ვიოლინოს გასაღები: რენტგენისა და რადიოგამოსხივების უჩვეულო წყარო

განახლდა: 19/10/2026

 ასტრონომებმა გაარკვიეს, როგორ წარმოიქმნა გალაქტიკების შორეულ გროვაში, გიგანტური ვიოლინოს გასაღების (Treble Clef) მსგავსი უჩვეულო სტრუქტურა. ობიექტი დედამიწიდან დაახლოებით 1,55 მილიარდი სინათლის წლის დაშორებით მდებარეობს და რადიოტალღების მასხივებელი ენერგიული ნაწილაკების ღრუბელს წარმოადგენს.

 კვლევით ირკვევა, რომ მისი წარმოშობა, სავარაუდოდ, ორ თანმიმდევრულ მოვლენას უკავშირდება – ზემასური შავი ხვრელის ძლიერ აქტივობას და გალაქტიკების ორი გროვის შემდგომ შეჯახებას. აღმოჩენა, იტალიის ეროვნული ასტრონომიის ინსტიტუტის (INAF) სპეციალისტებმა, ანდრეა ბოტეონის ხელმძღვანელობით, NASA-ს “ჩანდრას“ რენტგენული ობსერვატორიისა და სხვა რამდენიმე ტელესკოპის გამოყენებით გააკეთეს.

“ჩანდრა” (NASA).

 VLSS J0318.9+5755-ით აღნიშნული ობიექტის რადიომასხივებელი სტრუქტურის დამახასიათებელი ფორმის წყალობით, არაოფიციალურ სახელწოდებად “ვიოლინოს გასაღები” მიიღო. ადრე ამ ობიექტის ბუნების დადგენა რთული იყო იმის გამო, რომ ის თითქმის ირმის ნახტომის სიბრტყის მიღმა მდებარეობს. ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავები, ვარსკვლავთშორისი აირი და მტვერი ხილულ დიაპაზონში დაკვირვებებს უშლის ხელს (ირმის ნახტომის ცენტრის მკაფიო გამოსახულება).

 გერმანულ-რუსული კოსმოსური ტელესკოპი eROSITA. 

 ამიტომ მკვლევარებმა “ჩანდრასა“ და eROSITA-ს რენტგენული ტელესკოპების, ევროპული რადიოტელესკოპების ქსელის, LOFAR-ისა და ინფრაწითელი ტელესკოპის, UKIRT-ის მონაცემები გააერთიანეს. რენტგენულმა დაკვირვებებმა მილიონობით გრადუსამდე გახურებული აირის უზარმაზარი ღრუბელი გამოავლინა, რამაც გალაქტიკების მასიური გროვის არსებობა დაადასტურა. შემდგომმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ სისტემა შედგება ორი გროვისგან, რომლებიც შეჯახების პროცესს გადიან. მკვლევართა აზრით, სწორედ ამ ურთიერთქმედებამ ითამაშა გადამწყვეტი როლი უჩვეულო რადიომასხივებელი სტრუქტურის ფორმირებაში.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჯერ, ერთ-ერთი გროვის ცენტრალურ გალაქტიკაში არსებულმა ზემასურმა შავმა ხვრელმა პლაზმის ძლიერი ნაკადები გამოისროლა. დამუხტული ნაწილაკებისა და მაგნიტური ველების ღრუბლები სინათლის სიჩქარესთან მიახლოებული სიჩქარით ვრცელდებოდა. მაგნიტურ ველში ნაწილაკების მოძრაობას თან ახლდა სინქროტრონული რადიოგამოსხივება, რომელიც ენერგიის დაკარგვასთან ერთად თანდათან სუსტდებოდა.

