უკან, დედამიწისკენ მომავალ გზაზე დამდგარ იაპონურ ზონდს – “ჰაიაბუსა 2”, წელიწადზე ცოტა მეტი დრო დასჭირდა, რათა ასტეროიდ რიუგუდან აღებული სინჯები ჩვენი პლანეტის ზედაპირზე ჩამოეგდო. კაფსულამ ცეცხლოვანი ზოლი ავსტრალიის თავზე გაავლო და პარაშუტის საშუალებით, სამხედრო პოლიგონ “ვუმერა თესთ რეინჯზე” დაეშვა. 2 საათის მერე, იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (JAXA) ვერტმფრენმა, ეს კოსმოსური ამანათი რადიოსიგნალით იპოვა, რომელსაც კაფსულაზე არსებული რადიო შუქურა ასხივებდა.

შეგახსენებთ, რომ მისია “ჰაიაბუსა 2”-ის კოსმოსური აპარატი, რომელიც 278 მილიონი დოლარი დაჯდა, 2014 წლის 3 დეკემბერს გაუშვეს კოსმოსში, რაკეტა მატარებლით H-IIA 202, ტეგენასიმას კოსმოდრომიდან. იონური ძრავებით აღჭურვილი აპარატი ასტეროიდ რიუგუსთან 3,5 წელიწადში მივიდა, რომლის ზედაპირზე ორი მინიატურული საკვლევი ზონდი და სხვა ინსტრუმენტები ჩაუშვა (მოხტუნავე რობოტები ასტეროიდ რიუგუზე). ასტეროიდთან კონტაქტში თვითონ ზონდიც შევიდა, სპეციალური მანიპულატორით ქანების 2 სინჯი აიღო და დედამიწაზე გამოსაგზავნ კაფუსლაში მოათავსა.

აღსანიშნავია, რომ ეს, ასტეროიდიდან სინჯების აღების მეორე წარმატებული მცდელობაა – 2010 წელს, წინამორბედმა აპარატმა “ჰაიაბუსა”, იაპონელ მეცნიერებს ასტეროიდ იტოკავადან აღებული ნიმუშები გამოუგზავნა.
მოწოდებულ ნიმუშებს დიდი მეცნიერული მნიშვნელობა აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ დიდი ასტეროიდები, მაგალითად რიუგუ, რომლის დიამეტრი ერთი კილომეტრია, გარე ზემოქმედებით მილიარდობით წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ იცვლება, მისი შემადგენელი კი პრაქტიკულდ იგივეა, როგორიც მზის სისტემის შორეულ წარსულში ჩამოყალიბებულ ყველა ობიექტს აქვს. მიღებული ნიმუშების ანალიზი, მეცნიერებს საშუალებას მისცემს ჩვენი სისტემის ჩამოყალიბების დროინდელ მოვლენებსა და პროცესებს გაეცნონ.

კაფსულის გამოგზავნის მერე, თვითონ “ჰაიაბუსა 2” მზის სტაბილურ ორბიტაზე გავიდა. მისია დასრულდა, თუმცა აპარატი ისევ ფუნქციონირებს და ავზებში იმდენი ქსენონია დარჩენილი, რამდენიც მეორად მისიებში მონაწილეობისთვის სრულიად საკმარისია – 2026 წელს, ასტეორიდ (98943) 2001 CC21-თან და 2031-ში, ასტეროიდ 1998 KY26-თან მიახლოება (კიდევ “ჰაიაბუსას” შესახებ).
მისიის მიმდინარეობის ანიმაცია.
იაპონელმა მკვლევრებმა, რიუგუდან მიღებული ქანების ნიმუშებში დნმ-ისა და რნმ-ის შემადგენელი ხუთივე ძირითადი ნუკლეინის ფუძეები აღმოაჩინეს. ეს ბიომოლეკულები – ადენინი, გუანინი, ციტოზინი, თიმინი და ურაცილი, დედამიწაზე არსებული ყველა ცოცხალი ორგანიზმის გენეტიკური მასალის ფუნდამენტური საშენი აგურებია. ანალიზის შედეგები, რომლებიც 16 მარტს, ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა, არა მხოლოდ ადასტურებს ამ ნაერთების არსებობას არამიწიერ ნივთიერებებში, არამედ გვიჩვენებს უნიკალურ შემადგენლობით მახასიათებლებს სხვა მეტეორიტებთან შედარებით.

მიღებული მონაცემების შედარებამ, მურჩისონისა და ორგეის მეტეორიტების, ასევე ასტეროიდ ბენუს ნიმუშებთან, მნიშვნელოვანი განსხვავებები გამოავლინა. რიუგუს ნიმუშებში პურინის (ადენინი და გუანინი), პირიმიდინის (ციტოზინი, თიმინი და ურაცილი) ფუძეების თანაფარდობა დაახლოებით თანაბარი იყო. შედარებისთვის, მურჩისონის მეტეორიტში პურინები ჭარბობდა, ხოლო ბენუსა და ორგეის ნიმუშებში – პირიმიდინები. მკვლევარების აზრით, ეს შეუსაბამობები მიუთითებს უნიკალურ ქიმიურ და ევოლუციურ გზებზე, რომლებიც მათ მშობელ სხეულებს მზის სისტემაში სხვადასხვა ფიზიკურ-ქიმიური პირობების გავლენის ქვეშ ჰქონდათ გავლილი. განაწილების ამ განსხვავებების მიუხედავად, რიუგუს ნინუშებში ხუთივე ძირითადი ფუძეების არსებობა მნიშვნელოვანი დასტურია იმისა, რომ ასეთი ორგანული ნაერთები კოსმოსში ფართოდ არის გავრცელებული. მეცნიერების თქმით, ეს აძლიერებს თეორიას, რომ ნახშირბადის შემცველმა ასტეროიდებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს პრეისტორიულ დედამიწაზე ორგანული ნივთიერებების „რეზერვების“ შევსებაში, რითაც სიცოცხლის გაჩენისთვის საჭირო წინაპირობები შექმნეს (nature.com).