კომეტა C/2020 FЗ (NEOWISE) გამოჩნდა

 ამ კომეტაზე დასაკვირვებლად ბინოკლი ან ტელესკოპია საჭირო, თუმცა გამოცდილი დამკვირვებლები ამბობენ, რომ სუფთა ცაზე, შეუიარაღებელი თვალითაც შეძლეს მისი დანახვა.

 კომეტებს, რომელთა დანახვა შეუიარაღებელი თვალით არის შესაძლებელი, დიდ კომეტებს უწოდებენ. ამის ზუსტი განსაზღვრება ასტრონომებს არა აქვთ, თუმცა ჰეილ-ბოპის კომეტა, რომელიც 1997 წელს ჩანდა ცაზე, ერთ-ერთი ასეთი იყო.

 C/2020 FЗ (NEOWISE) აღმოაჩინეს 2020 წლის 27 მარტს, დედამიწიდან 525 მილიონი კილომეტრის მანძილზე, ორბიტული ტელესკოპით NEOWISE (NASA), რომელიც 2009 წლიდან ფუნქციონირებს.

NEOWISE (NASA).

 კომეტამ პერიჰელიუმი, უახლოესი წერტილი მზესთან, 2020 წლის 3 ივლისს გაიარა, მნათობიდან დაახლოებით 43 მილიონი კილომეტრის მანძილზე, ოდნავ ახლოს, ვიდრე მზესა და მერკურის შორის საშუალო მანძილია.

 ახლა C/2020 FЗ (NEOWISE) დილის ბინდბუნდისას უნდა მოვძებნოთ, ჩრდილო აღმოსავლეთ ჰორიზონტთან ახლოს. უმაღლეს წერტილს ის 11 ივლისს მიაღწევს, შემდეგ კი სულ უფრო და უფრო მიუხლოვდება ჰორიზონს. შუა ივლისში უკვე საღამოს ბინდბუნდისას გამოჩნდება, მზის ჩასვლის თანავე, ჩრდილო დასავლეთ ჰორზიონტთან ახლოს.

 ივლისის პირველ დღეებში მისი მოძებნა ძნელი იყო, რადგან ის არა ბნელ ცაზე ჩნდებოდა, არამედ აისით განათებულ ჩრდილო აღმოსავლეთ ჰორიზონტთან ხლოს. მიუხედავად ამისა, გამოცდილმა ასტროფოტოგრაფებმა მისი გადაღება ასეთ პირობებშიც მოახერხეს.

 აღსანიშნავია, რომ კომეტა C/2020 FЗ (NEOWISE)-ზე დაკვირვებისთვის ბინოკლი ან სამოყვარულო ტელესკოპი დაგჭირდებათ. კარგი ალტერნატივაა ე.წ. ტელეფოტო ობიექტივის მქონე კამერა, ცის საჭირო მონაკვეთის მაქსიმალურად მოახლოებითა და რამდენიმე წამიანი დაყოვნებით გადასაღებად (კომეტები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.