2019 წელს აღმოჩენილ სისტემაში IRA 00500+6713, ორი თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის შეჯახებით ფორმირებული ვარსკვლავი მდებარეობს. ასეთი შეჯახებისას, ჩვეულებრივ, ხდება ზეახლის აფეთქება, რომელსაც 1a-ს კლასს მიაკუთვნებენ. ხსენებული სისტემის შემთხვევეში, აფეთქება არ აღმოჩნდა ისეთი ძლიერი, რომ ვარსკვლავიც დაეშალა და ახლო სივრცეც, რის გამოც, აფეთქების ადგილზე მეცნიერთათვის უცნობი ტიპის ობიექტი ჩამოყალიბდა.
თეთრი ჯუჯა ვარსკვლავების შეჯახებისას ხდება თერმობირთული აფეთქება (1a ტიპის ზეახალი), კატასტროფის ადგილზე კი გაზ-მტვროვანი ნისლეულიღა რჩება (1a-ს ტიპის აფეთქებათა 80% ჯუჯების შერწყმაზე უნდა მოდიოდეს, სხვა მონაცემების მიხედვით – 14%-ზე ცოტა, ან იშვიათობა უნდა იყოს).
სისტემა IRA 00500+6713 შედგება ზეცხელი ცენტრალური ვარსკვლავისგან – J005311, რომელიც რამდენიმე მილიონ გრადუსამდე გავარვარებული გაზისა და მტვრისგან შემდგარი ნისლულით არის გარშემორტყმული. ვარსკვლავის სპექტრში დიდი რაოდენობით ჟანგბადი და ნახშირბადი შეიმჩნევა, ხოლო ვარსკვლავური “ქარის” სიჩქარე საათში 16 ათას კილომეტრზე მეტია. მეცნიერთა თქმით, სისტემა IRA 00500+6713-ის მსგავსი სხვა ჯერ არავის უნახავს, რაც ინფრაწითელ დიაპაზონში დამზერით დასტურდება, რომელშიც J005311 ჯუჯა ვარსკვლავებზე ელვარეა. დაკვირვება მოხდა რენტგენის დიაპაზონში მომუშავე ორბიტული “XMM-ნიუტონითაც”, რამაც სისტემაში დიდი რაოდენობით ნეონის, ხოლო მცირე რაოდენობით – სილიციუმისა და გოგირდის არსებობა გამოავლინა.
მათემატიკური მოდელირების მიხედვით, ობიექტი IRA 00500+6713 ორი თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის შერწყმის შედეგს წარმოადგენს. ჯუჯათა წყვილიდან ერთ-ერთმა, რომელიც მეორეზე მასიური იყო, მსუბუქიდან ვარსკვლავური მასა “გადმოქაჩა”, კრიტიკულ მასას მიაღწია და აფეთქდა, თუმცა არა ისეთი ძალით, რომ სისტემა დაეშალა, ხოლო ნისლეულის წარმოსაქმნელად ასეთი სიმძლავრე სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. აფეთქების მერე, თვითონ ვარსკვლავი უჩვეულო ობიექტად გარდაიქმნა, რომლის მასა 1,4-ჯერ აჭარბებს მზისას, რაც თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის მასის ზედა ზღვარია. ასეთი ვარსკვლავი ან ნეიტრონულ ვარსკვლავად, ან შავ ხვრელად უნდა შეიკუმშოს – ჩანდრასეკარის ზღვარი).
მეცნიერთა აზრით, IRA 00500+6713-ის მსგავსი სხვა სისტემებიც უნდა არსებობდეს, რომლებიც ასტრონომთა თვალთახედვაში აქამდე ვერ მოხვდა, პროცესის სისწრაფისა და მცირე დროით არსებობის გამო. გამოთვლების მიხედვით, ვარსკვლავი J005311 დაახლოებით 1000 წლის მერე, ნიტრონულ ვარსკვლავად ან შავ ხვრელად გადაიქცევა, რაც ზეახლად კიდევ ერთხელ აფეთქებას გამოიწვევს.