“ჯეიმს ვებმა” გრავიტაციული ლინზირება უძლიერეს ასტრონომიულ ინსტრუმენტად აქცია

განახლდა: 17/05/2026

 კოსმოსური ტელესკოპის, „ჯეიმს ვების“ ორბიტაზე გაშვების დღიდან, ასტრონომია სრულიად ახალ ეპოქაში შევიდა. ვების უნიკალური შესაძლებლობებისა და ბუნების ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ფენომენის — გრავიტაციული ლინზირების — სინთეზმა მეცნიერებს მისცა საშუალება, სამყარო უპრეცედენტო დეტალიზაციით შეისწავლონ და დაინახონ ისეთი ობიექტები, რომლებიც აქამდე ყველაზე ძლიერი ობსერვატორიებისთვისაც კი მიუწვდომელი რჩებოდა (arxiv.org).

 გრავიტაციული ლინზირება, რომელიც აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიით იყო წინასწარმეტყველებული, ვლინდება მაშინ, როდესაც სამყაროს სიღრმეში შორეული ობიექტიდან წამოსული სინათლე გზად ძალიან მასიურ სხეულს, მაგალითად, გალაქტიკათა გროვას ჩაუვლის. ეს მასიური ობიექტი თავისი მიზიდულობით ამრუდებს სივრცე-დროს და გიგანტური კოსმოსური გამადიდებელი შუშასავით იწყებს მოქმედებას. ეს მოვლენა არა მხოლოდ მრავალჯერ აძლიერებს შორეული ფონური წყაროების სიკაშკაშეს, არამედ, ხშირად რამდენიმე ასლადაც კი ყოფს მათ, რაც ასტრონომებს საშუალებას აძლევს, სამყაროს ყველაზე ადრეულ ეპოქებში ჩაიხედონ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფენომენის შესწავლას საფუძველი ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში, ჰაბლის სახელობის ტელესკოპის დახმარებით ჩაეყარა, სწორედ „ჯეიმს ვებმა“ თავისი 6,5 მეტრიანი სარკითა და ინფრაწითელ დიაპაზონში მუშაობის უნარით თვისებრივი ნახტომი მოახდინა.

“ჰაბლი” (2,4 მ. სარკით) და “ჯეიმს ვები” (6,5 მ. სეგმენტებიანი სარკით).

 ვების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ყველაზე შორეული, სამყაროს გაჩენიდან სულ რაღაც რამდენიმე ასეული მილიონი წლის წინანდელი გალაქტიკების აღმოჩენაა. თუ „ჰაბლის“ მაქსიმუმი წითელი წანაცვლების 11-12 ფარგლებში იყო, ვებმა უკვე სპექტროსკოპიულად დაადასტურა გალაქტიკების არსებობა წითელი წანაცვლების 14-14,5 ნიშნულამდე, ხოლო ზოგიერთი კანდიდატი კიდევ უფრო დიდ მანძილზე შეიძლება იყოს. გრავიტაციულ გადიდებასთან ერთად, რომელიც დამატებით აძლიერებს ამ მკრთალი ობიექტების სინათლეს, ტელესკოპი მეცნიერებს საშუალებას აძლევს შეისწავლონ ადრეული გალაქტიკების ულტრაიისფერი სიკაშკაშის ყველაზე სუსტი, უკიდურესი ზღვარი (რომელიც სამყაროს გაფართოების გამო ახლა ინფრაწითელ დიაპაზონშია გადმოწეული). ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, სწორედ ჯუჯა გალაქტიკები იყვნენ თუ არა სამყაროს რეიონიზაციის მთავარი წყარო.

 განსაკუთრებით შთამბეჭდავია “ჯეიმს ვების“ წარმატება წერტილოვანი ობიექტების დაკვირვებაში. მაღალი გარჩევადობისა და გრავიტაციული ლინზების წყალობით, ტელესკოპმა პირველად შეძლო კოსმოლოგიურ მანძილებზე მდებარე ცალკეული ვარსკვლავების სპექტრების მიღება. ერთ-ერთი ასეთი ვარსკვლავი, წითელი წანაცვლებით – 4,8, არა მხოლოდ გადაიღეს, არამედ მისი სპექტრი NIRSpec ინსტრუმენტით გააანალიზეს. ამ ანალიზით გაირკვა, რომ ვარსკვლავის ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით 15 000 კელვინია, თუმცა მეცნიერები ჯერჯერობით ბოლომდე არ გამორიცხავენ, რომ ეს შეიძლება იყოს მჭიდრო ორმაგი სისტემა ან მცირე ვარსკვლავთგროვა. გარდა ამისა, გალაქტიკათა გროვა ეიბელ 370-ში არსებულ პირველ გრავიტაციულ რკალზე, რომელსაც „დრაკონი“ შეარქვეს, სულ რაღაც ორ თანმიმდევრულ დაკვირვებაში მეცნიერებმა ვარსკვლავების წამიერი აკაშკაშების ორმოცზე მეტი მომენტი დააფიქსირეს.

