განახლდა: 13/05/2026
პენტაგონმა, ამოუცნობი ანომალიური მოვლენების (unidentified anomalous phenomena), ანუ UAP-ის შესახებ დოკუმენტების პირველი მსხვილი ნაკრები გამოაქვეყნა.ახლა ოფიციალურად ასე უწოდებენ აშშ-ში იმ დაკვირვებებს, რომლებსაც ადრე ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს (ამო) მიაკუთვნებდნენ. ღია წვდომაში განთავსდა დაახლოებით 160 დოკუმენტი: ვიდეოები, ფოტოები, ანგარიშები, ძველი დოკუმენტების სკანირებული ასლები, თვითმხილველთა ჩვენებები და სხვადასხვა უწყების მასალები რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში.
დოკუმენტები ახალ სამთავრობო გვერდზე განთავსდა. კრებულში არის სამხედროებისა და ფედერალური მოსამსახურეების ახალი დაკვირვებები, ასევე საარქივო მასალები, რომლებიც 1940-იანი წლების ამო-ს შესწავლის პროგრამებსა და “აპოლოს” მისიებს უკავშირდება. ფაილების ნაწილი ადრეც ხვდებოდა საჯარო სივრცეში, მაგრამ ახალი ვერსიები ზოგან მეტ გვერდს შეიცავს და ნაკლები დაფარული ფრაგმენტები აქვს. პენტაგონმა ასევე განაცხადა, რომ მასალების ახალ პარტიებს გასაიდუმლოების მოხსნის პარალელურად გამოაქვეყნებს.
დოკუმენტებში არის 2023 წლის შეტყობინება აშშ-ის დასავლეთში მომუშავე ფედერალური თანამშრომლებისგან ობიექტების შესახებ, რომლებიც აღწერეს როგორც სფეროები, რომლებიც სხვა სფეროებს უშვებდნენ. 2024 წლის მასალებში ნახსენებია ამერიკელი სამხედროების დაკვირვება სირიაში: თეთრი მანათობელი ბურთი. ვიზუალურ ფაილებს შორის არის ამების მსგავსი ობიექტი, რომელიც გადაღებულია აშშ-ის ინდოე-წყნარი ოკეანეების სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში. მკვეთრი მრგვალი ფორმა ცენტრალური სარდლობის მასალებიდან და ნათებები “აპოლო 17”-ის ეკიპაჟის მიერ მთვარის ზედაპირიდან გადაღებულ სურათებზე.
საარქივო ნაწილი არანაკლებ საინტერესოა. კრებულში გვხვდება 1940-იანი წლების ბოლოს შესრულებული ხელნაწერი და მანქანაზე ნაბეჭდი შეტყობინებები, ადრეული ანგარიშები მფრინავი დისკოების შესახებ, FBI-ის, NASA-ს, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თავდაცვის სამინისტროს მასალები. ცალკეულ ინტერესს იწვევს მთვარის მისიების დროს დაფიქსირებული დაკვირვებები, მათ შორის, სინათლის გაელვება მთვარის ზედაპირზე “აპოლო 17”-ის მასალებში.
ყველაზე მნიშვნელოვანი დათქმა უცვლელი რჩება: არცერთი გამოქვეყნებული ფაილი არ ადასტურებს არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენას. დოკუმენტებში აღწერილია ამოუცნობი ფენომენები — ისეთი შემთხვევები, რომლებზეც მთავრობას არ აქვს საბოლოო პასუხი ან არ გააჩნია საკმარისი მონაცემები დამაჯერებელი დასკვნის გამოსატანად. ანგარიშში ნახსენები „ამოუცნობი ობიექტი“ სულაც არ ნიშნავს უცხოპლანეტელთა ხომალდს. ეს სტატუსი ხშირად ენიჭება ბუნდოვან კადრებს, იშვიათ ატმოსფერულ მოვლენებს, არასრული ტრაექტორიის მქონე ობიექტებს ან დაკვირვებებს, რომელთა სრული რეკონსტრუქცია შეუძლებელია.
