ადამიანები, როგორც ჩანს, მარსის კოლონიზაციას ნამდვილად დაიწყებენ და ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი ხდება მარსული კალენდრის არსებობა. მარსის დღე-ღამე, დედამიწის დღისგან განსხვავებით, საშუალოდ 24 საათი 39 წუთი და 35 წამი გრძელდება. დღეების აღსანიშნად მარსის შემთხვევაში „სოლ“-ებს იყენებენ (sol მოდის solar-დან, რაც ნიშნავს – „მზის“ ანუ მზის დღე-ღამე მარსზე) და კვირის დღეებთან დაკავშირებითაც განიხილება „სოლ“-ის ვარიაციების გამოყენება. ერთი წელიწადი მარსზე დედამიწის 687 დღეს უდრის ან მარსის დღეებში – 668,6 სოლს.
მარსის კალენდრის შედგენის პირველი მცდელობა ნასას 1972 წელს ჰქონდა, მაგრამ მასში მხოლოდ დღეები იყო განსაზღვრული თვეების და კვირის დღეების მინიჭების გარეშე. 1986 წელს, თომას გენგეილმა (Thomas Gangale) ჩამოაყალიბა მარსის 24 თვიანი კალენდარი, რომელშიც თვეების სახელები მოცემული იყო ზოდიაქოს თანავარსკვლავედების ლათინური სახელებით და შემდეგ მათი სახელებით სანსკრიტში. თითო თვეში განსაზღვრული იყო 27 ან 28 სოლი. შემდეგი შემოთავაზებები კი 1990-იან წლებში გამოჩნდა. რობერტ ზუბრინმა შეადგინა 12 თვიანი კალენდარი, თვეების სახელებად კი კვლავ ზოდიაქოს ნიშნები აიღო. თითო თვე გამოხატავს მზის ირგვლივ მარსის მოგზაურობის 30 გრადუსიან გზას, რაც დედამიწის შემთხვევაში 30-31 დღიან თვეებად გამოიხატება, რადგან დედამიწას თითქმის წრიული ორბიტა აქვს. მარსის ორბიტა ძალიან ელიფსურია და ამიტომ ამ გზაზე მარსის თვეებში სოლების (დღეების) რაოდენობა 46-დან 66-მდე მერყეობს.
უფრო სიმეტრიული ვერსია 1994 წელს გამოჩნდა, როცა ვილიამ ბეკერმა 19 თვიანი კალენდარი შეადგინა და თვეებს ეგვიპტური, ბერძნული და რომაული ღვთაებების სახელები დაარქვა. მის კალენდარში ყველა თვეს 5 კვირა აქვს და ყველა კვირას 7 სოლი, ანუ თითო თვე 35 სოლისგან შედგება. 19 * 35 = 665 რაც 3-4 სოლით ნაკლებია მარსის წელიწადზე. ამიტომ ბეკერმა დაამატა „ნაკიანობის“ დღეები პირველ, მეხუთე, მეათე და მეთხუთმეტე თვეებში.
მილენიუმის მარსის კალენდარი (MMC) 20 თვეს გამოჰყოფს, უფრო კონკრეტულად კი 5-5 თვისგან შემდგარ 4 ჯგუფს. თითოეულ ჯგუფში პირველი 3 თვე 33 სოლისგან შედგება, დარჩენილი 2 კი – 34 სოლისგან. თვეებს ბერძნული ღვთაებების სახელები აქვს მინიჭებული. ეს კალენდარი წელიწადში 668 დღეს გვაძლევს და ერთი დღე ემატება ბოლო – ზევსის თვეს, დაახლოებით ყოველ მეორე წელს, რაც გვაძლევს 35 სოლიან თვეს. ძველი ბერძნული ღმერთების სახელების გამოყენება ადამიანების სახელების გამოყენებისგან მოსალოდნელ აზრთა სხვადასხვაობას და უკმაყოფილებას გვარიდებს. ასევე, დედამიწის კალენდრისგან განსხვავებით, რომელშიც მხოლოდ ივნისია ქალის სახელიდან წამოსული, ამ კალენდარში 10 ქალღმერთის და 9 ღმერთის სახელია გამოყენებული.
მილენიუმის მარსის კალენდრის მიხედვით, მარსის სეზონები სხვადასხვა ხანგრძლივობისაა. მარსის ელიფსური ორბიტის გამო, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაზაფხული-ზაფხული უფრო ხანგრძლივია, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში, შესაბამისად, შემოდგომა-ზამთარი.
რომელი კალენდარიც არ უნდა აირჩიოს ასტრო-მეცნიერების საზოგადოებამ, ყველა კალენდარს სჭირდება ათვლის წერტილი. საიდან შეიძლება მარსზე წლების ათვლის დაწყება? რა შეიძლება ჩაითვალოს პირველ წლად? ასტრონომებმა სხვადასხვა ვარიანტი წარმოადგინეს. განიხილება კარლ ოტო ლამპარდის დაბადების თარიღი, 1873 წლის 29 დეკემბერი (ლამპარდი ცნობილია მისი დაკვირვებებით მარსზე და მისი წვლილით პლანეტა X-ის ძებნაში) ან 1608 წელი, რომელიც ტელესკოპის გამოგონების თარიღად არის მიჩნეული. ზოგი ასტრონომი ათვლის თარიღად იღებს 1955 წლის 11 აპრილს, ჩრდილოეთის გაზაფხულის ბუნიობას (როცა მზე ეკვატორის მიმართ ზენიტშია და დღის და ღამის ხანგრძლივობა თანაბარია). ნაწილმა კი აიღო ადამიანების პირველი ვიზიტი მარსზე, როცა “ვიკინგ 1” იქ დედამიწის დროით 1976 წლის 20 ივლისს დაეშვა.
მიუხედავად იმისა, რის მიხედვით აითვლება მარსის წლები, კალენდრების უმრავლესობა სწორედ ბუნიობით განსაზღვრავს წლის დასაწყისს. ბუნიობის მიხედვით, ახალი წელი მარსზე 2017 წელს დადგა, ჩვენი დროით 6 მაისს, შემდეგი ახალი წელი კი 2019 წლის 23 მარტს იქნება. შემდეგი – 2021 წლის 7 თებერვალს.
მილენიუმის მარსის კალენდარი სწორედ “ვიკინგ 1”-ის დაშვებას იღებს ათვლის წერტილად. ეს არის მარსის წელთაღრიცხვით 0 წელიდი, ის იწყება ჩრდილოეთის გაზაფხულის ბუნიობაზე –1 ეოსით. 0 წლის 1 ეოსი შეესაბამება 1975 წლის 26 დეკემბერს დედამიწაზე.
P.S. დედამიწის კალენდარში მესამე თვის სახელი სწორედ მარსის საპატივცემულოდ არის დარქმეული.
P.S. დედამიწაზეც სწორედ ბუნიობის მიხედვით ხდებოდა დროის ათვლა, მარტში იწყებოდა წელიწადი ადრეული რომაული კალენდრის მიხედვით. თუმცა, შემდეგ ეს შეიცვალა და გადავედით წლის დასაწყისის იანვარში აღნიშვნაზე (მზის დგომა, ბუნიაობა და სეზონების ცვლილება), (1; 2; 3; 4).
ავტორი: ქუჯი ბიჭია (ასტრომოყვარული).