 უამრავი გალაქტიკა, რომელთა გამოსახულება გრავიტაციული ლინზირებით არის დეფორმირებული (გრავიტაციული ლინზირება).

 “ჯეიმს ვებმა“ ასევე კარდინალურად შეცვალა სიტუაცია ლინზირებული ზეახალი ვარსკვლავების ძიების კუთხით. თუ „ჰაბლის“ მუშაობის ათწლეულების განმავლობაში ასეთი მხოლოდ ერთეული შემთხვევები იყო ნაპოვნი, ვებმა მუშაობის პირველ სამ წელიწადში გაცილებით მეტი აღმოაჩინა. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ზეახალი ვარსკვლავი Eos, წითელი წანაცვლებით – 5,13, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე შორეული პირდაპირ დაფიქსირებული ზეახალია. მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი აღმოაჩინეს არა გამოსახულებების სტანდარტული შედარების მეთოდით, არამედ ლინზირების მოდელის ზუსტი მათემატიკური წინასწარმეტყველებით: გროვა MACS J1931.8-2635-ის ფოტოზე, მოციმციმე ორი წითელი წერტილი, სინამდვილეში ერთი და იმავე აფეთქების სხვადასხვა გამოსახულება აღმოჩნდა. ვების სპექტროსკოპიამ დაადასტურა, რომ ეს არის II ტიპის ზეახალი ვარსკვლავი, რომელიც მძიმე ელემენტებისგან თითქმის დაცლილ გარემოში აფეთქდა.

 ე.წ. პატარა წითელი წერტილები (James Webb/NASA).

 ცალკე აღნიშვნის ღირსია სრულიად ახალი კოსმოსური პოპულაციის აღმოჩენა, რომელსაც ასტრონომებმა „პატარა წითელი წერტილები“ შეარქვეს. მათ კლასიკურ ნიმუშად იქცა ობიექტი ეიბელ 2744-QSO1, წითელი წანაცვლებით – 7,6, რომელიც კომპაქტური წყაროს სამმაგ გამოსახულებას წარმოადგენს. მიუხედავად ძლიერი გრავიტაციული გადიდებისა, ობიექტი სამივე კადრში მკაცრად წერტილოვანი დარჩა, რაც მის უკიდურესად მცირე ფიზიკურ ზომაზე — 30 პარსეკზე ნაკლები — მიუთითებდა. სპექტრის ანალიზმა გვიჩვენა ბალმერის სერიის ფართო ემისიური ხაზები, რაც დამახასიათებელია გალაქტიკის აქტიური ბირთვისთვის. ამან მეცნიერებს ობიექტის იდენტიფიცირების საშუალება მისცა – ზემასიური შავი ხვრელი, რომელსაც თავის მასპინძელ გალაქტიკასთან შედარებით არანორმალურად დიდი მასა აქვს. აღმოჩნდა, რომ ასეთი „პატარა წითელი წერტილები“ სამყაროს ევოლუციის ადრეულ ეტაპზე საოცრად ფართოდ იყო გავრცელებული (“ჯეიმს ვები”: პატარა წითელი წერტილების (LRDs) პრობლემა).

“ჯეიმს ვების” სარკის ერთი სეგმენტი.

 ჯამში, „ჯეიმს ვებმა“ მეცნიერებს საშუალება მისცა, შეისწავლონ ზემასიური შავი ხვრელების გავლენის სფეროები ადრეულ სამყაროში, დააკვირდნენ სპირალური გალაქტიკების სტრუქტურას კოსმოსურ “შუადღეზე” და დაინახონ სულ რაღაც 1 პარსეკის ზომის ვარსკვლავთგროვები 10-11-ზე მეტ წითელ წანაცვლებაზე. ტელესკოპი ასევე იდეალურია სუსტი ლინზირების გამოსაკვლევად, რადგან მას უზარმაზარი რაოდენობის ფონური წყაროების ფორმის ცვლილების გაზომვა შეუძლია. ბუნებრივ გრავიტაციულ ლინზებთან ერთად, ვებმა სრულიად ახალი ჰორიზონტები გახსნა ბნელი მატერიის, ზემასიური შავი ხვრელების, ცალკეული ვარსკვლავებისა და პირველი გალაქტიკების შესასწავლად. დაკვირვებათა სულ რაღაც რამდენიმე ციკლში მან იმდენი გალაქტიკათა გროვა შეისწავლა, რამდენიც ლეგენდარულმა „ჰაბლმა“ თავისი მოღვაწეობის მთელი სამი ათწლეულის განმავლობაში მოახერხა (კიდევ “ჯეიმს ვების” შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.