განახლდა: 13/05/2026
2026 წლის მაისის მონაცემებით, “სტარშიპ 3” (Starship V3 (Block 3)) წარმოადგენს კოსმოსური ხომალდის უახლეს და ფრენისთვის მზადმყოფ მოდიფიკაციას, რომელიც წინამორბედ ვერსიებთან შედარებით მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ნახტომს აკეთებს (პირველ ფოტოზე მოცემულია სისტემის ზრდადი მონაცემები). ხომალდის მთავარი გაუმჯობესებები, პირველ რიგში, “რაპტორ 3” (Raptor 3) ძრავების სისტემას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ძრავის ეს ვერსია, ილონ მასკის განმარტებით, აღარ საჭიროებს დამატებით თბოიზოლაციას, გამოირჩევა გაცილებით მაღალი გაწევითა და ეფექტურობით, რაც გადამწყვეტია გაზრდილი მასის ორბიტაზე გასატანად.

დიზაინის კუთხით, “სტარშიპ 3” წინამორბედებზე მაღალია და დაახლოებით 124–125 მეტრს აღწევს, რაც საწვავის რეზერვუარებისა და ტვირთამწეობის გაზრდის საშუალებას იძლევა. მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხო თბოფარსაც, სადაც წებოვანი მასალის ნაცვლად გამოყენებულია ლითონის სამაგრებით დაფიქსირებული მტკიცე ფილები, რაც ამარტივებს მომსახურებას და ზრდის გამძლეობას. გარდა ამისა, ხომალდში ინტეგრირებულია „ცხელი განცალკევების“ ახალი რგოლი და ავზებს შორის არსებული საერთო ბრტყელი გუმბათი, რაც წონისა და მოცულობის ოპტიმიზაციას უზრუნველყოფს.

მრავალჯერადი გამოყენების ეფექტურობის გასაზრდელად, უკანა “ფრთები” აღიჭურვა სპეციალური გამამაგრებელი ფილებით, რათა მათ გაუძლონ ატმოსფეროში შემოსვლისას წარმოქმნილ ექსტრემალურ ტემპერატურას. პარალელურად, დაიხვეწა დაჭერის სისტემაც, რომელიც გამშვები კოშკის მეშვეობით როგორც ამჩქარებლის, ისე თავად ხომალდის უსაფრთხო დაბრუნებას უზრუნველყოფს.

ინფრასტრუქტურული ცვლილებები “სტარბეისზე” (Starbase) მოიცავს მეორე გამშვებ კოშკს, რომელიც აღჭურვილია განახლებული ცეცხლგამძლე სისტემითა და სპეციალური სადრენაჟო არხებით პლატფორმის დაზიანების შესამცირებლად. ამასთანავე, გაიზარდა საწვავის მოცულობა და ტუმბოების სიმძლავრე, რაც ხომალდის გამართვას საგრძნობლად აჩქარებს. აღნიშნული გაუმჯობესებების მიზანია, 100 ტონაზე მეტი ტვირთის გატანა დაბალ დედამიწისპირა ორბიტაზე სრული მრავალჯერადი გამოყენების პირობებში, რაც თითქმის სამჯერ აღემატება ადრეულ ვერსიათა შესაძლებლობებს (ილონ მასკი და ეკოლოგია…; კიდევ “სფეის იქსის” შესაახებ).