მომხვდურმა პლანეტამ, დედამიწა გაარღვია და კონტინენტები გაწია

მომხვდურმა პლანეტამ, დედამიწა გაარღვია და კონტინენტები გაწია

 ასტროფიზიკოსმა სიაოლეი ჩჟანმა(ჯოჯრ მეისონის უნივერსიტეტი, ა.შ.შ.) სტატია წარმოადგინა, რომელშიც ის სუპერკონტინენტის, როდინიას დაშლას, დედამიწისა და  მარსის ზომის პლანეტის შეჯახებით ასაბუთებს. მეცნიერი, კონტინენტების დრეიფის თეორიას ეჭვქვეშ აყენებს და თავისი ვერსიის სასარგებლო არგუმენტები მოჰყავს.

 XIX საუკუნესა და XX-ს პირველ ნახევარში, გეოლოგთა შორის გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ დედამიწა გამომცხვარ ვაშლს ჰგავს, რომელიც თანდათანობით ცივდება და ზომაში იკლებს, რაც მისი ზედაპირის ”დანაოჭებას” იწვევს. ”ვაშლის ჰიპოთეზის” საფუძველზე, გეოსინკლინების თეორია გაჩნდა, რომლის მიხედვით, დედამიწის ქერქის ცალკეული ნაწილები ქვემოთ ეშევბა, შემდეგ კი ქედების სახით ამოდის ზემოთ. 1912 წელს გეოფიზიკოსი ალფრედ ვეგენერი ამ მოსაზრების წინააღმდეგ წავიდა, მან ივარაუდა, რომ მთათაწარმოქმნა კონტინენტების დრეიფის გამო ხდებოდა. მთავრ არგუმენტად კი აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროების ერთნაირი მოხაზულობა მოჰყავდა. ეს თამამი იდეა უარყოფილი იქნა, რადგან ვეგენერი ვერ ხსნიდა, კონკრეტულად რითი იყო გამოწვეული მატერიკების დრეიფი.

 1960 წელს სფრედინგის ჰიპოთეზა გამოჩნდა, რომლის მიხედვითაც, შუაოკეანურ ქედებთან, მანტიის ნაკადები ქერქისკენ ამოედინება, ახალი ფსკერის ფორმირებითა და ძველი ქანების გაწევით. ანუ, ოკეანის ლითოსფერული ფილები, ტრაქტორის მუხლუხას შეიძლება შევადაროთ. ქერქი ერთ ადგილზე ამოდის, მანტიაზე მიცურავს და სხვა ადგილზე იძირება(სუბდუქციის ზონა). ჰიპოთეზა მაშინ დამტკიცდა, როცა ოკეანურ ქერქში ზოლოვანი მაგნიტური ანომალიები აღმოჩენეს – დედამიწის მაგნიტური ველის მიმართულების ცვლილების თავისებური ”ჩანაწერები”. რაც უფრო შორსაა ქედიდან ნარჩენი დამაგნიტენის ”ზოლი”, მით უფრო ძველია ის.

 სუბდუქციის ზონებში, ასევე, კონტინენტური ქერქის მატებაც ხდება, რომლის ქვეშ კონტინენტური ქერქი იძირება. კონტინენტური ფილების შეჯახების შემთხვევაში, ჩაძირვის ნაცვლად, ჰიმალაის მსგავსი მაღალმათიანი სისტემები წარმოიქმნება.

 მანტიური ნაკადები ქედებთან ამოდის, ხოლო სუბდუქციის ზონებში იძირება, რატომ? პასუხი – მანტიის კონვექცია(დუღილის მსგავსი პროცესი). ბირთვთან ახლო მდებარე ნადნობს მაღალი ტემპერატურა აქვს, რის გამოც ის ქერქამდე ამოსვლას ახერხებს. მის ადგილს კი ცივი მანტია იკავებს, რომელმაც სითბო ლითოსფეროს გადასცა. ეს დინებები ერთმანეთს უერთდება, თავისებური უჯრედების წარმოქმნით. უჯრედის ზედა ნაწილში, მანტია ჰორიზონტალურად მოძრაობს და ფილებს იგივე მიმართულებით მოძრაობას აიძულებს. ამ მექანიზმს კონტინენტების გახლეჩისთვის საკმარისი ძალა გააჩნია, როცა მისი ცალკეული ნაწილები საწინააღმდეგო მიმართულებებით იწყებს გადაადგილებას.

 ზოგიერთი მეცნიერი, სიაოლეი ჩჟანის ჩათვლით, მატერიკების წანაცვლების სხვა შესაძლო მექანიზმს ემხრობა. მათი აზრით, დედამიწაზე, დიდი ასტეროიდი ან კომეტა ჩამოვარდა. ამით, მაგალითად, ჰავაის ქედის გადაადგილების მიმართულების მკვეთრი ცვლილებაც აიხსნება. გარდა ამისა, კონვექციური უჯრედები, ჩჟანის აზრით, ცხელი წერტილების დიდხნიან სტაბილურობას ვერ უზრუნველყოფს, ადგილებისა, სადაც ვულკანური აქტიურობა მიმდინარეობს. მეცნიერს, კლდოვანი მთების სუბდუქციით წარმოქმნის მექანიზმიც აეჭვებს – ქედისა, რომელიც ა.შ.შ-სა და კანადის დასავლეთით მდებარეობს(ქანების წრებრუნვა: მოგზაურობა დედამიწის ბირთვისკენ).

ჩიკსულუბი.

