ეგზოპლანეტა – კიბორჩხალას 55 e, ე.წ. “სუპერდედამიწაა”, ჩვენი გალაქტიკის პლანეტური სამყაროს ტიპიური წარმომადნგენელი (space.com). NASA–ს კოსმოსური ტელესკოპის, ”ჰაბლი” გამოყენებით, მეცნიერების ისტორიაში პირველად მოხდა ეგზოპლანეტური ატმოსფეროს ქიმიური შედგენილობის დახასიათება. ეს ეგზოპლანეტა დედამიწაზე 8–ჯერ მასიურია, ორნახევარჯერ მეტი რადიუსით. ეგზოპლანეტა კიბორჩხალას 55 e, ჩვენგან 40 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.
“დაკვირვების შედეგებმა საშუალება მოგვცა ეგზოპლანეტის ატმოსფეროს ქიმიური მახასიათებლები გაგვერკვია” – ამბობს კვლევის ერთერთი თანაავტორი, ჯოვანა ტინეტი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის თანამშრომელი (UCL). – “ახლა ჩვენ შეგვიძლია ამ პლანეტის ფორმირებასა და განვითარების დინამიკაზე ვიმსჯელოთ და სხვა სუპერდედამიწებზე მიმდინარე პროცესებიც ვივარაუდოთ”.
სუპერ–დედამიწა პლანეტები ჩვენს დედამიწას ზომებით მცირეოდენ აღემატება, მაგრამ მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებიან ნეპტუნისა და სატურნის მსგავს აიროვანი პლანეტების მასშტაბებს. ”კეპლერისა”(NASA) და სხვა კოსმოსური ტელესკოპების მეშვეობით მიღებული მონაცემების მიხედვით, სუპერ–დედამიწები პლანეტების ყველაზე უფრო გავრცელებული კლასია ჩვენს გალაქტიკაში.
კიბორჩხალას 55 თავის მშობლიურ მნათობთან ძალიან ახლოსაა და მის გარშემო თავის ორბიტას ყოველ 18 საათში ერთხელ ასრულებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ გამოთვლების მიხედვით მისი ზედაპირის ტემპერატურა 2000˚C აღწევს, გასაგები გახდება, რომ პლანეტა დედამიწის მსგავსი სიცოცხლის არსებობისათვის გამოუსადეგარია.
კიბორჩხალას 55 2004 წელს აღმოაჩინეს; 2012 წელს კი მოდელური ექსპერიმენტის მიხევით მისი მასა, რადიუსი და მშობლიური მნათობის ქიმიური შედგენილობა იქნა დადგენილი. როგორც აღმოჩნდა, კიბორჩხალას 55–ს ბირთვში ჭარბადაა ნახშირბადი; ფაქტიურად, პლანეტა შეიძლება ერთი დიდი ალმასიც კი იყოს, რომელიც ნახშირბადის ნაფიფქითაა დაფარული.
შემდგომმა გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ კიბორჩხალას 55დაფარულია ატმოსფერული ფენით, რომელიც წყალბადის ციანიდსაც შეიცავს, რაც მისი ატმოსფეროს სპექტრში ნახშირბადის შთანთქმის ხაზების არსებობასაც ხსნის.
სუპერ დედამიწა კიბორჩხალას 55 (მხატვრის წარმოდგენით. ESA/Hubble, M. Kornmesser).
“მომავალში, პლანეტის ატმოსფეროს ინფრაწითელ დიაპაზონში გამოკვლევა გვიჩვენებს, მართლაც არის თუ არა კიბორჩხალას 55 ნახშირბადოვანი, ეგზოტიკური პლანეტა”– ამბობს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევარი ჯონათან თენისონი. – “თუმცა, წყალბადის ციანიდი საშინელი შხამია და ასეთ პლანეტაზე არც ჩასვლას და არც ცხოვრებას არ ვისურვებდი”.
მკვლევარების ჯგუფმა კიბორჩხალას 55 –ს მზის მსგავსი მნათობის მრავალჯერადი სპექტრული სკანირება მოახდინა, რისთვისაც “Hubble”–ის ფართო ხედვის დიაპაზონის მე–3 კამერა გამოიყენეს; მიღებული მონაცემები ატროსფეროს შემადგენლობის ანალიზური პროგრამის მეშვეობით დაამუშავეს.
“კიბორჩხალას 55–ის ატმოსფეროს ანალიზმა გიჩვენა, რომ ის, ვარსკვლავიერი ქარების ზეგავლენით, წყალბადითა და ჰელიუმით მდიდარი ნისლეულიდან ჩამოყალიბდა” – ამბობს სტატიის მთავარი ავტორი და მკვლევარი, დოქტორანტი ანგელოს ციარასი.