კვადრანტიდების რადიანტი (შემოსვლის წერტილი) მენახირის თანავარსკვლავედში მდებარეობს, ჰერკულესისა და დრაკონის საზღვართან ახლოს. დაიმზირება ყოველწლიურად – 28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, მკვეთრად გამოხატული მაქსიმუმით 3-4 იანვარს, რომლის დროსაც დედამიწის ატმოსფეროში 45-200 მეტეორი იჭრება საათში. სახელს ეს ნაკადი, ასტრონომიაში ახლა გამოუყენებელი თანავარსკვლავედის, კედლის კვადრანტიდან იღებს. კვადრანტიდები დიდი რაოდენობით სუსტი მეტეორებით გამოირჩევა, მათი სიჩქარე 41 კმ/წმ-ს უტოლდება. ჩრდილოეთ განედების მეტ ნაწილზე რადიანტი მნიშვნელოვან სიმაღლეს ვერ აღწევს, სამხრეთში კი ფაქტიურად საერთოდ არ ჩანს. დამზერა ჯობს დაიწყოთ საღამოს 11 საათიდან დილამდე, ჰორიზონტის მიმართ რადიანტი მთელი ეს დრო უმატებს სიმაღლეს.
კვადრანტიდების წყაროდ ასტეროიდი (196256) 2003 EH1 ითვლება, რომელიც 2003 წელს პ. ჯენისკენსმა, ლოუელის ობსერვატორიიდან აღმოაჩინა. ის ე.წ. დეგენერირებული კომეტობის კანდიდატადაც ითვლება – პერიოდული მიახლოებებით მზესთან, აქროლადი ნივთიერებები დაკარგა (სხვა ცნობილი ნაკადები).