 დედამიწაზე ვარდნილ ციურ სხეულს კონტინენტთა წანაცვლება რომ გამოეწვია, მარსის ზომის მინც უნდა ყოფილიყო. პატარა პლანეტის ჩამოვარდნა დაახლოებით 750 მილიონი წლის წინათ მოხდა, ტერიტორიაზე, სადაც ახლა კოლორადოს პლატო მდებარეობს(ა.შ.შ. დასავლეთი). კატაკლიზმმა 1,1 მილიარდი წლის წინათ ფორმირებული სუპერკონტინენტის, როდინიას გაყოფა გამოიწვია. წარმოქმნილი კრატერის ზომა თვით კოლორადოს პლატოს ზომისა იყო, რომლის ფართობი 337 ათას კვადრატულ კილომეტრს უტოლდება. შედარებისთვის, დინოზავრების დამღუპველი ჩიკსულუბის ფართობი 25 ათასი კვადრატული კილომეტრია(ექსპედიცია ჩიკსულუბის სიღრმეში).

სუპერკონტინენტი როდინია(Wiki).

 საიდან მოვიდა ეს მოგზაური პლანეტა? 4,5 მილიარდი წლის წინათ დედამიწას სხვა პლანტა შეეჯახა – თეია. ითვლება, რომ ამ კატასტროფამ მთვარის ფორმირებამდე მიგვიყვანა(ჰიპოთეზა გიგანტური შეჯახების შესახებ). თეიას ჩამოყალიბება ლაგრანჟის წერტილში ხდებოდა, ზედ დედამიწის ორბიტაზე, თუმცა ის ჩვენი პლანეტიდან შორს კიდევ კარგა ხანი რჩებოდა. მზის სისტემაში მხოლოდ მზე, დედამიწა და თეია რომ ყოფიულიყო, ეს შეჯახება არ მოხდებოდა, თუმცა სხვა პლანეტების გრავიტაციულმა ზემოქმედებამ თეია, დედამიწისკენ გადააგდო. მაგრამ, 750 მილიონი წლის წინათ კიდევ ერთი თეია ვერ იქნებოდა, მზის სისტემის პლანეტები უკვე თავიანთ სტაბილურ ორბიტებზე მოძრაობდა(მოკლედ მზის სისტემის შესახებ).

 ჩჟანი ვარაუდობს, რომ მოხეტიალე პლანეტა სხვა სისტემიდან მოვიდა. არგუმენტად კი კოლორადოს პლატოს უჩვეულო გეოლოგიური აღნაგომა მოჰყავს. მაგალითად, 750 მილიონი წლის წინათ ფორმირებული ქანების ფენა, დიდი უთანხმოების(Great Unconformity) სახელით ცნობილ ანომალიას წარმოქმნის. მათი განლაგება მკაცრ სტრატიგრაფიულ მიმდევრობას კი არ ემთხვევა(ძველი ფენები ქვემოთაა, შედარებით ახლები – ზემოთ), არამედ ქაოტურია, თითქოს ძლიერად დეფორმირებული. პლატოსთვის უნიკალური დოკემბრიული დროის ქანებიც აქვეა, რომლებმაც დნობა და მეტამორფიზმი გადაიტანა.

 აღსანიშანავია, რომ მზის სისტემის მიერ გალაქტიკის მკლავების გადაკვეთის პერიოდები, დედამიწაზე მომხდარი მასიური გადაშენებების პერიოდებს ემთხვევა, ფანეროზოური ეონის ჩარჩოებში(სადაც პალეოზოური, მეზოზოური და კაინოზოური ერაც შედის) და სუპერკონტინენტის გახლეჩას(მზის მდებარეობა გალაქტიკაში).

 ჩჟანის ჰიპოთეზა, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი მეცნიერის მიერ წამოყენებული ჰიპოთეზაა. არ არსებობს სერიოზული მტკიცებულებები იმისა, რომ არც თუ ისე შორეულ გეოლოგიურ ეპოქაში დედამიწამ მოხეტიალე პლანეტისგან მიიღო დარტყმა. ე.წ. დიდი უთანხმოება კი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის ზედა ფენების ზღვის წყლით გადარეცხვით შეიძლება აიხსნას, ადრე კემბრიულ ხანაში წყლის პერიოდული აწევების შედეგად. ეროზიის ეს პროცესი კემბრიულ აფეთქებას ემთხვევა, როცა კალციუმის იონები და სხვა მინარალები ოკეანეებში ირეცხებოდა, რამაც წყლის ქიმიური შემადგენელი შეცვალა და ჩონჩხოსანი ზღვის ფაუნა გააჩინა. მასშტაბური კატაკლიზმი, რომელიც მთელ პლანეტას ცხელ სფეროდ გადააქცევდა, უკვე არსებული გეოლოგიური და ბიოლოგიური ევოლუციის სურათს ვერაფრით ეთანხმება(ახალი აღმოჩენების მიხედვით, დედამიწისეული სიცოცხლე 3,77 მილიარდ წელზე მეტი ხნისაა).

 ჩჟანის ლოგიკით, თეიას მსგავსი პლანეტები შესაშური პერიოდულობით უნდა ცვიოდეს, რათა კონტინენტების აქეთ-იქეთ გაწევები მოხდეს. ერთ დროს, ვეგენერისეული კონტინენტების დრეიფიც, მსოფლიო მეცნიერების მიერ სასწრაფოდ იგნორირებული, გაცილებით გასაგებად და დასაბუთებულად გამოიყურებოდა(მომავალი სუპერკონტინენტის ადგილი).

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *