თუ ღამის ცა ნამდვილად ბნელია, ჰორიზონტიდან ჰორიზონტამდე გადაჭიმული ირმის ნახტომის ნათელ ზოლს დაინახავთ. თუ დიდ ქალაქში ან მის მახლობლად ცხოვრობთ, შეიძლება ეს არც იცოდეთ, რადგან დედამიწის ატმოსფეროდან არეკლილი ქალაქის შუქები მხოლოდ მთვარისა და რამდენიმე ვარსკვლავის დანახვის საშუალებას გვაძლევს. 16 მაისს, იუნესკოს მიერ დაწესებული სინათლის საერთაშორისო დღეა. საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი ხალხს მოუწოდებს – „ჩართონ ღამე“, რათა უკეთ გაიგონ და შეამცირონ სინათლით დაბინძურება მომავალში. დღის ეს ასტროფოტო გვიჩვენებს, თუ რა მოხდა ჩინეთში, როდესაც კაიჰუას ოლქის მაცხოვრებლებმა თითქმის მთელი განათების გამორთვა გადაწყვიტეს. პირველ ფოტოზე მხოლოდ სირიუსი (ცენტრიდან მარცხნივ) და ბეთელგეიზე ჩანს, მეროეზე კი ათასობით ვარსკვლავი და ირმის ნახტომის რკალი. ათასწლეულების განმავლობაში კაცობრიობა ღამის ბნელი ცის ქვეშ ცხოვრობდა და მისი ისევ დანახვა უმნიშვნელოვანესია ჩვენს გარშემო არსებული ბუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის აღსაქმელად.