განახლდა: 23/06/2026
ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა, კოსმოსში უცნაური რადიოგალაქტიკა აღმოაჩინა, რომლის ფორმაც საოცრად ჰგავს მშვილდ-ისარს (academic.oup.com). ამ გიგანტური სტრუქტურის სიგრძე დაახლოებით 1,8 მილიონ სინათლის წელს აღწევს, მისი გარეგნობა კი იმდენად უნიკალურია, რომ მკვლევრებმა ცნობილ რადიოგალაქტიკებს შორის ანალოგი ვერ მოუძებნეს. ახალ ობიექტს RAD-BAARG უწოდეს, რაც ითარგმნება როგორც „რადიოგალაქტიკა მშვილდ-ისრის ფორმით“. მისი დაფიქსირება ევროპული რადიოტელესკოპის, LOFAR-ის ზემგრძნობიარე მონაცემების წყალობით მოხერხდა, დაბალსიხშირიანი რადიოდიაპაზონის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა კოსმოსური დამზერისას.
LOFAR-ის ნაწილი (დიდი ბრიტანეთი).
ნაშრომის ავტორების აზრით, ეს ობიექტი შესაძლოა იყოს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი გიგანტური დარტყმითი ტალღისა, რომელიც გალაქტიკის ცხელ შიდაკლასტერულ გაზში მოძრაობისას წარმოიქმნება. კვლევას სათავეში ედგა ინდოელი ასტრონომი ანანდა ხოტა, სამეცნიერო პროექტ RAD@home-ის დამფუძნებელი. მეცნიერთა თქმით, ობიექტის ასეთი ფორმა მიუთითებს რთულ ურთიერთქმედებაზე ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელიდან ამოტყორცნილ პლაზმურ ნაკადებსა და გარემომცველ ნივთიერებას შორის, ასეულ ათასობით სინათლის წლის მასშტაბზე. ანანდა ხოტამ, რომელიც რადიოგალაქტიკებს 25 წელზე მეტია სწავლობს, აღნიშნა, რომ თავისი კარიერის განმავლობაში მსგავსი არაფერი უნახავს: დამზერილი სტრუქტურა ნათლად აჩვენებს რელატივისტური პლაზმისა (ლამის სინათლის სიჩქარით მოძრავი ნაწილაკები) და იმ ფართომასშტაბიანი დარტყმითი ტალღის კოლაჟს, რომელიც მეზობელი გროვის მკვრივ გაზში გალაქტიკის შეჭრისას იბადება.
ზოგადად, რადიოგალაქტიკები არის სისტემები, რომელთა ცენტრში მყოფი ზემასიური შავი ხვრელები გალაქტიკათშორის სივრცეში თითქმის სინათლის სიჩქარით მოძრავ პლაზმურ ჭავლებს (“ჯეტებს”) ტყორცნიან. ეს ჭავლები მშობლიური გალაქტიკიდან ხშირად მილიონობით სინათლის წლის მანძილზე ვრცელდება. RAD-BAARG-ის შემთხვევაში, ერთ-ერთი ასეთი პლაზმური ჭავლი, როგორც ჩანს, პირდაპირ ეჯახება გიგანტურ, რკალისებრ დარტყმით ტალღას. ის ზუსტად იმავე პრინციპით იქმნება, როგორც ზებგერითი თვითმფრინავის წინ ატმოსფეროში წარმოქმნილი ხმოვანი ბარიერი – გალაქტიკა გროვის ცხელ, გაიშვიათებულ გაზში ბგერის სიჩქარეზე სწრაფად მიქრის, რის გამოც მის წინ გაზის შეკუმშვის გიგანტური არეალი იზრდება (დარტყმითი ტალღა). უბრალოდ, ამ შემთხვევაში სტრუქტურის ზომა ასეულ ათასობით სინათლის წელს შეადგენს. ჩვეულებრივ, ასეთი დარტყმითი ტალღების პირდაპირი დაფიქსირება ურთულესია, რადგან თავად კლასტერის გაზი ძალიან გაიშვიათებულია და სუსტად ასხივებს, თუმცა რადიოტალღების გამომსხივებელმა პლაზმამ ეს სტრუქტურა თითქოს ზურგიდან „გაანათა“ და რადიოტელესკოპებისთვის ხილული გახადა (მოკლედ რადიოტალღებისა და რადიოასტრონომიის შესახებ).
