70 წლიანი კოსმოსური ეპოქის განმავლობაში კაცობრიობამ უამრავი მზის შემსწავლელი აპარატი გაუშვა კოსმოსში, მათ შორისაა SOHO, SDO, PSP, STEREO, Proba 2, Solar Orbiter. ყველა მათგანი მნათობის ეკვატორული განედების დამზერაზე იყო ორიენტირებული.

რა თქმა უნდა, ასტრონომები, ჩვენი ვარსკვლავის პოლარული რეგიონებითაც არიან დაინტერესებულნი. პრობლემა ის არის, რომ კოსმოსური ხომალდის ორბიტაზე მოქცევა, რომელიც მზის პოლუსების დაკვირვების საშუალებას იძლევა, დიდი რაოდენობით საწვავს მოითხოვს. ასეთი მანევრის განხორციელება მხოლოდ ერთმა თანამგზავრმა შეძლო, ეს არის Ulysses, რომელიც იუპიტერის გრავიტაციის გამოყენებით, მზის გარშემო პოლარულ ორბიტაზე იქნა გადაყვანილი. თუმცა, Ulysses არ იყო აღჭურვილი კამერებით. ამიტომ არ ჰქონდა კაცობრიობას მზის პოლუსების პირდაპირი გამოსახულებები.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) კოსმოსურმა ხომალდმა – “სოლარ ორბიტერი” (Solar Orbiter), მზის სამხრეთ პოლუსის პირველი სურათები გადაიღო და დედამიწაზე გამოაგზავნა (esa).
2025 წლის მარტის მეორე ნახევარში, ზონდმა, ჩვენი უახლოესი ვარსკვლავი მისი ეკვატორიდან ქვემოთ, 17 გრადუსიანი კუთხით დააფიქსირა. ეს საკმარისი აღმოჩნდა ისტორიაში პირველად მზის სამხრეთ პოლუსის გამოსახულების მისაღებად. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, კოსმოსური ხომალდი შეძლებს თავისი ორბიტის კიდევ უფრო დახრას, რათა ვარსკვლავი ახალი რაკუსრებით გვიჩვენოს.
მანამდე, Solar Orbiter-ის წყალობით, ნორთუმბრიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეძლეს ეგრეთ წოდებული „ნელი“ მზის ქარის (წამში 500 კილომეტრზე ნაკლები) საიდუმლოს ამოხსნა. მეცნიერებმა დაადგინეს სად არის მისი გაჩენის ადგილი. აღმოჩნდა, რომ “ნელი” ქარი მოდის რეგიონებიდან, რომლებიც გარდამავალია ღია და დახურულ მზის გვირგვინს შორის (nature.com). (მზის მთლიანი გამოსახულება).