”ვოიაჯერები” – როგორია NASA-ს ვარსკვლავთშორისი ზონდების მომავალი?

 1977 წელს, NASA-მ ტყუპი ხომალდები – ”ვოიაჯერ 1” და ”ვოიაჯერ 2” გაუშვა კოსმოსში. ამ ზონდების მთავარი მიზანი მზის სისტემის გარე პლანეტების კვლევა, სისტემის დატოვება და ვარსკვლავთშორის სივრცეში გასვლა იყო. მთვარის პროგრამა “აპოლოს” ტრიუმფის შემდეგ, NASA-მ მოხერხებულად გამოიყენა ასტრონომიული მოვლენა, რომელიც იშვიათად ხდება: მზის სისტემის ოთხი გიგანტი პლანეტა ერთმანეთის უკან განლაგდა, რაც იდეალური საშუალება იყო მათ ერთობლივად გამოსაკვლევად.

 ათასი წლის შემდეგ, NASA-ს ვარსკვლავთშორისი ზონდები ”Voyager 1” და ”Voyager 2” მზის სისტემიდან ძალიან შორს იქნებიან, თუმცა, მათი ინსტუმენტები დიდი ხნით ადრე შეწყვეტს მუშაობას (NASA/ESA/G. Bacon/STScI).

 იუპიტერის სიახლოვეს ზონდებმა ისეთი საოცრებები გამოავლინა, როგორიცაა ვულკანები იოზე და ოკეანის სამყარო – ევროპა. სატურნმა თავისი ატმოსფეროს ქიმიური შედგენილობის საიდუმლო გაამჟღავნა, და ახალი რგოლები გამოაჩინა. ”ვოიაჯერ 2”-მა კაცობრიობას ურანი და ნეპტუნი ახლოდან დაანახა, რისი მსგავსიც დღემდე არცერთ აპარატს არ გადაუღია. ზონდების მიერ მოპოვებული მეცნიერული ინფორმაციის დამუშავება ახლაც გრძელდება (30 წლის წინ ”ვოიაჯერ 2-მა ნეპტუნს ჩაუფრინა).

 ”ვოიაჯერ 1” და ”ვოიაჯერ 2” დღემდე ფუნქციონირებენ, და მზის სისტემისა და ვარსკვლავთშორისი სივრცის კვლევას განაგრძობენ. ეს ხომალდები კოსმოსის კვლევის ისტორიაში არსებული ყველაზე შორეული და ხანგრძლივად მომუშავე აპარატებია. სატურნის მთვარეების მონახულების შემდეგ, ისინი სრულიად სხვადასხვა მიმართულებით მიემართებიან უსასრულობისკენ, თუმცა, ჯერ კიდევ ძალზე გრძელი გზა აქვთ გასავლელი.

 ტყუპი ”ვოიაჯერები”, სატურნის მთვარეებთან სტუმრობის შემდეგ, მზის სისტემისა და ღია კოსმოსის გამოსაკვლევად, სრულიად სხვადასხვა მიმართულებით გაფრინდნენ (NASA/JPL-Caltech).

საით მიფრინავენ “ვოიაჯერები”?

 56 000 კმ/სთ. სიჩქარის მიუხედავად, ზონდებს ოორტის ღრუბელთან მიახლოებისთვის კიდევ 300 წელი, ხოლო მის მთლიანად გასავლელად 30 000 წელიწადზე მეტი დასჭირდებათ. ოორტის ღრუბელი, მზის სისტემის კიდეზე მდებარე კოსმოსური ყინულოვანი ლოდების უზარმაზარი სფეროა.

 “ვოიაჯერების” გარდა, სხვა არცერთ კოსმოსურ ხომალდს არ გადაულახავს ”ჰელიოპაუზა” ანუ ”ჰელიოსფერო”, რომელიც მზის გრავიტაციული ველის და, ასევე, მზისგან მომავალი გამოსხივების ნაკადის გავლენის სფეროს ზღვარია. ”ვოიაჯერების” კვალდაკვალ, ვარსკვლავთშორის სივრცეს, სხვა ზონდები უფრო დაწვრილებით გამოიკვლევენ. @NASA-JPL/Caltech.

