მზის გადაქცევა თეთრ ჯუჯად, მზის სისტემის დესტაბილიზაციას გამოიწვევს

განახლდა: 19/10/2026

 ადრე მეცნიერები თვლიდნენ, რომ მას შემდეგ, რაც მზე წითელ გიგანტად და შემდეგ თეთრ ჯუჯად გადაიქცევა, სისტემის პლანეტების ნაწილი მაინც გადარჩება. ახალი კვლევა კი სრულიად სხვა სურათს ხატავს: მაშინაც კი, თუ პლანეტების ნაწილი ფიზიკურად შეინარჩუნებს თავს, მათი ორბიტების მკვეთრი დესტაბილიზაციის გამო ისინი თითქმის დანამდვილებით დატოვებენ სისტემას. ახლა მეცნიერების წინაშე მეორე კითხვა ჩნდება: საიდან ჩნდებიან მაშინ პლანეტები იმ ვარსკვლავებთან, რომლებმაც არანაკლები გადაიტანეს, ვიდრე მზეს ელის?

 მზის გადაქცევა წითელ გიგანტად (ანიმაცია). მეცნიერთა ვარაუდით, ამ ფაზაში მზის რადიუსი ამჟამინდელ ზომასთან შედარებით დაახლოებით 100-დან 200-ჯერ გაიზარდება და მისი მოცულობა იმდენად დიდი გახდება, რომ მის შიგნით მოექცევა მერკური, ვენერა და სავარაუდოდ, თავად დედამიწაც.

 დაახლოებით ხუთი მილიარდი წლის შემდეგ, ჩვენი მნათობი მკვეთრად გაფართოვდება და წითელი გიგანტი გახდება. მისი ატმოსფეროს გარე ფენებმა უნდა შთანთქოს ის ადგილი, სადაც ახლა დედამიწა ბრუნავს. მართალია, გაურკვეველია, შეეხება თუ არა ეს თავად დედამიწას, ვინაიდან ვარსკვლავის გაფართოებასთან ერთად, პლანეტის ორბიტამ შესაძლოა მნათობიდან შორს გადაინაცვლოს. შემდეგ, მზის გარე ფენები უძლიერეს ვარსკვლავურ ქართან ერთად გაიფანტება, ხოლო დარჩენილი ბირთვი გრავიტაციულ კოლაფსს განიცდის და თეთრ ჯუჯად გადაიქცევა (როგორ კვდებიან ვარსკვლავები).

 მზის გადაქცევა წითელ გიგანტად, შემდეგ კი თეთრ ჯუჯად, ასეთი ობიექტებისთვის დამახასიათბეელი ე.წ. პლანეტური ნისლეულით.

 ამავე  დროს, დედამიწამ შეიძლება როგორც გიგანტი პლანეტების ორბიტისკენ გადაინაცვლოს (და თეორიულადაც კი შეინარჩუნოს მზის გამოსხივების დღევანდელის მსგავსი დონე), ისე შენელდეს მზის ატმოსფეროს გარე ფენებთან ხახუნის გამო. გამოთვლების სხვადასხვა ნაკრები სხვადასხვა სცენარს წერს. ხოლო სხვა ვარსკვლავური სისტემების დაკვირვებები, რომლებიც წითელი გიგანტების სტადიას გადიან, ჯერჯერობით არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ეს საკითხი დაიხუროს (5 მილიარდი წლის მერე…).

 ახალი ნაშრომის ავტორებმა, რომელიც ჟურნალმა The Astrophysical Journal Letters-მა გამოაქვეყნა, ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ სისტემის მომავლის მოდელირებისას რეალურთან ახლო პარამეტრების გათვალისწინებით, ძველ გამოთვლებთან შედარებით, სიტუაცია მკვეთრად იცვლება. როგორც კი მათ დაამატეს ის გარემოება, რომ წითელი გიგანტის ფაზაში მზე მასას თანდათანობით და ნელ-ნელა კი არა, პორციებით (პულსაციების გზით) დაკარგავს, მომავალი მზის სისტემის დინამიკური სტაბილურობა მკვეთრად შეიცვალა. საქმე ისაა, რომ თითოეული ასეთი გამოფრქვევა მცირე უკუცემას იწვევს და მზეს მცირე მანძილით ძრავს ადგილიდან. ამას მოჰყვებოდა ყველა პლანეტის ორბიტის მსუბუქი ცვლილებაც. დროთა განმავლობაში ასეთი მცირე ცვლილებების დაგროვება ვითარებას რადიკალურად ცვლიდა.

