ასტრონომებმა აღმოაჩინეს უძველესი, მასიური გალაქტიკა, რომელიც არ ბრუნავს

განახლდა: 13/05/2026

 სამყაროში, სადაც ყველაფერი – უმცირესი ატომიდან უზარმაზარ ვარსკვლავურ სისტემებამდე – გამუდმებულ ბრუნვაშია, უძრაობა თითქმის შეუძლებელ ფენომენად ითვლება. თუ გადავხედავთ კოსმოსურ ობიექტებს, ვნახავთ, რომ ბრუნვა მათი არსებობის ფუნდამენტური ნაწილია: პლანეტების ბრუნვა ღერძის გარშემო, ვარსკვლავები თავიანთ სისტემებში, ხოლო შავი ხვრელები სივრცე-დროის ქსოვილსაც კი თან იყოლიებენ ამ მოძრაობაში.

 თუმცა, ასტროფიზიკოსები ხშირად სვამენ კითხვას: არსებობს თუ არა კოსმოსში ობიექტები, რომლებიც არ ბრუნავს?

 თეორიულად, ასეთებად შეიძლება მივიჩნიოთ „შვარცშილდის შავი ხვრელები“, დიფუზური ნისლეულები ან ჰიპოთეტური კოსმოსური სიმები. მაგრამ რეალურ, დაკვირვებად სამყაროში „ნულოვანი ბრუნვა“ უკიდურესად იშვიათია. სწორედ ამიტომ, ჯეიმს ვების სახელობის კოსმოსური ტელესკოპის (JWST) ბოლო აღმოჩენამ სამეცნიერო სამყარო საგონებელში ჩააგდო.

 XMM-VID1-2075: „გაჩერებული“ გიგანტი

 ასტრონომებმა აღმოაჩინეს ობიექტი, რომელმაც გალაქტიკების ევოლუციაზე ჩვენი წარმოდგენა შეცვალა. ეს არის XMM-VID1-2075– მასიური გალაქტიკა, რომელსაც ისეთს ვხედავთ, როგორიც ის დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 2 მილიარდი წლის შემდეგ იყო. მისი მთავარი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ის პრაქტიკულად არ ბრუნავს.

 რატომ არის ეს შოკისმომგვრელი?

 ადრეულ სამყაროში გალაქტიკები, როგორც წესი, „ენერგიული“ და ქაოსურია. ისინი სწრაფად იწოვენ გარემოდან გაზს, რაც მათ მაღალ კუთხურ მომენტს (ბრუნვის სიჩქარეს) ანიჭებს. სპირალური გალაქტიკების მსგავსი მოწესრიგებული ბრუნვა, ადრეული ეპოქის დამახასიათებელი ნიშანია.

როგორ „გაჩერდა“ გალაქტიკა?

 მეცნიერთა ძაზრით, XMM-VID1-2075 კოსმოსური ავარიის მსხვერპლია. სავარაუდოდ, ორი მასიური გალაქტიკა ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით შეეჯახა. მათმა ბრუნვის ენერგიებმა ერთმანეთი გაანეიტრალა, მსგავსად ორი ტოლფასი ძალისა, რომლებიც საპირისპირო მხარეს ექაჩებიან საგანს. შედეგად მივიღეთ სტატიკური, სფეროიდული გიგანტი, სადაც მოძრაობა მხოლოდ შიდა ქაოსით შემოიფარგლება.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

 ეს აღმოჩენა ამტკიცებს, რომ სამყაროს შეუძლია შექმნას „დაბერებული“ და სტატიკური სტრუქტურები ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე აქამდე გვეგონა. XMM-VID1-2075 არის ცოცხალი მაგალითი იმისა, რომ კოსმოსურ იერარქიაში უძრაობა არა მხოლოდ თეორიული შესაძლებლობა, არამედ დრამატული კოსმოსური მოვლენების შედეგია.

 ამ გალაქტიკაზე დაკვირვება გვეხმარება გავიგოთ, როგორ კარგავენ ვარსკვლავური სისტემები თავიანთ „დინამიკას“ და როგორ იქცევა ახალგაზრდა, მბრუნავი სამყარო სულ უფრო სტატიკურ და მშვიდ სივრცედ (გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები; სამყაროს ადრეული სიმწიფის პრობლემა…).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.