მასალების გამოქვეყნება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის იმ ინიციატივას უკავშირდება, რომელიც UAP-ის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას ეხება. პროცესში კოორდინირებულად მონაწილეობდნენ პენტაგონი, თეთრი სახლი, ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისი, NASA, FBI, ენერგეტიკის დეპარტამენტი და სხვა უწყებები. ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ უწყებებმა მასალები ეტაპობრივად უნდა მოიძიონ, გადაამოწმონ, გაასაჯაროონ და განათავსონ, რადგან საქმე ეხება ათობით მილიონ ჩანაწერს, რომელთა დიდი ნაწილი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს.
ამ თემისადმი ინტერესი შეერთებულ შტატებში დიდი ხანია გასცდა სამოყვარულო უფოლოგიის ფარგლებს. YouGov-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელების 60%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ მთავრობა UAP-ების შესახებ ინფორმაციის ნაწილს მალავს. Gallup-ის მონაცემებით კი, გამოკითხულთა 40% უშვებს, რომ ასეთ მოვლენებს არამიწიერი წარმოშობა აქვს. კონგრესმა უკვე გამართა მოსმენები „უცხო ტექნოლოგიების“ შესწავლის შესაძლო საიდუმლო პროგრამებთან დაკავშირებით, თუმცა ამგვარი მტკიცებულებების საჯარო დასტური კვლავ არ არსებობს.
მეცნიერები ახალ პუბლიკაციას სიფრთხილით ეკიდებიან. როჩესტერის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი, ადამ ფრანკი, რომელიც არამიწიერი სიცოცხლის ძიების საკითხებზე მუშაობს, მიიჩნევს, რომ საზოგადოებას სჭირდება არა მორიგი ბუნდოვანი სურათები და დაშტრიხული დოკუმენტები, არამედ სრულფასოვანი სამეცნიერო კვლევის შედეგები. მისი თქმით, თუკი ამ დაკვირვებების გარშემო თამამი განცხადებები კეთდება, აუცილებელია ისეთი მონაცემების არსებობა, რომელთა ანალიზი, რეპროდუცირება და ცნობილ ფიზიკურ კანონებთან შედარება იქნება შესაძლებელი.
სკეპტიციზმი ასტრონავტებს შორისაც აშკარაა. ჟურნალისტებთან საუბრისას “არტემის II“-ის მონაწილეებმა ეჭვქვეშ დააყენეს იდეა იმის შესახებ, რომ არამიწიერი სიცოცხლის გარშემო რაიმე დიდი სახელმწიფო საიდუმლო არსებობს. მათი არგუმენტი პრაგმატულია: უცხოპლანეტელების რეალური აღმოჩენა მკვეთრად გააძლიერებდა NASA-ს პოზიციებს და ბევრ საბიუჯეტო დავას გადაჭრიდა. ბარაკ ობამამაც ირონიულად აღნიშნა, რომ რეალური კონტაქტის შემთხვევაში, დაცვის სამსახურის რომელიმე თანამშრომელი დიდი ხნის წინ გაუგზავნიდა მეგობრებს უცხოპლანეტელთან ერთად გადაღებულ „სელფს“.
ახალი პუბლიკაცია არ ასრულებს დავას UAP-ის შესახებ, თუმცა მნიშვნელოვნად ცვლის მასალებზე წვდომას. ადრე, დოკუმენტების დიდი ნაწილი მხოლოდ არქივებში, ცალკეულ გაჟონვებსა თუ გადმოცემებში არსებობდა. ახლა, მთავრობამ მასალების ერთ პლატფორმაზე შეგროვება დაიწყო და ახალი პარტიების გამოქვეყნებასაც გვპირდება. მკვლევარებისთვის კი ღირებული მხოლოდ ის ინფორმაცია იქნება, რომელსაც თან ახლავს ზუსტი მონაცემები: დრო, ადგილი, გადაღების პარამეტრები, ტრაექტორიები და “სენსორების” ჩვენებები, რაც დამოუკიდებელი გადამოწმების საშუალებას იძლევა (კიდევ ანომალიური მოვლენების შესახებ).