რას შეისწავლიან ”ვოიაჯერები?

 ჯერ კიდევ 2012 წელს, ”ვოიაჯერ 1” ვარსკვლავთშორის სივრცეში გასული პირველი ხომალდი გახდა. ცხადია, კოსმოსში საგზაო ნიშნები არ არის, ამიტომ NASA-მ ჰელიოპაუზის გადალახვის დრო და მომენტი ხომალდის მიერ გამოგზავნილი სამეცნიერო მონაცემებისა და სიგნალების საფუძველზე განსაზღვრა.

 ჩვენი მზე, დამუხტული ნაწილაკების ინტენსიურ ნაკადებს გამოაფრქვევს, რასაც მზის ქარი ეწოდება. ეს ნაკადები, ჩვენი მშობლიური ვარსკვლავიდან, ყველა მიმართულებით მიედინება და პლანეტების გარშემო მაგნიტურ ველს ქმნის, რომელიც ვარსკვლავთშორისი გამოსხივებისგან გვიცავს. მზის მძლავრი ქარი ვარსკვლავთშორის სივრცეში ბუშტისმაგვარ სტრუქტურას – ჰელიოსფეროს ქმნის; ჰელიოსფეროს გარე საზღვარს კი, სადაც მზის გავლენას აფეთქებული ზეახალი ვარსკვლავებისა და კვაზარების მძლავრი ენერგიები აჭარბებს, ჰელიოპაუზა ეწოდება.

 ”ვოიაჯერ 1” იყო პირველი ხომალდი, რომელმაც ჰელიოპაუზა გადაკვეთა და აღმოაჩინა, რომ მზის მაგნიტური ველის სიმძლავრე ჰელიოსფეროს გარე საზღვრებთან არ სუსტდება. 2018 წელს, ჰელიოპაუზა სულ სხვა მიმართულებით მიმავალმა ”ვოიაჯერ 2”-მა გადაკვეთა და ”ვოიაჯერ 1”-ის მონაცემები დაადასტურა. თუმცა, NASA-ს მეცნიერებს სიურპრიზი ელოდათ: ადრინდელი მონაცემებისგან განსხვავებით, აღმოჩნდა, რომ  მზიდან გამოფრქვეულ დამუტულ ნაწილაკებს შეუძლიათ თავი დააღწიონ ჰელიოპაუზას და ვარსკვლავთშორის სივრცეში გავიდნენ. გარდა ამისა, მეცნიერები ელოდნენ, რომ მზის გრავიტაციული ველისაგან მოშორებით, მზის ქარის შემადგენელი დამუხტული ნაწილაკების სიჩქარე გაიზრდებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ პირიქით – მათი სიჩქარე თითქმის ორჯერ უფრო ნაკლებია. მიუხედავად ამისა, მზის ქარის ნაწილაკები ჰელიოსფეროდან მაინც იპარება.

”ვოიაჯერ 1” და ”ვოიაჯერ 2” – დასასრული

 45 წელიწადზე მეტია ზონდები გზაში არიან, და მთელი ამ ხნის განმავლობაში NASA მათთან უწყვეტ კონტაქტს ინარჩუნებს. თუმცა, 2020 წლის მარტში, მეცნიერებმა ”ვოიაჯერ 2”-თან კავშირი დროებით გაწყვიტეს, რომ  ხომალდების მაკონტროლებელი ღრმა კოსმოსის ქსელური კომპლექსის ანტენები შეეკეთებინათ.

