დედამიწა ბოლო 24 წლის განმავლობაში კიდევ უფრო დაბნელდა

 თანამგზავრების გამოყენებით, NASA-ს 24-წლიანი დაკვირვებებით მიღებული მონაცემების საფუძველზე ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს, ჩვენი პლანეტა სულ უფრო და უფრო ნაკლებ მზის სინათლეს ირეკლავს (ალბედო) კოსმოსში. გარდა ამისა, პლანეტა არათანაბრად ბნელდება, ჩრდილოეთ ნახევარსფერო მნიშვნელოვნად უფრო სწრაფად კარგავს არეკვლის უნარს, ვიდრე სამხრეთ ნახევარსფერო. ეს დასკვნები ეჭვქვეშ აყენებს სტაბილური კლიმატის ბალანსის იდეას და მიუთითებს გლობალური კლიმატის ცვლილების შესაძლო დაჩქარებაზე.

 პროექტი “ღრუბლებისა და დედამიწის სხივური ენერგიის სისტემა” (CERES), 1997 წელს დაიწყო და კლიმატზე მონაცემების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროდ იქცა. თანამგზავრებზე არსებული ინსტრუმენტები აღრიცხავს, ​​თუ რამდენ მზის სინათლეს შთანთქავს დედამიწა და რამდენ სითბოს ასხივებს უკან კოსმოსში. ეს ბალანსი, დედამიწის რადიაციული ბალანსი (ERB), განსაზღვრავს, თუ რამდენად თბება ან ცივდება პლანეტა.

 კვლევამ დაადგინა, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფერო, სამხრეთ ნახევარსფეროზე სწრაფად ბნელდება. მეტ მზის სითბოს შთანთქავს და მეტად თბება. ძირითადი მიზეზებია თოვლის საფარის შემცირება, ტენიანობისა და ატმოსფერული წყლის ორთქლის კონცენტრაციის ზრდა, ასევე აეროზოლებისა და ღრუბლების გავლენა. ჩვეულებრივ, კლიმატური სისტემა წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობს – ოკეანესა და ატმოსფეროში ცირკულაცია ენერგიას ნახევარსფეროებს შორის ანაწილებს. თუმცა, ახალი მონაცემები გვიჩვენებს, რომ ეს კომპენსაცია ისე კარგად აღარ მუშაობს, როგორც ადრე. ღრუბლები, რომლებიც დიდი ხანია ცვლილებების შემამსუბუქებელ საშუალებად ითვლებოდა, მზარდ თერმულ დისბალანსს შეიძლება ვეღარ გაუმკლავდეს.

 მეტად დაბნელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ნიშნავს, რომ დედამიწის ენერგეტიკული დისბალანსი უარესდება. ჩრდილოეთ განედებში ზედაპირი და ატმოსფერო უფრო სწრაფად თბება, რაც გავლენას ახდენს ოკეანის ცირკულაციაზე, ამინდის პირობებსა და ნალექების განაწილებაზე. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ტროპიკული ზონები უფრო ნოტიოი ხდება – ეს გლობალური ჰაერის ნაკადების ცვლილების ნიშანია.

 თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ნახევარსფეროებს შორის ასიმეტრია მომავალში გაძლიერდება. ეს გამოიწვევს ტემპერატურის შემდგომ მატებას ჩრდილოეთ რეგიონებში და კლიმატის ცვლილებას მთელ მსოფლიოში, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მრავალი დიდი ქალაქის ყოფაზე. სავარაუდოდ, 24 წლიანი დაკვირვება საკმარისი უნდა იყოს თანმიმდევრული ტენდენციის დასადგენად. იმის გასაგებად, მიაღწევს თუ არა ეს პროცესი „უკან დაუბრუნებლობის წერტილს“, საჭიროა შემდგომი დაკვირვებები და ატმოსფერული რადიაციის განაწილების უფრო ზუსტი მოდელები.

 ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ დედამიწა მართლაც ბნელდება და კლიმატური სისტემა თანდათან კარგავს სიმეტრიას. ჩრდილოეთ ნახევარსფერო უფრო მეტ ენერგიას შთანთქავს, უფრო სწრაფად თბება და სულ უფრო და უფრო ნაკლებ მზის სინათლეს ირეკლავს. ეს, მხოლოდ სტატისტიკური ანომალია არ არის, არამედ კლიმატის ცვლილების დაჩქარების ასახვაა, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს ჩვენი პლანეტის ნაცნობი იერსახე მომდევნო ათწლეულების განმავლობაში (+2°C-ით მატებაც კი ყველაფერს ცვლის…; რამდენად ელვარე იყო დედამიწა დინოზავრების ეპოქაში?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.