ნასას მარსმავალი “პერსევერანსი” (Perseverance) და მისი მფრინავი მეწყვილე — “ინჯენიუითი” (Ingenuity), უკვე ერთ წელიწადზე მეტია წითელ პლანეტას იკვლევენ. მარსის ზედაპირზე დაშვებიდან 18 საათის მერე, აპარატმა მისი შემომფარგლავი ახლო სივრცის ხმები ჩაიწერა და დედამიწაზე გამოაგზავნა. მეცნიერებმა ეს ჩანაწერი შეისწავლეს და ვერაფერი გაიგონეს. აღმოჩნდა, რომ ჩვენი მეზობელი პლანეტა ბუნებით ძალიან წყნარია. სიჩუმის მიუხედავად, მოხდა ჩანაწერის რედაქტირება და საინტერესო ინფორმაციის მიღება მარსული ატმოსფეროს თვისებების შესახებ.
მარსის უამრავი ფოტო არსებობს, რასაც ვერ ვიტყვით იქ ჩაწერილ ხმებზე. მარსული ქარებისა და მარსმავლების ბორბლების ჭრიალის ხმის მოსმენას საზოგადოება 2018 წლამდე ელოდა. მიკროფონებით იყო აღჭურვილი “მარს პოლარ ლენდერი” (1999) და “ფენიქს ლენდერი” (2007). პირველმა ხმა ვერ ჩაიწერა, მერის მიკროფონი კი საერთოდ არ ჩაირთო (სეისმოგრაფებით ჩაწერილი ხმები – ხმები და სინათლე მარსზე “ინსაითისგან”).
“პერსევერანსის” კამერა SuperCam 2, მიკროფონით არის აღჭურვილი. მის მიერ ჩაწერილი ხმების სიხშირე, ადამიანის სმენის ფარგლებს გარეთ აღმოჩნდა, ამიტომ საჭირო გახდა მათი მოსმენად სიხშირემდე დაყვანა — გაისმა მარსმავლის ბორბლების ქვეშ მოხვედრილი ხრეშის ხრაშუნი, ქანებზე დაცემული ლაზერის სხივის ხმები, მარსული ქარის ჩუმი ყმუილი.
ხმის ჩანაწერების კვლევა ამით არ დასრულებულა. ახლა ისინი მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმაც შეისწავლა. გაირკვა, რომ მარსის გაიშვიათებულ ატმოსფეროში ხმები ისე არ ვრცელდება, როგორც დედამიწაზე. აქაურ ჰაერში ბგერის გავრცელების სიჩქარე 1224 კმ/სთ-ს უტოლდება, მარსზე კი სულ რაღაც 537 კმ/სთ-ს, თან მაღალი და დაბალი სხიშირის ხმები განსხვავებული სიჩქარეებით ვრცელდება.
აღსანიშნავია, რომ მარსის ატმოსფერო მკვეთრად განსხვავდება დედამიწისგან არა მხოლოდ ფიზიკური თვისებებით, არამედ ქიმიური შემადგენლობითაც. იმის გამო, რომ წითელი პლანეტის გრავიტაცია დედამიწისაზე 2,6-ჯერ სუსტია, მასში მძიმე აირები დომინირებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ განიავებულა კოსმოსში. მარსის ატმოსფეროს შემადგენლის 95% ნახშირორჟანგზე მოდის, ძალიან მცირე რაოდენობითაა აზოტი, არგონი, მეთანი და ა.შ.
მარსული ატმოსფეროს თავისებურებებისა და დიდი ზომის სკაფანდრების გამო, პლანეტის მომავალი კოლონიზატორები საკუთარი ფეხის ხმასაც კი ვერ გაიგებენ. ასე ტრავმის მიღების შანსიც დიდი იქნება, ხოლო პირველი სამედიცინო დახმარების გაწევა დაგვიანებული. საკუთარი ნაბიჯების ხმის გაგონების საშუალება რომ მიეცეთ, მარსზე მოსიარულე ადამიანების ჩექმები სპეციალური მიკროფონებითაც იქნება აღჭურვილი (რას ჩავიცვამთ მარსზე?; კიდევ ამ მარსმავლის შესახებ).