვის მთვარეს უწოდებენ, ევროპელებისთვის ის ვარდის მთვარეა, ალბათ იმიტომ, რომ ამ თვეში ვარდები ყვავის, ან შესაძლოა იმიტომ, რომ ივნის სავსე მთვარე, ზოგჯერ, ვარდისფერ ელფერს იძენს. ივნისის სავსე მთვარეს სხვა ხალხებმაც მოუძებნეს სახელები – ლოტოსის მთვარე, ცხენის მთვარე, ორმაგი მთვარე, მწვანე სიმინდის მთვარე, მუხის მთვარე, ცივი მთვარე, გრძელი ღამის მთვარე. ნასამ მას “LRO-ს მთვარე” შეარქვა, მთვარის მკვლევარი ავტომატური აპარატის საპატიცვემულოდ.

სავსე მთვარე, 5 დეკემბერს, თბილისის დროით 3:14 საათზე (4 დეკემბერი, 23:14 GMT), კუროს თანავარსკვლავედში იქნება. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ამ სავსე მთვარეს, ტრადიციულად, ცივ მთვარეს (გრძელი ღამის მთვარეს) უწოდებენ, რადგან ის ზამთრის მზებუდობასთან ახლოს ხდება, როდესაც ღამეები გრძელია და ტემპერატურა დაბალი. ეს სავსე მთვარე, ასევე, 2025 წლის ბოლო სუპერმთვარეა (ანუ გაივლის პერიგეას, დედამიწასთან უახლოეს წერტილს თავის ორბიტაზე): სავსე მთვარე ჩვეულებრივზე დაახლოებით 8%-ით დიდი და 15%-ით კაშკაშა გამოჩნდება, თუმცა ჩვეულებრივი დამკვირვებლისთვის ეს შეუმჩნეველი დარჩება.

ეკვატორის ჩრდილოეთით მდებარე რეგიონებში, ეს სავსე მთვარე 2042 წლამდე ნებისმიერ სხვა სავსე მთვარეზე მაღლა აიწევს, რაც გამოწვეულია მთვარის დგომის (ბუდობის) სახელით ცნობილი ფენომენით. ეს არის მომენტი, როდესაც მთვარის გზა უკიდურეს წერტილებს მიაღწევს ცაზე. ამის საპირისპიროდ, სამხრეთ ნახევარსფეროში მთვარე ჰორიზონტთან უჩვეულოდ ახლოს იქნება და ატმოსფეროს სქელ ფენებში გავლისას თბილ ოქროსფერ ან მოწითალო ელვარებას მიიღებს.

გზას, რომლზეც ჩვენი პლანეტა წლის განმავლობაში მზის გარშემო მოძრაობს, დედამიწის ორბიტა ეწოდება, ხოლო სიბრტყეს, რომელშიც მდებარეობს დედამიწის ორბიტა – დედამიწის ორბიტის სიბრტყე. დედამიწის ორბიტის სიბრტყე კვეთს ცის სფეროს – წარმოსახვით სფეროს, რომლის ცენტრშიც დედამიწაა. ცის სფერო გლობუსს ჰგავს, რომელზეც დედამიწიდან დამზერადი ვარსკვლავები, პლანეტები და სხვა ციური სხეულებია გამოსახული. ეკლიპტიკა კი წრეა, რომლითაც დედამიწის ორბიტის სიბრტყე, ცის სფეროს კვეთს. თავის მხრივ, სიბრტყე, რომელშიც ეკლიპტიკა ძევს, ეკლიპტიკის სიბრტყეს უწოდებენ, ის, დედამიწის ორბიტის სიბრტყეს ემთხვევა.
მზის მსგავსად, რომელიც უმაღლეს წერტილს ცაზე ზაფხულის მზებუდობის დროს აღწევს, მთვარესაც აქვს თავისი “აღმასვლები და დაღმასვლები”, მაგრამ მისი მოძრაობა უფრო რთულია. ეკლიპტიკის მიმართ მთვარის ორბიტის დახრილობა 5,1გრადუსია, და რადგან ეკლიპტიკა ისეც დახრილია ცის ეკვატორის მიმართ 23,4 გრადუსით, მთვარეს შეუძლია ცაზე +28,7 გრადუსამდე ამოსვლა ჩრდილოეთით ან -28,7 გრადუსამდე სამხრეთით, გაცილებით მაღლა, ვიდრე მზეს ოდესმე შეეძლება ავიდეს.