 ეს სარისკო ნაბიჯი შეიძლება NASA-ს ”ვოიაჯერ 2”-თან კავშირის დაკარგვის ფასად დაუჯდეს, თუმცა მეცნიერები ოპტიმისტურად არიან განწყობილი. ეს საკითხი 2025 წელს გაირკვევა, მანამდე კი NASA-ს ინტენსიური კომუნიკაცია ექნება ”ვოიაჯერ 1”-თან.

(ელისონ მეიქი/Discover).

 ზონდებიდან ახალ მონაცემებს NASA 2035 წლამდე მიიღებს, შემდეგ კი ”ვოიაჯერ 1”-ს და ”ვოიაჯერ 2” -ის აკუმულატორები იმდენად დაჯდება, რომ ღრმა კოსმოსის ქსელური კომპლექსის ანტენების მგრძნობელობა, მათ მისაღებად, საკმარისი აღარ იქნება. ეს არის თარიღი, როდესაც კაცობრიობა ხომალდებს სამუდამოდ დაემშვიდობება. სამწუხაროა, მაგრამ ”ვოიაჯერები” – ”მოგზაურები”, სხვა ვარსკვლავებისკენ მიმავალ გზას სრულ მდუმარებაში გააგრძელებენ.

ოქროს ჩანაწერი

 ცხადია, NASA-მ, ეს სევდიანი თარიღი, ხომალდების გაშვების მომენტიდან იცოდა, ამიტომ  მეცნიერებმა თადარიგი დაიჭირეს, რომ მათი მარტოსული მოგზაურობა, არდაბრუნების პერსპექტივით, კაცობრიობის უკვდავსაყოფად გამოეყენებიათ. ასტრონომებმა ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვეს: კარლ საგანმა წამოაყენა იდეა, რომ ზონდები დედამიწის მოსახლეობის კულტურისა და ისტორიის ელჩებად გადაექციათ. პერსპექტივაში, ეს უდიდესი აღმოჩენა იქნებოდა უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლებისთვის; NASA-მ ისიც კი ივარაუდა, რომ ეს შესანიშნავი სუვენირი გახდებოდა დედამიწელებისთვისაც, თუ ოდესმე ისინი ვარსკვლავთშორისი სივრცეების დალაშქვრას შეძლებდნენ.

 თითოეული ხომალდი აღჭურვილია ოქროს ჩანაწერით, რომელიც დედამიწიდან გამოგზავნილი დროის კაფსულაა: მასზე ინახება მისალმება დედამიწის 55 ენაზე, ჩვენი პლანეტის ბუნების ხმები, და უამრავი ქვეყნის ფოლკლორული თუ სხვა ჟანრის სიმღერები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ”ვოიაჯერებიდან” შეწყვეტილი სიგნალების მიუხედავად, მათზე მოთავსებული შეტყობინებები, ვარსკვლავებისკენ გზას კვლავ გააგრძელებენ.

”ვოიაჯერების ”ოქროს ჩანაწერი და მოოქროვილი სპილენძის ფირფიტა, სადაც მზის სისტემისა და დედამიწის ასტრონომიული კოორდინარებია გამოსახული. დისკოები ალუმინითაა დაფარული და ელექტროლიზით ურან-238-ის იზოტოპის უთხელესი ფენა აქვს გადაკრული (NASA).

 ”მილიარდობით წლის შემდეგ, იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენი მზე წითელ გიგანტად გადაიქცევა და დედამიწას შთანთქავს, ”Voyager”- ების ოქროს ჩანაწერები კვლავ ცოცხალი და უვნებელი იქნება.” – ამბობდა კარლ საგანი. –”სადღაც შორს, ირმის ნახტომის სულ სხვა კუთხეში, დედამიწის ჩურჩული არსებობას განაგრძობს.. სადღაც იქ, კოსმოსის უკიდეგანო სივრცეში, იქნებ – ახალ დედამიწასთან ახლოს (საით მიფრინავენ ”ვოიაჯერები” და ”პიონერები”?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.