წარმოიდგინეთ, რა უნდა ქნას ასტრონავტმა, თუ სკაფანდრში გამოჭედილს ქავილი აუტყდება – ხელებს ვერსად წაიღებ, სხვა საშუალებებს უნდა დაეყრდნო: ”შეიშმუშნე, დაიკლაკნე და იხვანცალე, სხვა არაფერი” — ამბობს ყოფილი ასტრონავტი კლეიტონ ანდერსონი. — ”სხვა გზა არ არის, თუ გაგიმართლებს, წყლით სავსე გაშეშებულ გამაგრილებელსა და გაბერილ გარსაცმს შორის მოსაფხან ადგილს როგორღაც დაუმიზნებ და ეფექტურად დაიგრიხები.”
სახეზე თუ გექავებათ, იქვე, ჩაფხუტში ჩამაგრებული, ახლოს მდებარე ხელსაწყოები შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, ქუდში, რომელსაც ჩაფხუტის შიგნით იცმევენ, ყურმილები და მიკროფონია. სახის ქვედა ნაწილით შეგიძლიათ ამ მიკროფონს გაეხახუნოთ. ამ მეთოდის უარყოფითი მხარე ის არის, რომ თუ ზედმეტი მოგივიდა, მიკროფონი ადგილს შეიცვლის და ხმის ხარისხი გაუარესდება, რაც კომუნიკაციისთვის პრობლემას წარმოადგენს.
სხვა საშუალებაა ხელსაწყო, რომელსაც ”ვალსალვა” ეწოდება – ქაფ-პოლიმერის ნაჭერი, რომელიც თავის ქალაში წნევის გათანაბრებისთვის გამოიყენება: თუ ასტრონავტს ყურები დაუგუბდება, ის ”ვალსალვაზე” ცხვირის ნესტოებს დააჭერს და ჩაჰბერავს. ასე რომ, შეგიძლიათ ზედ ცხვირიც მოიქავოთ… იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება მანამდე დატოვებული წვინტლები მოგეცხოთ, მაგრამ ქავილით გამწარებული, ამას ვინ დაეძებს.
მესამე გზა არის სპეციალური ფხრიწი, რომელიც პირველად ”აპოლოს” მისიებში გამოიყენეს (გაითვალისწინეთ, რომ ფხრიწი NASA-ს გამოგონება არ არის). როგორც წესი, ის სკაფანდრის მარცხნივ, აირის მოწოდების პორტზეა მიწებებული, რომელიც წნევით ავტომატურად იკეტება, როდესაც ასტრონავტები კოსმოსში გადიან. როგორც ”აპოლო 17”-ის ასტრონავტი, ჰარისონ შმიდტი აღნიშნავდა: -”ამ ფხრიწის გამოყენებაზე ყველამ ერთბაშად განაცხადა თანხმობა …”
თუ მაინც და მაინც ისეთ დროს და ადგილას გექავებათ, რომ პირდაპირ საშველი აღარ არის, მაშინ საქმეში ასტრონავტის ფსიქოლოგიური მომზადება ერთვება – გამოიყენება ე.წ. იგნორირების მეთოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალები უნდა მოიკრიბოთ და ყურადღება საქმეზე გადაიტანოთ, სანამ ქავილი არ დაგავიწყდებათ. ეს ყველაზე იოლი გამოსავალია, მითუმეტეს ღია კოსმოსში მუშაობის დროს, რომელიც, როგორც წესი, 5-8 საათი გრძელდება. ყურადღების ასეთი გადატანა ასტრონავტებისთვის არც ისეთი რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს – ვაკუუმში მუშაობა ძნელია, განსაკუთრებულ ძალას კი თითებით ფაქიზი მანიპულაციების შესრულება მოითხოვს; გონების მთელი კონცენტრაცია დაკისრებული ამოცანის შესრულებისკენ უნდა იყოს მიმართული.. შესვენების დროს კი.. გარშემო დედამიწის და ღრმა კოსმოსის ისეთი პეიზაჟები იშლება, ქავილი კი არა, შეიძლება თავი დაგავიწყდეს…
საინტერესო ფაქტები:
- ქავილის გარდა, გარე კოსმოსში ორგანიზმის გამომყოფმა სისტემებმაც შეიძლება შეგვახსენოს თავი. ამისთვის სკაფანდრში მაქსიმალური შეწოვის მქონე პამპერსებია. ცხადია, პამპერსები იცვლება, მაგრამ მაინც წარმოიდგინეთ, რომ ასტრონავტმა, რომელსაც სკაფანდრი თქვენამდე ეცვა – ეს საშუალებები გამოიყენა… სხვა უსიამოვნო მოვლენა – გაზებია. თუ თავს ვერ შეიკავებთ, ისინი თქვენს სკაფანდრში სამუშაოს ბოლომდე დარჩებიან (რატომ აქვს ზოგიერთების გაზებს უფრო ცუდი სუნი).
- დედამიწის ორბიტაზე ოფლი და ცრემლები ქვემოთ წვეთებად კი არ მოედინება, არამედ ერთმანეთს ეწებება, დიდ ბუშტუკებად იკვრება, ზედაპირს მოწყდება და თავის ნებაზე დაფრინავს. შემდეგ რაიმეს მიეწებება, მაგალითად წარბებს და წამწამებს, და მხედველობის არეს დაგიჩრდილავთ.
- კიდევ უფრო უარესი სკაფანდრში გამაცივებელი წყლის გაჟონვაა, რაც ასტრონავტ ლუკა პარმიტანოს შეემთხვა: სულ რაღაც წამების განმავლობაში მის ჩაფხუტში წყლის უზარმაზარი, ზიმზიმა ბუშტი წარმოიქმნა და სახე დაუფარა; თუმცა, სანამ მხედველობის, სმენის, საუბრის და ბოლოს სუნთქვის გაუსაძლისი პრობლემა არ შეექმნა, ასტრონავტს მუშაობა არ შეუწყვეტია, რადგან ამ ბუშტუკის შესუნთქვა უკვე სიკვდილის ტოლფასი იყო. –”წარმოიდგინეთ, რომ თავით აკვარიუმში ჩაგაყუდეს.”-ამბობს ფრენის დირექტორი დევიდ კორთი. –”როგორი ასატანია? ეს ძალიან, ძალიან სახიფათოა. ასეთ დროს სკაფანდრის გადახურების საშიშროებაც არსებობს.”
- ასტრონავტის ღია კოსმოსში გასვლამდე, ჩაფხუტის შიდა ზედაპირს სპეციალური, დაორთქვლის საწინააღმდეგო ქიმიკატით, დიდი სიფრთხილით ამუშავებენ. მიუხედავად ამისა, 2011 წელს ასტრონავტ ენდრიუ ფიუსტელს ამ სითხის მოტივტივე წვეთი შემთხვევით თვალში მოხვდა, რამაც თვალის გაღიზიანება და დაცრემლიანება გამოიწვია. ასტრონავტი იძულებული გახდა მთელი სამუშაოს განმავლობაში თვალი დროდადრო ”ვალსავაზე” ფრთხილად შეეშრო.
- კიდევ ერთი დიდი ხათაბალაა კოსმოსში ცხვირის დაცემინება. როგორც ასტრონავტი დეივ უოლთი იხსენებს: –“ფრთხილად, ქარში არ მოყვეთ და არ გაცივდეთ, თორემ ორთქლისგან განსხვავებით, სკაფანდრში დაცემინება მთელ ვიზუალურ არეს გადაფარავს, და ამ წვეთების გაწმენდა სრულიად შეუძლებელია..”