განახლდა: 24/04/2017
ჰოლოგრაფიული პრინციპის შესაბამისად, თუ ნორმალური ზომის მონიტორის მქონე კომპიუტერი გაქვთ, ამ გამოსახულებიდან 3×1065 ბიტი ინფორმაციის ამოღებას შეძლებთ. დღემდე დაუმტკიცებელი ჰოლოგრაფიული პრინციპი გვეუბნება, რომ არსებობს ინფორმაციის მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც ამა თუ იმ ზედაპირის მიმდებარე არემ შეიძლება დაიტიოს. ინტუიციური წარმოდგენის მიუხედავად, ოთახში არსებული ინფორმაციის რაოდენობა არა მის მოცულობაზეა დამოკიდებული, არამედ ოთახის შემომფარგლავი კედლების ფართობზე. ეს პრინციპი, პლანკის სიგრძეს ეფუძნება – ნებისმიერი ზედაპირი შეიძლება წარმოვიდგინოთ პლანკის ფართობის მქონე უმცირეს უჯრედებად, სადაც თითოეული უჯრედი ინფორმაციის 1 ბიტს ინახავს. ამ მანძილზე კვანტური მექანიკის პრინციპები კლასიკურ გრავიტაციაზე დომინირებენ. ინფორმაციული ზღვრის არსებობის პოსტულირება 1993 წელს ფიზიკოსმა ჟერარ ჰოფთმა მოახდინა. მისი მიღება შემდეგი მტკიცებულების განზოგადებითაც შეიძლება, რომელიც ერთი შეხედვით სრულიად სხვა სფეროს ეკუთვნის: შავ ხვრელში არსებული ინფორმაცია არა მისი მოცულობით განისაზღვრება, არამედ მოვლენათა ჰორიზონტის ფართობით (შავი ხვრელი: მეხსიერების მოწყობილობა). ტერმინი „ჰოლოგრაფიული“, ჰოლოგრამის ანალოგიიდან მოდის, როცა სამგანზომილებიანი გამოსახულება, ბრტყელ ფირში სინათლის გატარებით მიიღება. როგორც არ უნდა იყოს, ვინც ამ გამოსახულებას დააკვირდება იტყვის, რომ არა 3×1065 ბიტ ინფორმაციას ხედავს, არამედ, უბრალოდ, პატარა ჩაიდანს (ისევ ჰოლოგრამული სამყარო…; ვირტუალური სამყარო – ახალი რელიგია?).