ღრუბელი-9: ასტრონომიული ობიექტების ახალი ტიპი

 ასტრონომებმა უნიკალური ობიექტი აღმოაჩინეს, რომელიც ადრეული სამყაროს გადმონაშთი შეიძლება იყოს — „შეუმდგარი“ ან „გაყინული“ გალაქტიკა, რომელიც ძირითადად ბნელი მატერიისგან შედგება. ობიექტი, სახელწოდებით „ღრუბელი-9“, დედამიწიდან არც ისე შორს, დაახლოებით 14,3 მილიონი სინათლის წლის დაშორებით, სპირალური გალაქტიკის, მესიე 94-ის ახლოს მდებარეობს და, როგორც ჩანს, სრულიად მოკლებულია ვარსკვლავებს.

 ეს არის ნეიტრალური წყალბადის ღრუბელი, რომელიც უხილავი ბნელი მატერიის მასიური ჰალოთი არის შეკრული. გალაქტიკების ფორმირების შესახებ არსებული თეორიის მიხედვით, ჯერ ბნელი მატერიის გროვები წარმოიქმნება, რომლებიც ჩვეულებრივი მატერიის გაზებს თავისკენ იზიდავს. თუ გაზი საკმარისად მკვრივი გახდება, მასში ვარსკვლავები ინთება. თუმცა, როგორც ჩანს, ღრუბელი-9 ევოლუციის ძალიან ადრეულ ეტაპზე შეჩერდა.

ჩინეთის 500 მეტრიანი რადიოტელესკოპი.

 ობიექტი, თავდაპირველად, ჩინური რადიოტელესკოპის, FAST-ის საშუალებით აღმოაჩინეს, ნეიტრალური წყალბადის კვლევის დროს. Green Bank-ისა და Very Large Array რადიოტელესკოპებით შემდგომმა დაკვირვებებმა, ასევე ჰაბლის სახელობის კოსმოსური ტელესკოპიდან მიღებულმა ღრმა ოპტიკურმა სურათებმა, მისი უნიკალური ბუნება დაადასტურა. ღრუბელი-9 არის გაზის სფერული გროვა, რომლის დიამეტრი დაახლოებით 4900 სინათლის წელია, ერთი მილიონი მზის მასით. ასეთი ღრუბლის შესანარჩუნებლად დაახლოებით 5 მილიარდი მზის მასის ექვივალენტური ბნელი მატერიაა საჭირო. ამავე დროს, “ჰაბლმა” ერთი ვარსკვლავიც კი ვერ აღმოაჩინა მასში. თუ ვარსკვლავები არის, მათი საერთო მასა რამდენიმე ათას მზის მასას არ უნდა აღემატებოდეს (მოუხელთებელი ბნელი მატერია).

 ღრუბელი-9 ე.წ. “რეიონიზაციით შემოფარგლული ნეიტრალური წყალბადის ღრუბლობის” (RELHIC) საიმედო კანდიტატია – გალაქტიკების პირველადი სამშენებლო აგურები, რომლებმაც ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების დაწყების ზღურბლს არ გადააბიჯეს. ამ შემთხვევაში, ვარსკვლავების არ არსებობა სწორედ ამ თეორიის სასარგებლო მტკიცებულებაა (ბნელი მატერია სამყაროს ”ბავშვობის დროინდელ” ფოტოზე).

 ადრე, ასეთი ობიექტების არსებობას მხოლოდ მოდელირება წინასწარმეტყველებდა, პრაქტიკული აღმოჩენა კი იყო უკიდურესად ძნელი. სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, ღრუბელი-9 ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს: მასში არ არის ვარსკვლავები, არ აქვს მკაფიოდ გამოხატული ბრუნვა, ხოლო იქამდე მანძილი გალაქტიკა M94-თან მეზობლობით დადგინდა. ღრუბელი-9, მენციერებს დაეხმარება უკეთ გაიგონ, რა არის ბნელი მატერია და როგორ ევოლუციონირებს სამყარო (2012 წ. – ბნელი მატერიის გალაქტიკა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.