NASA-ს მათემატიკოსი ქეთრინ ჯონსონი, ერთერთი ”ადამიანი-კომპიუტერი” , რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ადამიანის კოსმოსში გასვლაში, 2020 წლის 24 თებერვალს, 101 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ღვაწლი დაწვრილებით არის ასახული მხატვრულ ფილმში ”ჩრდილში მყოფები”, სადაც ქეთრინს მსახიობი თარაჯი ჰენსონი განასახიერებს.
“ჯონსონის დახმარებით ჩვენმა ქვეყანამ კოსმოსის უსასრულობაში შეაბიჯა.” – აცხადებს NASA-ს ადმინისტრატორი ჯიმ ბრაიდსთაინი. – ”მან ბილიკი გაუკვალა აფრო-ამერიკელ ქალებს აკადემიური თავისუფლებისკენ, სწორედ იმ მათემატიკოსებს, რომელთა თავგანწირულმა შრომამ ადამიანები მთვარეზე დასვა; ხოლო მათი მემკვიდრეობა მარსისკენ გაგვიძღვება.”
ჯონსონი NASA-მ 1953 წელს დაიქირავა და მას პირველი ამერიკელი ასტრონავტის – ალან შეპარდის ფრენის ტრაექტორიის გამოთვლა დაავალა. ეს იყო ეპოქა, როდესაც ელექტრონული კომპიუტერები ჯერ კიდევ არ გამოიყენებოდა. მთელი ეს ურთულესი გამოთვლები ცარცისა და დაფის მეშვეობით მიმდინარეობდა და უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვდა.
როდესაც ასტრონავტი ჯონ გლენი დედამიწის გარშემო ორბიტაზე გასასველად ემზადებოდა, ამ პიონერული მისსიის შესრულებამდე კატეგორიულად მოითხოვა, რომ ყველა კალკულაცია პირადად ქეთრინ ჯონსონს გადაემოწმებინა. ისე გამოვიდა, რომ ჯონ გლენი მას უფრო ენდობოდა, ვიდრე ახლად შემოსული ელექტრონული კომპიუტერებით ჩატარებულ გამოთვლებს. ”თუ ქეთრინი იტყვის – ყველაფერი წესრიგშიაო, ისე გავფრინდები, თვალსაც არ დავახამხამებ!” – განაცხადა ჯონ გლენმა.
“NASA-ში გატარებული 33 წლის მანძილზე ჯონსონმა რასის და სქესის ბარიერი გაარღვია.” – განუცხადა გამოცემა ”Time”-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. –”ქეთრინმა მაგალითი მისცა ახალგაზრდებს და აჩვენა მათ, რომ მათემატიკასა და მეცნიერებაში წარმატება მათ ვარსკვლავებისკენ გაუკვალავს გზას.”
”ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ მის სიმამაცეს, პროფესიონალიზმს და იმ უზარმაზარ ღვაწლს, რომელიც მან კოსმოსური მეცნიერებების განვითარებაში შეიტანა.” – განაცხადა ბრაითსტაინმა გამოსამშვიდებელ სიტყვაში.
NASA პატივს მიაგებს ”ადამიან-კომპიუტერს”, ქეთრინ ჯონსონს, რომელიც მათ 33 წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა. 2017 წელს NASA-ს ლენგლის კოსმოსური ცენტრის კომპიუტერული გამოთვლების ოფისს ქეთრინ ჯონსონის სახელი მიენიჭა.