 გარკვეული დროის შემდეგ, ორი გროვის შეჯახებამ გარემომცველ სივრცეში პირობები შეცვალა. ცხელი აირის უზარმაზარი მასების მოძრაობამ ძველი პლაზმის ღრუბელი შეკუმშა და, სავარაუდოდ, მასში მყოფი ნაწილაკები ხელახლა ააჩქარა. დამატებითი როლი შეეძლო ეთამაშა დარტყმით ტალღებს, რომლებიც გროვების ურთიერთქმედებისას წარმოიქმნება. შედეგად, ადრე შესუსტებულმა წყარომ რადიოდიაპაზონში კვლავ ძლიერად დაიწყო გამოსხივება. მსგავს ობიექტებს “რადიოფენიქსებს“ უწოდებენ, რადგან მათი რადიოგამოსხივება გრძელვადიანი შესუსტების შემდეგ თითქოს ხელახლა იბადება (მოკლედ რადიოტალღებისა და რადიოასტრონომიის შესახებ).

ვიოლინოს გასაღების თავისებურება წარგძელებული ძაფისებრი სტრუქტურების რთულ სისტემაშია, რომელთა ფორმა შეჯახებისას აირისა და მაგნიტური ველების მოძრაობას ასახავს. იმისათვის, რომ აღედგინათ გროვების ურთიერთქმედების მიმართულება, ასტრონომებმა „ჩანდრას“ რენტგენული მონაცემები დამატებით დაამუშავეს. მათ ააგეს ცხელი აირის შედარებით სიმეტრიული განაწილების მოდელი და ის საწყის გამოსახულებას გამოაკლეს. დარჩენილმა არაერთგვაროვნებებმა სისტემის ცენტრის საპირისპირო მხარეებს შორის მომატებული სიკაშკაშის ორი უბანი გამოავლინა. მათი განლაგების მიხედვით, მკვლევარებმა ივარაუდეს, რომ შეჯახება ძირითადად იმ მიმართულებით ხდებოდა, რომელიც გამოსახულების ჰორიზონტულ ღერძს შეესაბამება. სავარაუდოდ, გროვების მჭიდრო დაახლოება რამდენიმე ასეული მილიონი წლის წინ მოხდა, რის შემდეგაც მათი ცენტრალური არეები ერთმანეთს დაშორდა.

  “ჰაბლისგან“ განსხვავებით, “ჩანდრა“ თავისი მსხვილი ნაწილით “იყურება“ კოსმოსში, რადგან რენტგენის სხივებისთვის ჩვეულებრივი ჩაზნექილსარკიანი ტელესკოპი არ გამოდგება. “ჩანდრა“ ორი სხვადასხვა ტიპის, ზემაღალი სიზუსტით გაპრიალებული, ერთმანეთში ჩასმული ოთხი პარაბოლური და ოთხი ჰიპერბოლური სარკეებისგან შედგება.

 NASA-მ ობიექტის ახალი კომპოზიტური გამოსახულება წარმოადგინა, რომელიც სხვადასხვა ტელესკოპის მონაცემებს აერთიანებს. ცხელი აირის რენტგენის გამოსხივება ნაჩვენებია ლურჯი და იისფერი ფერებით, LOFAR-ის რადიოგამოსხივება – წითლით, ხოლო ინფრაწითელი დაკვირვებები გალაქტიკებისა და ფონური წყაროების ერთმანეთისგან გარჩევის საშუალებას იძლევა. გამოსახულების სრული არეალი დაახლოებით ექვს მილიონ სინათლის წელს მოიცავს.

 შედეგები გვეხმარება გავარკვიოთ, როგორ მოქმედებს გალაქტიკების გროვების შეჯახება ზემასიური შავი ხვრელების მიერ გამოტყორცნილ ძველ პლაზმაზე. მსგავს პროცესებს შესწევთ ძალა, ხელახლა ააჩქარონ ნაწილაკები და გააძლიერონ მაგნიტური ველები უზარმაზარ მანძილებზე, რაც ქმნის რადიოწყაროებს, რომლებიც შავი ხვრელის თავდაპირველი აქტივობიდან ასეულობით მილიონი წლის შემდეგაც კი აგრძელებენ არსებობას.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.