ძველი და თანამედროვე ასტრონომიული მონაცემების ერთმანეთთან შედარებით, 100-მდე ვარსკვლავისმაგვარი ობიექტი იქნა აღმოჩენილი, რომლებიც გაქრა. ობიექტები ჯერ მკრთალ წითელ წერტილად დაიმზირება ღამის ცაზე, შემდეგ უფრო კაშკაშა ხდება, ზოგჯერ ათასჯერაც კი, და ერთ საათზე მცირე დროში თვალთახედვიდან ქრება.
Astronomical Journal-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ამ ობიექტებს “წითელ გარდამავალ პროცრსებს” უწოდებენ. ბეატრის ვილიაროელის მკვლევართა ჯგუფმა, სტოქჰოლმისა და კანარის კუნძულების ასტროფიზიკური ობსერვატორიიდან, ას ზემოთ ხსენებულ ასეთ ობიექტს “გაუჩინარებული ვარსკვლავები” შეარქვა.
წითელი გარდამავალი პროცესები, პროექტ VASCO-ს ჩარჩოებში იქნა აღმოჩენილი, რომელიც 2017 წელს იქნა დაფუძნებული. აბრევიატურა ასე შეიძლება ითარგმნოს – “ასწლიანი დაკვირვებების განმავლობაში გაჩენილი და გამქრალი წყაროები”. “თუ ვარსკვლავი შავ ხვრელში არ ჩავარდნილა, სხვა ვერანაირი ცნობილი ფიზიკური პროცესი ვერ გააქრობდა მას ასე უგზოუკვლოდ. ამდენი მაგალითი რადგან არსებობს, ისინი უნდა შევისწავლოთ და ახალი ეგზოტიკური მოვლენები გამოვავლინოთ, იქნებ, არამიწიერი ცივილიზაციების არსებობის ნიშნებიც” – ნათქვამია პუბლიკაციაში.
ვილიაროელმა და მისმა კოლეგებმა, წინა ასწლეულის განმავლობაში შეგროვებულ მონაცემთა ასტრონომიული არქივები შეისწავლეს. კერძოდ, აშშ-ს სამხედრო საზღვაო ობსერვატორიის (USNO) არქივი. ეს ძველი კატალოგები შეადარეს თანამედროვეს, ახლახანს გამოქვეყნებული Pan-STARRS Data Release-1 (DR1)-ის ჩათვლით.
აღმოჩნდა, რომ 600 მილიონი ობიექტიდან, 151 193 ახალ კატალოგებში აღარ არის. გაანალიზებული იქნა 23 667 ასეთი ანომალური ობიექტი, ანუ მხოლოდ 15,7%. საცდელად აღებული ნაკრების უმრავლესობა სხვადასხვა ტიპის ხარვეზი იყო – ლაქები ლინზებზე და სხვა დეფექტები. 100-მდე ობიექტის გაქრობის მიზეზის ახსნა კი ვერ მოხერხდა, ეს, წითელი გარდამავალი პროცესებია. როგოც წესი, ეს ობიექტები ძალიან წითელი იყო და კატალოგის სხვა ობიექტებისგან განსხვავებულად მოძრაობდა. გამოირიცხა ისეთი ცნობილი მოვლენები, როგორიც არის ასტეორიდები, სწრაფად მოძრავი ვარსკვლავები და ვარსკვლავები, რომლებიც უბრალოდ დამზერის არედან გავიდა. გამქრალი ობიექტების ადგილზე არც თეთრი ჯუჯებია და არც ზეახლებად აფეთქებულა რომელიმე, არც შავი ხვრელის მიერ შთანთქმის თანმხლები პროცესები გამოჩენილა. შესაძლებელია, წითელი ჯუჯას ტიპის ვარსკვლავებისთვის დამახასიათებელ ძლიერ ანთებებთან გვქონდეს საქმე (სიცოცხლე M-კლასის ჯუჯა ვარსკვლავებთან?).
ნამუშევარში მეცნიერებმა კიდევ ერთი შესაძლო ვარინტიც განიხილეს – არამიწიერი ცივილიზაციების კვალი. ხშირად, ასეთი მიდგომა იმაზე მეტყველებს, რომ მკვლევარები ძალიან დაბნეულები არიან. მიუხედავად ამისა, არც ეს ვარიანტია სრულიად გამორიცხული. წითელი ნათების წყარო შეიძლება იყო მძლავრი ლაზერი – ვარსკვლავთშორისი კავშირის საშუალება (ბუნებრივი ლაზერული შოუ მორიელში), ან ჰიპოთეტური მეგასტრუქტურის – დაისონის სფეროს სითბური ნათება. მეცნიერთა აზრით, წითელი გარდამავალი პროცესების კვლევა უნდა გაგრძელდეს, ამიტომ 151 193-ივე ობიექტის ამბავია გასარკვევი, რაშიც ხელოვნური ინტელექტიც იქნება ჩართული.