ობიექტის დასავლეთ მხარეს მკვლევრებმა აღმოაჩინეს ვიწრო პლაზმური ჭავლი, რომელიც კვებავს მარაოსებრ რადიოგამოსხივების არესა და დაახლოებით 1,8 მლნ.სწ. სიგრძის გიგანტურ რკალს. სწორედ ეს კომპონენტი ქმნის იმ დამახასიათებელ „მშვილდს“, რის გამოც გალაქტიკამ ასეთი სახელი მიიღო. საპირისპირო მხარეს კი ჭავლი დეფორმირებულ S-ისებრ ფორმას იღებს და გადადის სუსტ, წაგრძელებულ „კუდში“, რომლის სიგრძე თითქმის 2 მლნ. სინათლის წელია. ეს კონფიგურაცია მიუთითებს გარემომცველი სივრცის ძლიერ გავლენას პლაზმის გავრცელებაზე და მიუთითებს, გალაქტიკასა და მის გარშემო არსებულ მატერიას შორის რთულ ურთიერთქმედებაზე.
ანალიზით დგინდება, რომ ეს გალაქტიკა სამყაროს დინამიკურად ძალიან რთულ რეგიონში მდებარეობს, სადაც რამდენიმე მასიური გალაქტიკური ჰალო (გალაქტიკის შემომფარგლავი იონიზებული გაზის უზარმაზარი შარავანდედი) და გროვა ერთმანეთთან ახლოსაა კონცენტრირებული. მკვლევრების აზრით, ეს სტრუქტურა შესაძლოა გაზის მძლავრი ნაკადების, ნივთიერების გადაადგილებისა და იმ დარტყმითი ტალღების შედეგი იყოს, რომლებიც გალაქტიკის უფრო მკვრივ კოსმოსურ გარემოში ვარდნისას წარმოიქმნება. თეორიული მოდელები და კომპიუტერული სიმულაციები ასეთი ტალღების არსებობას დიდი ხანია წინასწარმეტყველებდა, თუმცა მათი პირდაპირი დამზერა დღემდე უიშვიათეს მოვლენად რჩებოდა. პოლონეთის ბირთვული კვლევების ეროვნული ცენტრის მეცნიერმა, პრატიკ დაბჰადემ აღნიშნა, რომ LOFAR-ის უპრეცედენტო მგრძნობელობამ მათ საშუალება მისცა ეს უაღრესად სუსტი სტრუქტურები დეტალურად დაენახათ. ასტრონომები დარწმუნებულნი არიან, რომ მომავალში, განსაკუთრებით კი გლობალური პროექტის – SKA (კვადრატულკილომეტრიანი მასისი) რადიოტელესკოპის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მსგავსი ობიექტების მთელ სერიას აღმოაჩენენ. კვლევის თანაავტორის, შუბჰრანგშუ გჰოშის თქმით, RAD-BAARG არის პრაქტიკულად სახელმძღვანელო, კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ ურთიერთქმედებს მოძრავი რადიოგალაქტიკა გროვის გარემოცვასთან.

საინტერესოა ისიც, რომ ეს უცნაური გალაქტიკა პროფესიონალ ასტრონომებს არ აღმოუჩენიათ — ის პირველად სამოქალაქო სამეცნიერო პროექტის (Citizen Science) მონაწილემ, პრანიმ ლიმბომ შეამჩნია LOFAR-ის არქივის ანალიზისას. ლიმბო ჰიმალაის შორეულ მთიან რეგიონში ცხოვრობს და არანაირი კავშირი არ აქვს დიდ სამეცნიერო ინსტიტუტებთან, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ რაოდენ დიდი როლის შესრულება შეუძლიათ მოყვარულ ენთუზიასტებს თანამედროვე ასტროფიზიკაში. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მომავალში ასეთი ობიექტების პოვნაში მათ ხელოვნური ინტელექტიც დაეხმარება, მსგავსი სისტემების შესწავლა კი უკეთ დაგვანახებს, თუ როგორ ურთიერთქმედებენ რადიოგალაქტიკები გარემოსთან და რა როლს თამაშობს ეს პროცესები სამყაროს მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურების ევოლუციაში (სხვა რადიოგალაქტიკები).