 მასის ნელი დაკარგვის სცენარისას (რაც ასტრონომიულად არარეალისტურია), პლანეტები მილიარდობით წლის განმავლობაში ინარჩუნებდნენ შედარებით სტაბილურ ორბიტებს. თუ მზის მასის დაკარგვა პულსაციებით მიმდინარეობდა, მაშინ სიმულირებული პლანეტური სისტემების 96 პროცენტი თეთრი ჯუჯის ფაზის დაწყებიდან სამი მილიარდის წლის განმავლობაში კარგავდა სტაბილურობას. ხოლო მოდელირებული სისტემების 40 პროცენტი, პლანეტების ნაწილისთვის მაინც, ორბიტების რღვევას წითელი გიგანტის ფაზის დასრულებამდე განიცდიდა.

 ამავდროულად, ეს სულაც არ ნიშნავს აუცილებლად ყველა პლანეტის დაკარგვას. მსგავსი რამ ხდებოდა მხოლოდ ზოგიერთ სცენარში, ზოგში კი, მაგალითად, ურანი და ნეპტუნი ადგილებს ცვლიდნენ და თან გზადაგზა დინამიკურ ქაოსს იწვევდნენ სხვა პლანეტების ორბიტებში. პულსაციების შემცირებული ძალისა და მომატებული სიხშირის სცენარები იწვევდა სინქრონიზებული ორბიტების მქონე პლანეტური წყვილების წარმოქმნას, რომლებიც სინქრონიზაციის წყალობით სტაბილურობას სამი მილიარდი წლის განმავლობაში ინარჩუნებდნენ.

 პლანეტური სისტემის გადარჩენის საშუალო დრო რეალისტური სცენარებისთვის (პულსაციებით) მხოლოდ დაახლოებით ერთ მილიარდ წელს შეადგენდა. პულსაციების გარეშე სცენარისთვის სისტემის თეორიული სიცოცხლის ხანგრძლივობა კვინტილიონ წლამდეც კი აღწევდა. თუმცა, ეს არის შეფასება იდეალიზებულ პირობებში, ახლომდებარე სხვა სისტემების გავლის ფაქტორების გათვალისწინების გარეშე (Gliese 710 გვიხლოვდება).

 აღწერილი სურათი მაინც არ იძლევა ერთმნიშვნელოვან პასუხს სისტემის მომავლის შესახებ. მზის მსგავს სხვა ვარსკვლავებზე დაკვირვებიდან ცნობილია, რომ მათ აქვთ სხვადასხვა ძალის პულსაციები. მაგრამ ბოლომდე გაურკვეველია, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ის განსხვავებულია სხვადასხვა ვარსკვლავისთვის, თუ ის იცვლება ყვითელი ჯუჯის გადაქცევისას წითელ გიგანტად და შემდეგ თეთრ ჯუჯამდე შეუკუმშვის მთელი ფაზის განმავლობაში (მზე).

 სხვა მომენტი: თეთრ ჯუჯებთან (დაახლოებით 15-25 დადასტურებული და სავარაუდო) და ნეიტრონულ ვარსკვლავებთანაც (რამდენიმე) კი არის აღმოჩენილი პლანეტები (სიკვდილის ხაზი – ლიჩი, დრაურგი, პოლტერგეისტი, ფობეტორი). თანაც, მათგან მხოლოდ ნაწილი გამოიყურება მეორე თაობის პლანეტებად, ანუ ისეთებად, რომლებიც თეთრი ჯუჯის ფაზის დადგომის შემდეგ პირველი თაობის პლანეტების ნამსხვრევებისგან წარმოიქმნა. დანარჩენი კი შესაძლოა პირველი თაობის პლანეტების გადარჩენილი რელიქტები იყოს. თუ ახალი გამოთვლები სწორია, მაშინ ჩნდება კითხვა: საიდან გაჩნდა ასეთი პლანეტა-მემკვიდრეები, თუკი ორბიტის დესტაბილიზაცია სისტემიდან მათ გაძევებას იწვევს? (დედამიწის მსგავსი განადგურებული პლანეტები თეთრი ჯუჯის ორბიტაზე; პლუტონი — სიცოცხლის ბოლო თავშესაფარი მზის სისტემაში).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.